სამუშაო სივრცე (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) ის ადგილია, სადაც დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს ვატარებთ. მუშაობისგან მიღებული სტრესი გადაღლილობის გარდა ამ სივრცის კეთილმოწყობასთანაც არის დაკავშირებული. მნიშვნელობა არ აქვს სახლიდან ვმუშაობთ თუ ოფისიდან, სამსახური, რომელიც მაგიდასთან ჯდომას მოითხოვს, კომფორტულ მაგიდასაც საჭიროებს. მაგრამ, მხოლოდ კომფორტული მაგიდა კომფორტული სამუშაო გარემოსთვის საკმარისი არაა, გასათვალისწინებელია ბევრი სხვა ფაქტორიც, რაც არა მხოლოდ გააქრობს წელის ტკივილებსა და უხასიათობას, არამედ პროდუქტიულობის გაზრდაშიც დაგვეხმარება.

კომფორტული სკამი

გასაკვირი არ არის, რომ სკამის სწორად არჩევა ამ დროს უმნიშვნელოვანესია. ყველა ადამიანს განსხვავებული აგებულება აქვს და შესაბამისად, განსხვავებულ დასაჯდომს საჭიროებს. არ დაგენანოთ კარგ სკამში ფულის დახარჯვა – ეს დისკომფორტის გარდა მომავალში ბევრ სამედიცინო ხარჯებს აგარიდებთ თავიდან.

უკეთესია ისეთი სკამის შეძენა, რომელსაც სიმაღლე და საზურგე ურეგულირდება. თუ სკამი ტრიალებს და გორგოლაჭებიც აქვს, ეს აუცილებლად გაგიმარტივებთ მუშაობის დროს აქეთ-იქით მიმოყრილ ნივთებში ქექვას. აქვე გახსოვდეთ, წელში გაიმართეთ! მოდუნებულ მდგომარეობაში მთელი დღის კომპიუტერთან გატარება არა მხოლოდ თქვენი წელისთვისაა მავნებელი, არამედ კონცენტრაციაშიც გიშლით ხელს.

თბილი განათება

მიუხედავად იმისა, რომ ოფისების უმეტესობა მკვეთრი განათებებითაა გაჩახჩახებული, თუ ამის საშუალება გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ თბილი ნათება. მოყვითალო შუქი თვალს ნაკლებად ღლის. ამასთან, ეცადეთ სამუშაო მაგიდა ფანჯარასთან ახლოს იყოს, ბუნებრივ განათებას მართლაც ვერაფერი შეცვლის.

აქვე გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ კომპიუტერის ეკრანის ნათების ინტენსივობასაც. დაარეგულირეთ ის ისე, რომ მაქსიმალურად თანხმობაში იყოს გარე განათებასთან, რათა თვალი ზედმეტად არ გადაიღალოს. საღამოს, როდესაც შედარებით ბნელა, დაუწიეთ ეკრანის გამოსხივების ინტენსივობასაც.

კრეატიული არეულობა

თუ ადამიანების იმ (სავარაუდოდ მცირე) ჯგუფს მიეკუთვნებით, რომლებიც სამუშაო სივრცის წესრიგში მოყვანამდე საქმეს ხელს ვერ კიდებს, ძალიანაც კარგი, მაგრამ მათ, ვისთვისაც ცოტაოდენი არეულობა პრობლემას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ქაოტურ გარემოს არაეფექტურად მიიჩნევს მუშაობისთვის, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს წარმოდგენა არა თუ მცდარია, არამედ კრეატიულ აზროვნებასაც კი უწყობს ხელს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა არეულ სამუშაო მაგიდასთან ისევე ეფექტურად ამოხსნეს კრეატიული ამოცანა, როგორც დალაგებულში და პირველი ჯგუფის პასუხები მეორე ჯგუფისაზე 28%-ით უფრო კრეატიულიც იყო ( როგორც ჩანს, კრეატიულობაც იზომება).

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდია და სხვადასხვა ტიპის სამუშაოსაც განსხვავებული სტილის მიდგომა სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი დალაგებული მაგიდიდან უნდა წამოხტეთ და უჯრიდან ქაღალდები ამოყაროთ. უბრალოდ მათ, ვინც ამდენი ხანი ცდილობდით როგორმე წესრიგში მოგეყვანათ თქვენი სამუშაო სივრცე, შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ.

თაროები თუ უჯრები?

როგორი არეულიც არ უნდა იყოს თქვენი სამუშაო სივრცე, ყველაფერი მაგიდაზე მაინც ვერ დაეტევა. საქაღალდებიისა და სხვა თქვენთვის საჭირო ნივთების შესანახად რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, თაროებს თუ უჯრებს?

თუ ხშირად იყენებთ იმ ნივთებს, რომლებიც მაგიდაზე არ გიწყვიათ და თუ თქვენი პროფესია ვიზუალური მასალების გამოყენებასთანაა დაკავშირებული, მაშინ კედელზე მიმაგრებული თაროები კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ.

იმ შემთხვევაში, თუ საქაღალდეებით გინდათ უჯრების გამოტენა, რომლებსაც თვის განმავლობაში ალბათ სულ ერთი-ორჯერ გადახედავთ, მაშინ თაროების საჭიროებაც აღარ არის.

ფერი

ფერი მხოლოდ პირად გემოვნებაზე არაა. დიდი ხანია ცნობილია, რომ ისინი გარკვეულ ემოციებს აღძრავენ და მათი ამ კუთხით არჩევა საკმაოდ საინტერესოც შეიძლება იყოს. კარგად შეარჩიეთ იმ ოთახის ფერი, სადაც ყოველდღიური მუშაობა გიწევთ. თუ კედლების შეფერილობას ვერ შეცვლით, ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ არჩეული ტონალობის დეკორაციები:

ლურჯი – სიმშვიდის მომტანი ფერი, რომელიც აზროვნებასა და კონცენტრაციას უწყობს ხელს. ეს ყველაზე კარგი არჩევანია ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებისთვის.

წითელი –  ეს ფერი ისეთ გრძნობას იწვევს, თითქოს დრო ძალიან მალე გადის და, შესაბამისად, მუშაობის ტემპიც იმატებს.

მწვანე – ლურჯის მსგავსად, ეს ფერიც სიმშვიდის განცდას იწვევს. თუ შედარებით სტრესული საქმის შესრულება გიწევთ, მწვანე თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.

ყვითელი – ეს ფერი ყველაზე ხშირად ასოცირდება დადებით ემოციურ პასუხთან და ამის გამო საოფისე სივრცეშიც ხშირად იყენებენ მას. კარგია ყვითლის აქტიურად შემოტანა ისეთ სამუშაო ადგილას, სადაც კლიენტებთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ.

აქსესუარები

არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი ნივთები! აუცილებელი არაა, სამუშაო ადგილას მხოლოდ სამუშაო ნივთები ეწყოს. ახლობლების სურათები ან თუნდაც საჩუქრები და განსაკუთრებით კი მცენარეები სივრცეს მეტ სიხალისეს შემატებს და დაძაბულობის მოხსნაშიც დაგეხმარებათ.