არქიტექტურა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ინდუსტრია. ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს მშენებლობის ტექნიკებზე, ხოლო ახალი სოციალურ-კულტურული ნორმების დამკვიდრება და ძველის გაძევება მოქმედებს შენობების სტრუქტურასა და დიზაინზე.

შედეგად ვიღებთ ხან მოჩუქურთმებულ კლასიკურ ნაგებობებს, ხანაც მოდერნისტულ შუშის ცათამბჯენებს.

იყო დრო, როცა ჩვენი ოთახები მკვეთრი ფერებითა და აურაცხელი რაოდენობის დეკორაციებით იწონებდნენ თავს, მაგრამ იყო (და არის) დრო, როცა მაქსიმალურად მინიმალური გაფორმება ჩვენი საცხოვრებლების ახალ სამკაულად იქცა.

წელსაც (ისევე როგორც ყოველ წელს აქამდე და ამის შემდეგ) თავს იჩენს არქიტექტორთა ახალი და საინტერესო გატაცებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურულ-სოციალურ-ტექნოლოგიური ცვალებადობის შედეგია.

მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ ამ ტრენდებს და თავად შევაფასოთ ისინი.

1. დაყოფილი ღია სივრცეები

არქიტექტორების ღია სივრცეებით გატაცება ახალი ნამდვილად არ არის. უზარმაზარი ერთოთახიანი ოფისები და საცხოვრებელი სახლები, სადაც მისაღები, სამზარეულო და სამუშაო სივრცე მთლიანად ექცევა ოთხ კედელს შუა. უკვე გვინახავს და ალბათ კიდევ ბევრსაც ვნახავთ, ოღონდ მცირე ცვლილებით – გამყოფები!

უამრავი ნაშრომი დაიწერა თემაზე, თუ რამდენად სასურველია ღია სივრცული დიზაინი. მართლაც ზრდის ეს პროდუქტიულობას სამსახურში, თუ პირიქით? და რამდენად კომფორტულია ასეთი დიზაინი საცხოვრებელი სახლისთვის?

რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ვინაიდან ღია სივრცული დიზაინი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული იყო, გამოსავალიც მოიძებნა.

წელს ერთ-ერთ ტრენდად ითვლება დაყოფილი ღია სივრცეები. ოთხ კედელშუა გაერთიანებული სხვადასხვა დანიშნულების მატარებელი უბნები, ახლა ტიხრებითა და ლამაზად გაფორმებული სვეტებით იქნება გამოყოფილი.

ეს სივრცის დანაწევრებულად აღქმის საშუალებას იძლევა და სიმყუდროვესაც ქმნის.

გამყოფების გარდა იგივე მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ფერის კედლები, იატაკის განსხვავებული შემაღლებები, კონსტრასტული განათებები და ინტერიერის განსხვავებული დიზაინი.

2. პატარა საცხოვრებლები

სიახლე არაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილები ამა თუ იმ ნიშნით განსხვავდებიან და სწორედ ამიტომაცაა, რომ ორი რადიკალური ტრენდი ერთმანეთის გვერდიგვერდ ყვავის.

ღია სივრცეებისგან განსხვავებით საოცრად პატარა სახლებით დაინტერესება სამ მთავარ ფაქტორს უნდა დავაბრალოთ: მჭიდროდ დასახლებული ქალაქების კიდევ უფრო შემჭიდროვებას, მცირე ბიუჯეტით სახლის აშენების სურვილს და იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც მაქსიმალურად ეკოლოგიურ ცხოვრების სტილს მისდევენ.

ამ კუთხით საინტერესოა IKEA-ს გენიალური მოწყობილობა, რომელიც ძალიან პატარა ბინაშიც კი იდეალურ კომფორტს შეგიქმნით: საწოლი, რომელიც ღილაკის ერთი დაჭერით ჩნდება და ქრება, რათა ადგილი ტანსაცმლის კარადას დაუთმოს ან ოთახი შეძლებისდაგვარად „დიდ“ მისაღებად აქციოს:

3. ეკო-მეგობრული არქიტექტურა

დედამიწა რომ საფრთხის წინაშეა, ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს და ყველა დანარჩენ ინდუსტრიასთან ერთად არქიტექტურაც მომართულია რაც შეიძლება ეკოლოგიური და „მწვანე“ სახლების მშენებლობისკენ.

გადამუშავებადი მატერიალები და ენერგიის ბუნებრივი წყაროები, მაგალითად სოლარული პანელები, უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება.

იმედია ამ ტრენდს საქართველოშიც მალე ვნახავთ!

4. მწვანე ურბანული დაგეგმარება

ეკო-მეგობრულ არქიტექტურასთან ერთად ვითარდება მწვანე ურბანული დაგეგმარებაც, რაც ისევ და ისევ გარემოს გლობალურ პრობლემებს უნდა მივაწეროთ.

ეს ლანდშაფტური ურბანიზმი მიზნად ისახავს ქალაქის ისეთ დაგეგმარებას, სადაც წყლისა და ნიადაგის რესურსები მაქსიმალურად შენარჩუნებულია.

კონცეფცია ფრენკ ლოიდ რაიტის რწმენას ეფუძნება, რომლის თანახმადაც დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს და ჰარმონიაში მოდიოდეს ბუნებასთან.

5. ყველაზე მორგებული დიზაინი

რაც დრო გადის, შშმ პირებს მეტი თავისუფლება და მოძრაობის საშუალება ეძლევათ, ეს ყველაფერი კი ყველანაირი შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე მორგებული დიზაინის დამსახურებაა.

შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლებისთვის სპეციალური სამოძრაო გზები კეთდება, მაგრამ მათ გარდა უკვე ფართოდ ითვალისწინებენ მოხუცებსა და მათი გადაადგილების პრობლემებსაც.

6. ჭკვიანი სახლები

ისევ და ისევ ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით სახლებიც კი უფრო ჭკვიანები ხდებიან.

რაც შეიძლება ყველა დანადგარის ავტომატიზაცია და მობილურ ტელეფონებთან მათი დაკავშირება, ალბათ 2019 წლის ყველაზე აქტუალური ტრენდია განვითარებულ ქვეყნებში.

7. ციფრული ინოვაცია

ისეც იგივეს უნდა დავაბრალოთ ახალი არქიტექტურული ტექნიკების დანერგვაც.

3D პრინტერი, ვირტუალური რეალობის სათვალეები, დრონები და სხვა ახალი მოწყობილობები ამ სფეროშიც იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობებს.

განვითარებად ქვეყნებში 3D პრინტერები უკვე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება მშენებლობისთვის.

ამასთან, აღნიშნული მოწყობილობები არა მხოლოდ კლიენტებს ახარებს მათ მიერ ახალ წამოწყებული პროექტის თითქოს დასრულებული სახით წინასწარ ხილვით, არამედ საოცრად უადვილებს არქიტექტორებს პროექტის შემუშავებას და სავარაუდო გართულებებისა თუ დეფექტების წინასწარ აღმოჩენას.

8. ყველანი გარეთ!

ბარ-რესტორნები და სასტუმროები ხშირად იყენებენ შენობის გარეთ არსებულ სივრცეს, მაგრამ წელს გარე დასაჯდომები განახლებული დიზაინით გვხვდება.

არქიტექტორები ცდილობენ ჰარმონიაში მოიყვანონ გარე და შიდა სივრცეები. ამა თუ იმ ინვენტარის გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, გადახურვა და სხვა.

მცენარეებით გარემოცული დასაჯდომები ღია სივრცეში, არა მხოლოდ დიზაინერების, არამედ კლიენტების საყვარელი და მართლაც სასიამოვნო ტრენდია.

დროებით!

წინა ბლოგი – ბიოკლიმატური დიზაინი-ერთობა გარემოსთან

Facebook Instagram