აზიაში უძველესი დროიდან შენდებოდა დიდებული ტაძრები და სასახლეები, ისინი გამოხატავდნენ ღვთაების დიდებასა და სამეფოს ძალაუფლებას. აზიის ქვეყნების არქიტექტურა განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო და დღესაც არის თავისი ამოუცნობი ცივილიზაციით. მოდით ერთად განვიხილოთ სამხრეთ-აღმოსვლეთ აზიის უძველესი არქიტექტურული შედევრები.
ანგკორ – ვატი
კჰმერის არქიტექტურის ჩინებული მაგალითი, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი საკულტო ნაგებობა, რომელიც მდებარეობს კამბოჯაში.
ტაძარი აგებულია მფარველი ღვთაების – ვიშნუს პატივსაცემად. მეცნიერების ვარაუდით, ანგკორას კომპლექსი ზუსტად განასახიერებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ყველაზე ნათელ ღამეს.
ტაძარი ინდუისტური კოსმოლოგიის გრანდიოზული განსახიერებაა: მისი ცენტრალური კოშკები მერუს მთას, ღმერთების სახლს განასახიერებს, ხოლო გარეთა კედლები – მის გარშემო მყოფ სამყაროს.
აღსანიშნავია, რომ ძეგლი დასავლეთისკენ არის ორიენტირებული, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს, თითქოს იმპერატორმა ის თავისი სულის მოსახსენიებლად ააგო.
ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ რელიეფები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით არის განლაგებული, რაც ჩვეული თანმიმდევრობის დარღვევაა.
ანგკორ – ვატი ერთადერთი რელიგიური ნაგებობაა, რომლის ხილვაც შესაძლებელია სახელმწიფოს დროშასა და გერბზე.
იმპერატორის სასახლე ტოკიოში
იაპონიის იმპერატორების მთავარი რეზიდენცია, აშენებულია XVს.–ის ედოს ტაძრის ადგილას. ის საკმაოდ დიდი ისტორიის მატარებელია.
მან გადაიტანა უამრავი მიწისძვრა და ხანძარი. ამის გამო მას არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც მისი არქიტექტურა გახდა შერწყმული.
ღირშესანიშნაობის ერთი ნაწილი აგებულია ევროპული სტილით, ხოლო მერე – ტრადიციული. იმპერატორის სასახლე რამდენიმე შენობისგან შედგება.
ესენია: მთავარი სასახლე, იმპერატორის ოჯახის წევრების კერძო რეზიდენცია, არქივი, მუზეუმი და ადმინისტრაციული ოფისი.
თუმცა ყველაზე მეტად ის ცნობილია თავისი გამორჩეული და თვალისმომჭრელი ბაღებითა და ტყით.
ჩვეულებრივ დღეებში მოქალაქეებისთვის სასახლეში შესვლა აკრძალული აქვთ. მნახველისთვის ის წელიწადში მხოლოდ ორჯერ – იმპერატორის დაბადების დღეს ( 23 დეკემბერს) და ახალ წელს (2იანვარს) იხსნება.
მწოლიარე ბუდის ტაძარი
ტაილანდში, კერძოდ, ბანკოგში მდებარე უძველესი ტაძარია, რომელიც აშენდა XIIს.–ში.
ტაძარში, პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს მოოქროვილი მწოლიარე ბუდის უზარმაზარი ძეგლი, რომლის სიგრძე 46 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 15 მეტრი.
ძეგლის ფეხები დაფარულია მარგალიტისფერი ორნამენტებით. მათი საშუალებით გადმოცემულია ბუდის ინდივიდუალიზმი.
ნაგებობის კედლები გაფორმებულია ნახატებით, რომლებზეც ასახულია ბუდის მოსწავლეების ცხოვრება. აქვე შეხვდებით ბიბლიოთეკას უძველესი ხელნაწერებით.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტაძარში ჩაეყარა საფუძველი ტაილანდურ მასაჟს.
ცის ტაძარი
პეკინის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო აკრძალულ ქალაქთან ერთად. ორივე ღირშესანიშნაობა აშენდა XVს. – ში, თუმცა ტაძრის კომპლექსი ფართობით ბევრად დიდია.
ის წარმოადგენს არაჩვეულებრივ ოაზისს თავისი უძველესი ფიჭვის ხეებით (პინიებით).
ცის ტაძარი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: სამხრეთით მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი დარბაზი, განკუთვნილი მოსავლის ლოცვებისთვის.
ამ დარბაზში იმპერატორი თავად წირავდა ცას სხვადასხვა მსხვერპლს, რათა იმ წელს კარგი მოსავალი ჰქონოდა.
ლოცვის დარბაზი დგას სამსაფეხურიან ფუნდამენტზე, რომელზეც მრავალი სიმბოლოა გამოსახული.
აქვე აღმართულია 28 სვეტი, რომელსაც მდიდრულად მორთული სახურავი ეყრდნობა და წარმოადგენს ტრადიციული ჩინური ეპოქის სიმბოლოს.
ჩრდილოეთ ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც მიწის სიმბოლოს წარმოადგენს, მართკუთხედი ფორმის სამხრეთი ნაწილი გამოსახავს ცას.
აქ მდებარეობდა იმპერატორის განსაკუთრებულად დიდი ექოს მქონე იმპერატორის ცის დარბაზი.
აღნიშნული ტაძრის ორივე ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდით. სამხრეთ ნაწილში ასევე დგას მთვარის შესაწირი ( ალტარი), სამსაფეხურიანი პლატფორმით. მის ცენტრში მდებარეობს „ცის გული“, საიდანაც იმპერატორი წარმოსთქვამდა ლოცვებს კარგი ამინდის მინიჭებისთვის.
ამ მნიშვნელოვანი ნაგებობების გარშემო აგებული იყო ორმაგი კედელი, რომლის წყალობითაც იმპერატორი უფრო პატარა ჩანდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ არავის ჰქონდა უფლება, ცაზე მაღლა მდგარიყო.
ამ კომპლექსის დათვალიერებისას თვალში ხშირად მოგხვდებათ რიცხვი 9. ცხრიანი ხომ ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანეს რიცხვად არის მიჩნეული. 1998 წელს იუნესკომ ცის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც „მსოფლიოს ერთ – ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“.
ჩინეთის დიდი კედელი
სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის არქიტექტურის განხილვისას შეუძლებელია არ აღინიშნოს ჩინეთის დიდი კედელი. ყველაზე ცნობილი და ერთ – ერთი უძველესი არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელმაც გაუძლო საუკუნეებს და ჩვენამდე მოაღწია.
სხვანაირად მას „გრძელი კედელი 10 000 ლის“ – ს უწოდებენ. მისი მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. III ს. – ში იმპერატორ ცინ შიხუანდსის მიერ
მეომარ სამეფოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების თავდასაცავად და იმ დროს უკვე დაპყრობილი ტერიტორიების ერთიანობის გასამყარებლად. სხვადასხვა იმპერატორის დროს კედელი ნელ – ნელა ფართოვდებოდა.
ამ ძეგლის უნიკალურობას განაპირობებს მისი ბუნებრივი შერწყმა ლანდშაფტთან. როგორც ვიცით, ასეთი გრანდიოზული ნაგებობის ასაშენებლად გარემო მეტად რთული იყო თავისი მთიანი ქედებით, სიმაღლეებითა და საკმაოდ ღრმა ხეობებით.
ამის გამო კედლის ზომები სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გამოვიდა. კედლის გარე ნაწილზე განლაგებულ ქონგურებს გააჩნიათ მარტივი სწორკუთხოვანი ფორმა.
ძეგლის ნაწილს კოშკები წარმოადგენს. ზოგიერთი კოშკი კედლის აგებამდეა აშენებული და ამიტომ ნაგებობაშია ჩაშენებული. ასეთი კოშკები ხშირად იმაზე ვიწროა ვიდრე თავად კედელი, მათი განლაგების ადგილები კი შემთხვევითია.
რაც შეეხება კედელთან ერთად აგებულ კოშკებს, ისინი ერთმანეთისგან 200მ. მანძილითაა დაშორებული. არის რამდენიმე სახეობის არქიტექტურულად განსხვავებული კოშკიც.
ყველაზე მეტად გავრცელებულია სწორკუთხოვან გეგმაში ორსართულიანი ტიპის კოშკები. მათ გააჩნიათ ზედა მოედანი, საიდანაც კარგად ჩანდა დაახლოებით 10კმ. მანძილიდან ცეცხლის სასიგნალო – სათვალთვალო კოშკები, რომელთა საშუალებითაც მტრის გამოჩენის შემთხვევაში მეომრები ერთმანეთს სიგანელბს გადასცემდნენ.
წინა ბლოგი – “სამყაროს სახურავის” არქიტექტურა