იცოდით რომ ჩვენი ყოველდღიური შრომის პროდუქტიულობისა და ნაყოფიერების გაზრდა შესაბამისი გარემოს შექმნით არის შესაძლებელი ?!  გარემოს, ბევრი ასპექტი ქმნის – ხალხი, სამუშაო ადგილი,  და ა.შ. მათ შორის ერთერთი აუცილებელი დეტალია ინტერიერის დიზაინი.

  • ამ ბლოგში თქვენ გაიგებთ, თუ რა შუაშია ინტერიერი ჩვენი მუშაობის ხარისხთან.
  • თუმცა, ვიდრე ამ საიდუმლოს ახსნაზე გადავალ, მოდი დავაზუსტოდ რას გულისხმობს თვითონ “ინტერიერის დიზაინი”. ეს არის ნებისმიერი წვრილმანი, რომლისგანაც შედგება ჩვენი ოთახი თუ კაბინეტი: კედლები, ავეჯი,  მათი ფერი, განლაგება, შპალიერზე დატანებული ნებისმიერი ორნამენტი და ა.შ.

ფერები ინტერიერში

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფერი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებასა და ხასიათზე.

მაგალითად, წითელზე შეიძლება ითქვას, რომ სტიმულის მომცემი ფერია. ის გვმატებს ბრძოლის ძალას, თავდაჯერებულობას, საკუთარ თავში რწმენას. მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ არაფერი გამოგვივა და ყველანაირი იმედი გადაწურული გვაქვს, წითელი ჩვენში თავიდან აღვიძებს  ცხოვრების ძალას.

სტაფილოსფერი კარგად ზემოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ხელს უწყობს აქტიურ საქმიანობას, გვეხმარება მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. ამიტომ მას დიდ ყურადღებას ანიჭებენ  საქმიანი მოლაპარაკებების დროსაც კი.

ყვითელს ინტელექტუალურ ფერს უწოდებენ, ვინაიდან ის დადებითად მოქმედებს გონებაზე, შემოქმედებით საქმიანობასა და აზროვნების პროცესზე.

ferebi interieris dizainshi

აქედან გამოდინარე, სწორად შერჩეული ფერების გამა შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მეტად კომფორტული სამუშაო გარემო შევიქმნათ და ამით ავამაღლოთ ჩვენი მუშაობის ხარისხიც.

გამოკვლევების თანახმად, ღია ფერები უფრო ხშირად ქმნიან დადებით ატმოსფეროს. ნაზი და არამკვეთრი ფერები უფრო მშვიდ გარემოს. ხოლო მუქი ფერები იწვევენ ღელვას, ნერვიულობას, თუმცა, ამავე დროს, ხელს უწყობენ აქტიურ საქმიანობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, ამიტომ ვიდრე აარჩევთ თქვენი საძინებლის, კაბინეტის და სხვა ოთახის კედლის ან ავეჯის ფერს, მანამდე კარგად დაფიქრდით თუ რომელია თქვენი ფერი.

განათების როლი განწყობის შექმნაში

ამის გარდა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება განათებას, ვინაიდან ის გავლენას ახდენს თითქმის ყველა ჩვენი უჯრედის ქცევაზე.

მაგალითად, თეთრი სინათლე მცირე ლურჯი ელფერით დადებითად ზემოქმედებს ჩვენს კონცენტრაციაზე. თბილი თეთრი სინათლე გვეხმარება უკეთეს განტვირთვაში, ძალების მოკრეფვაში.

ამიტომ არის, რომ ოფისებში ძირითადად ასეთი ტიპის განათებებს აყენებენ.

ganateba interiershi

ყვითელი განათება ხელს უწყობს მოდუნებასა და რელაქსაციას, ხოლო ეგზოტიკური ფერები დადებით გავლენას ახდენენ ჩვენს ხასიათზე.

აქედან გამომდინარე, განათების დაყენება შეიძლება ოთახის ფუნქციიდან გამომდინარეც, რათა უფრო კომფორტული გარემო შევიქმნათ კონკრეტულ მომენტში.

ავეჯის განლაგება

ასევე საყურადღებოა ოთახში ავეჯის განლაგება. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ოთახს ავეჯის განლაგების თავისი წესი აქვს, რომელთა დაცვაც ხელს უწყობს თითოეულ მათგანში დადებითი ენერგეტიკის გავრცელებას.

ბინების ინტერიერის შექმნაში ცნობილია ფენ–შუის სტილი, რომელიც საკმაოდ სასარგებლო რჩევებს იძლევა , თუ როგორ უნდა განვალაგოთ ავეჯი თითოეულ ოთახში ისე, რომ დადებითი ენერგეტიკა არ გავფანტოთ.

რაც შეეხება ოფისებს, აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

პირველ რიგში დასადგენია რა მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული ოფისის სივრცე.

ეს შეიძლება იყოს მყუდრო გარემო მომხმარებლებისთვის, ცალკე კაბინეტი ერთი ადამიანისთვის ან “ქოლ–ცენტრი”, სადაც დიდი რაოდენომით თანამშრომელი უნდა განთავსდეს.

ამის გარკვევის შემდეგ კი უკვე მარტივდება ავეჯის განლაგების საკითხის გადაჭრა, რაც თავის მხრივ გულისხმობს სამ ძირითად ფაქტორს: ავეჯის ადგილმდებარეობას, მათ შორის მანძილსა და რაოდენობას.

avejis ganlageba

  • ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ ოთახი ზედმეტად არ გადაიტვირთოს, დანარჩენი კი ადამიანის ხასიათსა და შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული.
  • როგორც დავინახეთ, მთელი საიდუმლო სწორედ ჩვენთვის მორგებულ ინტერიერშია. სულ პატარა დეტალმაც კი შეიძლება დიდი ცვლილებები შეიტანოს ჩვენს ხასიათსა და განწყობაში, რაც მუშაობის ხარისხზეც თავისებურად აისახება.
  • ამიტომ, ვფიქრობთ, ადამიანებმა ამ თემას გულგრილად არ უნდა შევხედოთ, ვინაიდან მას შეუძლია ჩვენი სამყარო უფრო მყუდრო და კომფორტული გახადოს.

წინა ბლოგი – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უძველესი არქიტექტურული შედევრები

Facebook Instagram