ძველი ავეჯისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მარტივი ამოცანა არ არის. ეს საქმის დეტალურ შესწავლასა და საჭირო ხელსაწყოების განსაზღვრას გულისხმობს. ამ სტატიით კი ვეცდებით დაგეხმაროთ ადვილად გასცეთ პასუხი შეკითხვას: როგორ გავაახლოთ ძველი ავეჯი ?! – ძველი ხის ავეჯის ახალი სიცოცხლე.

  • სანამ ხელში ფუნჯსა და ზუმფარის ქაღალდს აიღებდეთ, ჯერ პატარა კვლევა ჩაატარეთ. მოიძიეთ ყველა სახის ინფორმაცია იმ ავეჯის შესახებ, რომლის გადაკეთებაც გსურთ და შეაგროვეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი ამოცანის შესასრულებლად გჭირდებათ.
  • თუ ხის ავეჯის გადაკეთებას ცდილობთ, მაშინ ეცადეთ გამოარკვიოთ, რასთან გიწევთ მუშაობა, ანუ რა სახის მასალისგანაა იგი დამზადებული.
  • მოიძიეთ რა სახის საღებავია საუკეთესო მოცემული მასალისათვის.
  • ძველი საღებავის მოცილებამდე შეამოწმეთ, ხომ არ შეიცავს ტყვიას.
  • მრავალი წლის განმავლობაში საწყობში ნადები ან უბრალოდ ძველი ნივთების მაღაზიაში შეძენილ ავეჯზე მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია მისი დეზინფექცირება და სპეციალური საწმენდი საშუალებებით დამუშავება. რისთვისაც:
  • მტვრისა და ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენეთ საოჯახო საწმენდი საშუალებები.
  • გამოიყენეთ მავნებლების საწინააღმდეგო ხსნარი, რომელიც მწერებისთვისაა განკუთვნილი. ეს თავიდან აგაცილებთ რწყილების, ჭიანჭველების, ობობებისა და სხვა მწერების პოტენციურ პრობლემას.
  • არასასიამოვნო სუნისა და ობის მოსაშორებლად გამოიყენეთ წყალისა და ძმრის ნაზავი.

არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების წესები!

  • საღებავის გამოყენებისას აუცილებლად გაიკეთეთ ნიღაბი, რათა თავიდან აირიდოთ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და ხის მტვრის შესუნთქვა.
  • მოამზადეთ სამუშაო გარემო – სასურველია იმუშაოთ გარეთ, ან ადვილად განიავებად ოთახში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაგროვებული ხის მტვერი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახის წევრებისათვის.
  • გამოიყენეთ ხელთათმანები.
  • არ დაგავიწყდეთ სათვალეები, რომლებიც თვალებს მტვრისგან და შესასხურებელი საღებავისგან დაიცავს.

როგორ გავაახლოთ ძველი ხის სკამი

  • ძველი ხის სკამი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტია. მისი აღდგენისას გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი იმაზე ძვირი არ უნდა დაგიჯდეთ, ვიდრე თავად ამ პროდუქტის ღირებულებაა.
  • ძველი სკამისათვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად შემდეგი ბაზისური ინსტრუმენტები დაგჭირდებათ:
  1. სახეხი/ზუმფარას ქაღალდი
  2. ხის შემავსებელი ან დასაზოგი სითხე – რომელიც გამოიყენება დეფექტების, ხვრელების, ღარების ამოსავსებად.
  3. გამოიყენეთ ხის დამცავი სითხე – პრაიმერი
  4. საღებავი
  5. და, რაც მთავარია, იმუშავეთ კარგად განიავებად ადგილას.
  • სანამ სამუშაოს დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ სკამი სუფთაა – არ აქვს მტვრისა თუ ობის ნადები, რომ იგი გაწმენდილი და დეზინფიცირებულია. ზედმეტი არეულობისგან თავის ასარიდებლად კი ძირს გაზეთი ან ძველი ტანისამოსი/ნაჭერი დააფინეთ, რათა იატაკი არასასურველი ლაქებისგან დაიცვათ.

გააშალაშინეთ და შეაკეთეთ სკამი

  • სკამის სახეხი ქაღალდით დამუშავებამდე, შეამოწმეთ, ავეჯს ხის წებოს კვალი ხომ არ ეტყობა. თუ ადრე სკამის შესაკეთებლად წებო იყო გამოყენებული და იგი ზედაპირზეა შემორჩენილი, ეცადეთ მოაშოროთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ. ამისათვის კი გამოიყენეთ საგოზავი ან სამზარეულოს დანა. თუ თხელი ფენის მოშორება შეუძლებელია, არ იდარდოთ, ის ზუმფარას ქაღალდის გამოყენებასთან ერთად ჩამოცვივდება.
  • იმისათვის, რომ ავეჯს ძველი საღებავი და ლაქი ჩამოაშოროთ, გამოიყენეთ სახეხი ქაღალდი. თუ თქვენ ელექტრო სახეხი გაქვთ, მაშინ ეს თქვენ საქმეს გააადვილებს. თუმცა ამ შემთხვევაში სკამის ფეხებისა და სახელურის დამუშავება მაინც ხელით მოგიწევთ.
  • თუ ავეჯის ზედაპირზე ზედაპირული ნაჩხაპნი შეინიშნება, მისი გასწორება ზუმფარის ქაღალდითაა შესაძლებელი, თუმცა ღრმა ღარების ამოსავსებად ხის საგოზავის თხელი ფენა დაგჭირდებათ.
  • საგოზავის დანით ფრთხილად წაუსვით შემავსებელი მასა ზედაპირის ჩაღრმავებაზე  ისე, რომ იგი გვერდით არ გადმოვიდეს. და ეცადეთ, რომ ღარის გარშემო არსებული საგოზავის ზედმეტი მასა გაშრობამდე მოაცილოთ.
  • ამოვსებული ნაწილების საფუძვლიანად გაშრობას 24 საათი ესაჭიროება. როდესაც დარწმუნდებით, რომ საგოზავი მასალა ბოლომდე გაშრა, ნაზად გაასწორეთ დამუშავებული ნაწილი სახეხი ქაღალდით. კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ზედაპირი იმდენად გლუვი და სწორია, რამდენადაც შესაძლებელია.
  • ზედაპირის საბოლოოდ გასწორების შემდეგ, გადაწმინდეთ სახეხისგან დატოვებული მტვერი და შემდეგ ფაზაზე გადადით.

ავეჯის პრაიმერით დამუშავება

  • ავეჯის ზუმფარას  ქაღალდით დამუშავების შემდეგ მას პრაიმერი უნდა წაუსვათ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ საღებავი ზედაპირზე უფრო თანაბრად განაწილდეს და იგი ავეჯზე უკეთესად შენარჩუნდეს. პრაიმერის სკამზე განთავსებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნჯი, ან მისი შესასხურებელი შეფუთვა.
  • სასურველია, რომ ზედაპირზე რამდენიმე ფენა პრაიმერი განათავსოთ. თითოეული ფენის განთავსებას შორის ინტერვალი კი 1 -2 საათს უნდა შეადგენდეს. თუ შეამჩნევთ, რომ მასა ზედაპირზე არათანაბრად ნაწილდება, დაელოდეთ მის გაშრობას. ამის მერე კი სქელი სახეხი ქაღალდი გამოიყენეთ ზედაპირის გასასწორებლად.

ფინალური ფაზა

  • პრაიმერის დატანის შემდეგ ფინალურ ფაზაზე გადადიხართ. როდესაც პრაიმერი სრულად გაშრება, შეგიძლიათ სკამის შეღებვის პროცესიც დაიწყოთ.
  • პრაიმერის მსგავსად, ფენების დატანას შორის ინტერვალი 1-2 საათს შეადგენს.
  • საღებავის არათანაბრად განაწილების შემთხვევაში, დაელოდეთ მის გაშრობას, გამოიყენეთ სქელი სახეხი ქაღალდი ზედაპირის გასასწორებლად.
  • ამის შემდეგ კი სკამს საღებავის თხელი ფენა გადაუსვით.
  • დასრულებული და რესტავრირებული ავეჯი ოთახში შეტანამდე გარეთ ან განიავებად ოთახში დატოვეთ 24 საათით. განახლებული სკამი მზად არის დაამშვენოს თქვენი ინტერიერი.

მემგონი ყველასთვის უკვე ცნობილია ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გავიგოთ ფრაზა – ძველი ხის ავეჯის ახალი სიცოცხლე. დროებით!…

წინა ბლოგი – ინტერიერის დიზაინის ზემოქმედება ადამიანზე 

Facebook Instagram