ქართული ანტიკური ხანის არქიტექტურა, ხუროთმოძღვრული ძეგლები თუ შუა საუკუნის შენობა – ნაგებობები ფასადთა „სამკაულებით“ გამოირჩევა.

ეს სამკაულები ჩუქურთმა/ორნამენტის სახელით არის ცნობილი

შენობის ფასადზე დატანებული ორნამენტები ნაგებობათა ექსტერიერს ამშვენებენ და კიდევ ერთხელ ამართლებენ უკვე კარგად გაცრეცილ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, „გენიალურობა დეტალებშია“.

ქართული ხელოვნების მკვლევარის რენე შმერლინგის თანახმად, ჩუქურთმის დანიშნულებას შენობის ფასადის შემკობა წარმოადგენს: „მკაფიოდ გამოხატოს კედლის სიბრტყის დანაწევრება ან, პირიქით, უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს კედლის სიბრტყის ერთიანობა“.

რენე შმერლინგი ხუროთმოძღვრულ არქიტექტურაში ორნამენტების ისტორიას სამ ძირითად ნაწილად ჰყოფს

პირველად იგი მეხუთე საუკუნის ისტორიული ძეგლის – ბოლნისის სიონის – ორნამენტებს განიხილავს და მას ამ პერიოდის არქიტექტურული მიმდინარეობის მაგალითად იყენებს.

ბოლნისის სიონის ფასადი მოკლებულია ორნამენტებს, არ გამოირჩევა მათი სიუხვით. თუმცა, ეს სამკაულები ინტერიერში იკავებს ადგილს.

ბოლნისის სიონის სვეტისთავები და კედლის სვეტების კეპიტელები მორთულია ქართული ჩუქურთმებით.

ფასადის სამკაულთა სიმწირეს ამავე პერიოდის (586-7 – 604 წლის) მცხეთის ჯვრის ტაძარიც განიცდის

ორნამენტების ნახვა მხოლოდ საკურთხევლის ფასიდის სამი სარკმლის გამაერთიანებელ თავსართზე არის შესაძლებელი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ორნამენტთა ისტორიის პირველი ეტაპი ზომიერებითა და ფასადის შესრულების არქიტექტურული სიმკაცრით ხასიათდება.

ჩუქურთმების რაოდენობა მწირია და, ძირითადად, განთავსებულია შესასვლელში, სარკმლისა თუ სვეტების თავსართების დამამშვენებლად.

მეორე გარდამავალ პერიოდად მკვლევარი მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარს ასახელებს

პერიოდს, როდესაც საქართველოში არაბთა შემოსევები იწყება. ისტორიის ეს მონაკვეთი დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრებაზე, რაც ხელოვნებაშიც აისახება.

დროის ამ მონაკვეთში ჩუქურთმები თითქმის საერთოდ ქრება შენობათა ფასადებიდან.

გარდამავალი პერიოდი დაახლოებით მეშვიდე საუკუნიდან მეათე საუკუნემდე გრძელდება. მეათე საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლები ახალ სულს იძენენ და მედიდური ხასიათით გამოირჩევიან.

ამ პერიოდის შენობების არქიტექტურული სტილი გრანდიოზულობისა და სიდიადის შეგრძნების შექმნაზეა ორიენტირებული.

მეათე საუკუნის ტაძრები დეკორატიული სამკაულების სიმდიდრითა და ორნამენტთა სიუხვით გამოირჩევიან

რენეს თანახმად, მეათე საუკუნე იყო პერიოდი, რომლის დროსაც ქართულ არქიტექტურულ ასპარეზზე ახალ მოტივებზე შექმნილი ორნამენტები გამოჩნდა.

ვხვდებით ახალ მიმდინარეობას, რომელიც დისკოსა და ღიადის – ჯვრისებრი ფიგურის ცენტრის – ფართო ორნამენტული ზოლით მოჩარჩოებას გულისხმობს.

სარკმლის კვეთილი ორნამენტის ზოლით მოჩარჩოების ტექნიკა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა. მისი ნიმუში ოშკისა და კუმურდოს ტაძრების ფასადებზეა შემორჩენილი.

მეათე საუკუნეში ფასადები ორნამენტებით დაიხუნძლა. ხუროთმოძღვრების ძეგლთა სარკმლებთან დიდი ზომის, კვადრატული ფორმის ფილები ჩნდება, რომლებიც მთლიანად არის მოჩუქურთმებული.

ამავე პერიოდში ჩნდება შენობის ლავგარდანის ორნამენტით შემკობის პირველი მცდელობა

რომ განვმარტოთ, შენობის ლავგარდანის ორნამენტი გულისხმობს შენობის კედლის ზედა ნაწილში ან ჭერის კიდეზე შემოვლებულ არშიას, რომელიც შენობის ფასადის გასამდიდრებლად გამოიყენება.

XI საუკუნეში კი უფრო მეტად გაიზარდა ფასადისა და ინტერიერის ჩუქურთმებით შემკობის მოთხოვნილება. თუ ადრე ორნამენტის მთავარ დანიშნულებას არქიტექტურული ფორმების აქცენტირება წარმოადგენდა, ახლა იგი ფასადის მხატვრული კომპოზიციის სრულუფლებიან კომპონენტად იქცა.

ჩუქურთმების ხასიათი ნელ – ნელა უფრო მეტად გამდიდრდა და გართულდა სხვადასხვა დეკორატიული მოტივით. შეიძინა უფრო მეტი დეტალი და, ამასთანავე, შენარჩუნდა შესრულების მაღალი ხარისხი.

დაიწყო პრიოდი, რომელშიც „ჩნდება მოთხოვნილება, რომ ნაწარმოები ცხოველხარულ მთელს შეადგენდეს, ორნამენტი მხოლოდ საერთო შთაბეჭდილებას ემსახურებოდეს და ამის გამო იგი აღარ საჭიროებდეს ცალკეულ ნაწილთა ინდივიდუალიზაციას“.

ჩუქურთმებით მდიდარი არქიტექტურული ძეგლების ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს „ნიკორწმინდის“ ტაძარი წარმოადგენს.

იგი უხვადაა დახუნძლული მდიდრული ორნამენტებითა და მრავალფიგურიანი რელიეფური კომპოზიციებით, რომლებიც სხვადასხვა ბიბლიურ ეპიზოდებს ასახავენ.

ეს არის თვალწარმტაცი სანახაობა, რომელიც ქართული ჩუქურთმების სიღრმესა და გენიალურობას კიდევ ერთხელ მკაფიოდ  უსვამს ხაზს.

წინა ბლოგი – ძველი ხის ავეჯის ახალი სიცოცხლე 

Facebook Instagram