სახლის დაგეგმარებისას ფანჯრების ზომის, ფორმისა და განლაგების შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი და უმნიშვნელო დეტალი ჩანს, მაგრამ რეალურად მას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ამ დროს ითვალისწინებენ ისეთ გარემო პირობებს, როგორიცაა ადგილობრივი კლიმატი, ხედი და ქუჩიდან შემოსული ხმაურის სიხშირე. აუცილებელია ყველა ამ ფაქტორს შორის ბალანსის პოვნა, რათა სახლს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევმატოთ და ბუნებრივი განათებითაც მაქსიმალურად ვისარგებლოთ
კონკრეტულად რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?
ბუნებრივი განათება
ფანჯრების სწორი განლაგების მთავარ უპირატესობას სახლის მზის შუქით გამდიდრება წარმოადგენს.
კარგად განათებული ოთახი ბუნებასთან ჰარმონიის შეგრძნებას და პოზიტიურ განწყობას იწვევს. ამას ემატება პრაქტიკული უპირატესობაც: ხელოვნური განათება ნაკლებად საჭირო ხდება.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ სად უნდა განთავსდეს ფანჯრები მზის შუქის მისაღებად, სახლის ადგილმდებარეობას უნდა დავაკვირდეთ. თუ ის სამხრეთ ჰემისფეროში მდებარეობს, მაშინ ფანჯრები ჩრდილოეთით უნდა ჩავსვათ და პირიქით, თუ ჩრდილოეთ ჰემისფეროში მდებარეობს, მაშინ – სამხრეთით.
სახლის ორიენტაციამ ფანჯრების ზომაზეც შეიძლება იმოქმედოს. მაგალითად, ჩრდილოეთით მდებარე ოთახებში ფართო ფანჯრები სჯობს, რადგან მზე ამ მხარეს ნაკლებად ადგება. სამხრეთით კი პატარა ზომის ფანჯრებს ანიჭებენ უპირატესობას, რათა ტემპერატურა კარგად დარეგულირდეს.
ისინი, ვინც მზის სინათლეს სათანადოდ აფასებენ და სურთ, რომ ბუნებრივი შუქი მუდმივად აღწევდეს მათ სახლებში, ფანჯრებს ოთახის სხვადასხვა კედლებზე სვამენ, რათა მზის მოძრაობამ დღის შუქის დაკარგვა არ გამოიწვიოს. თუმცა ყოველთვის მეტი სინათლისკენ სწრაფვა არც ისე კარგი აზრია. პატარა ოთახებს ფართო ფანჯრებმა შეიძლება სიმყუდროვე დააკარგვინოს.
როგორ იმოქმედებს ეს ოთახის ტემპერატურაზე?
ფანჯრებს თითოეული ოთახისა და სახლის შიდა ტემპერატურაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რადგან:
- შუშა მზის ძლიერ შუქს კიდევ უფრო აძლიერებს და ოთახის გადახურებას იწვევს.
- ფართო და ღია მინები ცივ ამინდებში სითბოს ცუდად ინარჩუნებს.
- სწორად განლაგებული ღია ფანჯრები ოთახის განიავებას და ცხელ ამინდში სიგრილის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ, ფანჯრების განლაგებისთვის ითვალისწინებენ, თუ როგორ იმოქმედებს ეს ოთახის ტემპერატურაზე მთელი წლის განმავლობაში.
მაგალითად, სამხრეთით მდებარე ოთახები დიდი ფანჯრებით ზაფხულში ზედმეტად ხურდება, ზამთარში კი საკმაოდ გრილია.
ტემპერატურის გათვალისწინებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუშის მასალასაც. ამასთან ერთად, ფარდები საკმაოდ ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ ტემპერატურის დასარეგულირებლად.
სახლის ესთეტიკა
ფანჯრები სახლის ვიზუალში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. არა მარტო ზომა, არამედ ფორმაც დიდწილად განაპირობებს შენობის ესთეტიკას და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი ვიზუალის შეკვრას და ბალანსის დაჭერას უწყობს ხელს.
ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი სახლებისთვის უპირატესობა სიმეტრიულ განლაგებასა და ერთნაირ ფორმებს ენიჭება:
მოდერნისტულ სახლებში კი ექსპერიმენტების ადგილი ყოველთვისაა
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელი არაა ერთი ოთახისთვის შერჩეულმა სტილმა სხვა ოთახებშიც გადაინაცვლოს.
უფრო ეფექტური და სასიამოვნო ვიზუალისთვის უმჯობესი იქნება, თუ თავად ოთახის ადგილმდებარეობა და ფუნქცია მისცემს მიმართულებას ფანჯრების სასურველ განლაგებასა და ფორმებს.
ფანჯრების განლაგება ოთახის ფუნქციას უნდა ეხმიანებოდეს.
უკვე აღვნიშნეთ კიდეც, რომ ოთახის ფუნქცია ფანჯრების განლაგებისა თუ ფორმის გადაწყვეტისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. თითოეულ ოთახს სხვადასხვა საჭიროებებისთვის ვიყენებთ და შესაბამისი განლაგებაც სახლის ფუნქციურ ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდის:
სამზარეულო: ხელ-საქმით გადატვირთული ოთახია, რომელსაც დიდი სივრცე, კარგი განათება და ვენტილაცია ესაჭიროება.
ძალიან პრაქტიკული იქნება, თუ შიდა კედლები თაროებით დაიტვირთება, რათა გარე კედლები მეტწილად ფანჯრებისთვის გამოვიყენოთ ისე, რომ სივრცე არ დავკარგოთ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ფანჯრების არჩევისას უპირატესობა ისეთს უნდა მიენიჭოს, რომლებიც გასაღებად მარტივი იქნება.
აბაზანა/საძინებელი: პირადი სივრცეებში ფანჯრების ჩასმისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ოთახის ინტიმურობა არ დაირღვეს.
კარგი გამოსავალია კედლების ზედა ნაწილში ჩასმული პატარა ფანჯრები, მაგრამ შეიძლება ფუნქციის გაუთვალისწინებლობაც და ამ საქმის ჟალუზებზე გადაბარებაც.
საერთო ოთახები – მისაღები, სასადილო და საოჯახო ოთახების ფანჯრებით გადატვირთვა საკმაოდ კარგი აზრია.
შედარებით დიდი ზომის ფანჯრები ოთახს მეტი ბუნებრივი შუქით და, ამასთან ერთად, პოზიტიური ენერგიით აავსებს. ვინაიდან აქ სანერვიულო აღარაა, შეძლებენ თუ არა სხვები ოთახის დანახვას, შეგვიძლია მაქსიმალურად ვისარგებლოთ გარე განათებითა და სასიამოვნო ხედებით.
სიმაღლის სივრცესთან შეთავსება
ჭერის სიმაღლეს ფანჯრის ზომის არჩევისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ფანჯრის ზემოთ დიდი სივრცის დატოვება პატარა ოთახის ეფექტს ქმნის, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა, ხოლო ზედმეტად ცოტა სივრცე პროპორციების დარღვევას იწვევს.
საშუალოზე მაღალ კედლებს მშვენიერი შესაძლებლობა აქვთ, ასევე მაღალი ფანჯრებით ისარგებლონ.
რაც შეეხება ხედს
ამდენი ტექნიკური დეტალის გათვალისწინებამ ფანჯრების მთავარი უპირატესობა არ უნდა დაგვავიწყოს.
ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას ყველაზე კარგი გაფორმება ალბათ მაინც ხედია – ბუნებრივი და დინამიური ხელოვნების ნიმუში.
თუ სახლის ადგილმდებარეობა ხელს უწყობს ლამაზი ხედის დაჭერას, ეს შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
ფანჯრების მეშვეობით სახლი მის გარეთ არსებულ რეალობას უკავშირდება, რაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.
თუ ხედის გათვალისწინებით ფანჯრების განლაგება მზისგან მაქსიმალური ენერგიის მიღებასაც ნიშნავს.
ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად უნდა დაფიქრდეთ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის და ამისათვის თავად ოთახის ფუნქციის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ.
არ დაგავიწყდეთ, ფანჯრებთან ერთად ფარდებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მათი სწორად არჩევა ბევრ თავის ტკივილს აგარიდებთ.
თუ, მაგალითად, სახლის ადგილმდებარეობა და სასურველი ფანჯრის ფორმა ან ხედების არსებობა-არარსებობა ერთმანეთთან თანხევდრაში არაა, ასეთი პრობლემების მოგვარებაში ფარდები შეიძლება დაგეხმაროთ. ამის საპირისპიროდ, არასწორად შერჩეული ფარდები (ძირითადად მასალის გამო) შეიძლება პრობლემად იქცეს. იმედი მაქვს დაგეხმარეთ და გაგიადვილდებათ სახლის დაგეგმარებისას ფანჯრების შერჩევა.
წინა ბლოგი – რა უნდა ვიცოდეთ შენობის საძირკველის შესახებ