ჩვეულებრივ, როდესაც ინტერიერზე ვსაუბრობთ, მის ესთეტიკურ მხარეს განვიხილავთ – როგორ გამოიყურება ეს ოთახი, რა სტილისიაა, ფერთა შეხამება როგორია და ა.შ. თუმცა დღეს მას სხვა კუთხით შევხედავთ, რომლიდანაც ხშირად არ უყურებენ დიზაინს – რა გავლენას ახდენს თქვენი სახლის ინტერიერი თქვენს ქვეცნობიერზე?

გჯერათ თუ არა, სახლის დიზაინი ემოციებსა და აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს. შესაძლოა თქვენი სამზარეულოს კედლების ფერი ისედაც თავზე გადასულ სტრესზე კიდევ წყალს გისხამთ, ან იქნებ თქვენს მისაღებ ოთახში მდგარი სავარძელი სტუმრებს არაკომფორტულ გარემოს უქმნის.

გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, რომ თქვენი ბინა არა მხოლოდ თვალისთვის, არამედ გონებისთვისაც სასიამოვნო იყოს.

ფერები და თქვენი განწყობა

საიდუმლო არავისთვის არაა ის ფაქტი, რომ ფერები სამყაროს ჩვენი აღქმის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ იცი თუ რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენზე?

სახლის ინტერიერის კონცეფციის შემუშავებისას აუცილებელია ფერები სწორად შეარჩიოთ.

ფერების თანამედროვე ფსიქოლოგია მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ჯოჰან გოეთემ თავისი წიგნი – „ფერთა თეორია“ – გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები და დიზაინერები ზოგიერთი ფერის იმპლიკაციაზი დღემდე დაობენ, ისინი საბაზისო ათ ფერზე თითქმის ერთხმად თანხმდებიან:

წითელი: ძალაუფლებასა და შემართებას განასახიერებს. ის სივრცეს სითბოსა და ინტიმურობის ჰმატებს.

ნარინჯისფერი: ენერგია და ინოვაცია. ჩვეულებრივ ამ ფერის გადამეტებულად დიდი დოზით გამოყენება არაა რეკომენდირებული. შეგიძლიათ რაიმე განსაკუთრებული ადგილისთვის ხაზის გასასმელად გამოიყენოთ.

ყვითელი: ასოციერდება კრეატიულობასა და ბედნიერებასთან. ის იდეალურად ეხამება ბუნებრივ სინათლეს და მშვიდობიან გარემოს ქმნის.

მწვანე: ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით. მწვანე ფოიესთვის იდეალური არჩევანია. ის ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს სახლსა და გარეთა სივრცეს შორის.

ლურჯი: სისუფთავისა და სიმშვიდის გრძნობებს აღვივებს. შესანიშნავია აქტიურ ქუჩაზე მდებარე ბინების სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის.

იასამნისფერი: იცოდით, რომ რომში იასამნისფერი ქსოვილი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და მაღალი კლასის ფუფუნების საგანი იყო? ამიტომ, ის ელეგანტური სასტუმრო ოთახისთვისა და საძინებლისთვის გამოიყენება.

ნაცრისფერი: იდეალურია ადგილებისთვის, სადაც კონცენტრაცია გჭირდებათ, მაგალითად ოფისისთვის, ან ნებისმიერი სამუშაო სივრცისთვის.

ყავისფერი: სიმყუდროვის შესაქმნელად ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფერი. განსაკუთრებით პოპულარულია ოჯახური შერკებებისთვის განკუთვნის სივრცეში.

შავი: ძალაუფლება, ძალაუფლება, ძალაუფლება. გამოიყენეთ იმ ადგილების ხაზგასასმელად, რომელთაც გსურთ რომ დიდი ყურადღება მიაქციონ.

თეთრი: სისუფთავის ფერი. რეკომენდირებულია, რომ ის სხვა ფერებთან ერთად გამოიყენოთ, რადგან გადამეტებული თეთრი ფერი თქვენს სახლს ერთფეროვანსა და „სტერილურს“ გახდის.

თქვენი ინტერიერი თქვენი პიროვნების ანარეკლია

როდესაც ფერებზე მუშაობას მორჩებით, დროა დეკორაციებზე და ავეჯზე იფიქროთ. სოციოლოგები ამბობენ, რომ სახლის ყოველი ელემენტი თქვენი პიროვნების პატარა სარკეა. სურათების რაოდენობა, ავეჯის და ოთახების განლაგება, ჭაღი, დეკორაციები – ყველაფერი რაც კი სახლში გაქვთ.

სოციოლოგი ჟან ბოდრილარი ამბობს, რომ სტუმარი ჩვენი სახლის ელემენტებს ოთხი კრიტერიუმით აფასებს:

ფუნქცია: გამოგადგებათ თუ არა ეს ნივთი? საკმარისად დიდია თუ არა სასადილოს მაგიდა? რამდენადაა ოჯახზე მორგებული ეს ოთახი?

ღირებულება: ღირდა თუ არა ამ ნივთში ამ ფასის გადახდა? ერთი ძვირადღირებული ტახტი გაქვთ თუ სამი ნაკლებად ღირებული?

სიმბოლური: რა ემოცური ღირებულება აქვს ამ ნივთს? კედლების დეკორაციისთვის ოჯახის სურათების კოლაჟი გამოიყენეთ თუ რაიმე ნახატი?

ნიშანი: ეს ნივთი ნაწილობრივი თუ სტატუსური სიმბოლოს მატარებელია? ბრენდულია თუ ხელნაკეთი?

ამ კრიტერიუმების მეშვეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი, რომელიც მცირე ზომის ძვირადღირებულ ხელნაკეთ ავეჯს იყენებს, თავის სოციალურ სტატუსსა და გარეგნობას დიდი ყურადღებას აქცევს. ის კი, ვისი მაცივარის კარიც ბავშვების ნახატებითა და მეგობრების მიერ ნაჩუქარი სუვენირებითაა სავსე, უფრო მეტად სენტიმენტალურ და ღია ადამიანად წარმოჩნდება.

ბოდრილარის ეს ჰიპოთეზა ქვასავით მყარი არ არის, თუმცა ექსპერიმენტებს ეფუძნება და გათვალისწინება მაინც ღირს.

სივრცის აღქმა და მეტის ილუზია

ინტერიერის დიზაინერები უკვე ათწლეულების განმავლობაში იყენებენ კონცეფციას, რომელსაც „სივრცის აღქმა“ ქვია.

თუ გსურთ, რომ თქვენი რომელიმე ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს ვიდრე არის, მცირე ზომის ავეჯი აირჩიერთ, უკანა კედელზე დიდი ზომის სარკე დაკიდეთ და სხვა კედლებზე დეკორაციების განთავსებით ოთახს სიღრმე შემატეთ.

ფენ-შუი

ფენ-შუის ხელოვნება ანტიკურ ჩინეთში იღებს სათავეს, დაახლოებით 3000 წლის წინ. მიმდევრებს სჯერათ, რომ მისი პრინციპები მათ იღბალს, წარმატებას, სიყვარულსა და პოზიტიურ ენერგიას შესძენთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მისტიკური მოლოდინები აბსურდულია, მის პრინციპებში რეალურად სასარგებლო ელემენტები მაინც გვხვდება.

ბუნებრივი ფერებისა და მატერიალების გამოყენება უმთავრესია.

სახლში შემოსასვლელი აუცილებლად ფერადი და სუფთა უნდა იყოს.

ავეჯი ისე განათავსეთ, რომ ოთახის კარი მკაფიოდ ჩანდეს.

დეკორაცია მხოლოდ ბუნებრივი ელემენტებით, მაგ: ქვები და ყვავილები.

არანაირი ზედახორა, სახლი მოწესრიგებული და სუფთა უნდა იყოს.