იცოდით თუ არა, რომ ტკბილი ძილი და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გამოსწორება, ფენ-შუის მიხედვით, საძინებლის მოწყობაზე ყოფილა დამოკიდებული.

ამ ბოლო დროს, უფრო და უფრო აქტუალური ხდება სახლის დაგეგმარება ფენ-შუის მიხედვით.

ფენ-შუი აღმოსავლური მიმდინარეობაა, რომლის მიზანიც გარე და შიდა ენერგეტიკული ველების ჰარმონიზებაა.

როგორც ვიცით, ცხოვრების ერთ მესამედს საძინებელში ვატარებთ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სწორედ საძინებლის სწორად მოწყობაზეა დამოკიდებული ჩვენს პარტნიორთან  ცხოვრების გაუმჯობესება, მაშინ აუცილებლად ჩავრევთ ფენ-შუის მეთოდებს ამ ჯადოსნური ოთახის მოწყობისას.

თუ სახლში ოთახები ჯერ არ დაგიგეგმარებიათ, მაშინ  თქვენი საძინებელი ჩრდილოეთის მხარეს განალაგეთ და დაივიწყეთ პრობლემები საყვარელ ადამიანთან.

მათ, ვისაც სურვილი აქვს სტაბილური ურთიერთობა შეინარჩუნოს პარტნიორთან და, მეტსაც გეტყვით, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს ეს ერთობა, მაშინ ჩრდილო-დასავლეთის მხარეს აირჩიეთ.

ხოლო თუ რომანტიკა გაკლიათ ცხოვრებაში, დასავლეთით განალაგეთ საძინებელი.

 

ფენ-შუის თუ დავეყრდნობით, დანარჩენ მხარეებსაც აქვთ არსებობის უფლება, თუმცა ნაკლებად გქონდეთ იმის ილუზია , რომ მშვიდად იძინებთ და დალაგებული ურთიერთობები გექნებათ.

რა გასაკვირია და საძინებლის მთავარი ატრიბუტი გახლავთ საწოლი და მის განლაგებასაც აქვს გავლენა ჩვენს მშვიდ ძილზე.

გვირჩევენ, საწოლი ისე განვათავსოთ, რომ შემოსასვლელი კარის დანახვა შევძლოთ და, ამავდროულად, არ მივუშვიროთ ფეხები კარს. აგრეთვე, რჩევაა, რომ საწოლი არ მივადგათ ბოლომდე  კედელს და 10-15 სმ მაინც დავუტოვოთ.

საწოლი უნდა იყოს ნივთი და არა ბებია-ბაბუის მიერ დანატოვარი რელიქვია.

ამბობენ, ნივთებს ენერგეტიკის შენახვის უნარი ახასიათებთო და უნებურად შესაძლოა მათი ბედის გამეორება დაიწყოთ. ამიტომ, ლოგინის ქვეშ განთავსებულ სათავსოებში ნუ ეცდებით შეინახოთ ძველი ნივთები და ფოტოალბომები.

ტრადიციულად, მიჩვეულები ვართ, რომ საძინებელი მოვაწყოთ ნაზ, პასტელურ ფერებში, მაგრამ ეს არ გახლავთ მართალი.

აუცილებელია საძინებელი  მოვარგოთ ჩვენს თავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ოთახი გადავტენოთ  უამრავი ნივთით ან, პირიქით, დავამსგავსოთ უდაბნოს.

ვიდრე ფერებს შეარჩევდეთ, დაუსვით თქვენს თავს რამდენიმე შეკითხვა:

  • მალე იძინებთ თუ არა?
  • იღვიძებთ თუ არა დილას მხნე და ბედნიერი?
  • გეღვიძებათ თუ არა ღამე გაურკვეველი მიზეზების გამო?
  • დილას ხომ არ გიჭირთ გაღვიძება?

უპასუხეთ ამ კითხვებს და გადაწყვიტეთ, როგორი საძინებელი გნებავთ –

ინის სტილში, თუ იანის ?

ინის სტილი უხდება მათ, ვისაც ტკბილად ძინავს, არ ეღვიძება ღამღამობით და დღისითაც კარგად გამოძინებულებს არ უტყდება უაზრო მთქნარება მუშაობის პროცესში.

ინის სტილში გამოყენებული უნდა იყოს ფორთოხლისფერი, ვარდისფერი და ბეჟი ტონები, ოქროსფერი ჩანართებით.

ავეჯის ფორმა სასურველია გადავწყვიტოთ მომრგვალებული კუთხეებით. რბილი, მსუბუქი განათება, პრინციპში, ეს გახლავთ საძინებული უფრო კლასიკურ სტილში.

იანის სტილი – ეს გახლავთ ინტერიერის სტილი, რომელიც მოუხდებათ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გამოუძინებელნი არიან, ღამე ძილში შფოთავენ და დილას ძალიან უჭირთ გაღვიძება, დღისით კი, თბილ ლოგინზე ოცნებობენ.

ასეთი ტიპის ადამიანებისთვის, მრავალ ფერს შორის, სასურველია მწვანე და მოცისფრო ტონალობები. კარგი იქნება, თუ კედლებთან ერთად ჭერსაც შევღებავთ ამ ფერების ღია ვარიანტით. თეთრეული კი უნდა შევარჩიოთ მკვეთრი გამოსახულებებიანი პრინტებით.

თუ ინის საძინებელში თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ და ძილი გაგიუარესდათ, ღია ტონალობის თეთრეული სასწრაფოდ უნდა ჩანაცვლდეს მკვეთრი ნახატებიანი თეთრეულით.

ხოლო თუ იანის საძინებელში იგრძენით ღამე შფოთვა და უძილობა, აქაც გამოცვალეთ თეთრეული და საწოლის მოპირდაპირე მხარეს დაკიდეთ მშვიდ ფერებში შესრულებული ნახატი ან პრინტი.

კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას მოგცემთ ფენ-შუის მიხედვით საძინებლის მოწყობაზე:
  • ოთახი, რომელშიც მშვიდად უნდა გეძინოთ, მოაშორეთ შემოსასვლელ კარს და არასოდეს დაგრჩეთ საძინებლის კარი ღია, რათა არ შემოვიდეს უარყოფითი ენერგია.
  • თუ უარყოფით ენერგიას ერიდებით, შეეცადეთ საძინებელში არასდროს შემოუშვათ სტუმრები და, მითუმეტეს, არ დასვათ თქვენს საწოლზე.
  • საძილე ოთახი უნდა იყოს მშვიდი და არ უნდა შემოდიოდეს გარედან ხმები.
  • საწოლი ოთახი ხშირად უნდა გავანიავოთ და დავიძინოთ  ჩამოფარებულ ფარდებში. ზედმეტი ნივთები შევეცადოთ რომ არ დავაწყოთ, რათა არ დავაბინძუროთ ენერგეტიკა. ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა ტექნიკა აჯობებს სხვა ოთახში გავიტანოთ. ერთი პატარა აპარატურა დავტოვოთ წყნარი მუსიკის მოსასმენად და ძილის წინ ისიც გამოვაერთოთ როზეტიდან. დაალაგეთ სანთლები საძინებელში და გაუშვით არომატიზატორები ლავანდისა და კატაბალახას სურნელით.
  • ის, რაც არ უნდა იდოს საძინებელში, ესაა ძველი ფოტოალბომები და გაზეთები, მითუმეტეს კრიმინალური ქრონიკებით.
  • ენერგიის წამრთმევი მცენარეები, სეიფები და ყველაფერი, რაც ფულთან არის დაკავშირებული,  გალიები, აკვარიუმები და ბევრი უაზრო ნივთი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ.

რა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ ფენ-შუის შესახებ, თუმცა მაინც დაგეხმარებათ, რომ მოიწესრიგოთ ძილი, დაათბოთ თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან და, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.