ტიბეტი უმაღლესი რეგიონია დედამიწაზე, რომელსაც ,,მსოფლიოს სახურავსაც“ უწოდებენ

ტიბეტი, “სამყაროს სახურავი”, უმაღლესი მთები, აქ შეხვდებით ცათამბჯენ მყინვარებსა და მათ ჩრდილქვეშ მოლივლივე ფირუზისფერ ტბებს.

ასეთ დიდებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის კულტურა და უძველესი ტრადიციები ასევე გამორჩეული, საინტერესო და მიმზიდველია.

სწორედ ბუნება, კულტურა და რწმენა განაპირობებს ტიბეტური არქიტექტურის უნიკალურობას.

ტიბეტმა წარმოშვა არქიტექტურის საკუთარი, მარტივად საცნობი ფორმები და სტილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური, ინდური და მონღოლური კვალიც შეინიშნება აქაურ არქიტექტურაში.

აუცილებლად შეამჩნევთ ნაგებობების სიმეტრიას განლაგებასა და ფასადში; შენობების ოდნავ ტრაპეციულ ფორმას; მძიმე, ქვისგან ნაშენებ საძირკველსა და შედარებით მსუბუქ ზედა ნაწილს ე.წ ,,battered” კედლებით.

ტიბეტელები ფანჯრებზე თამამად იყენებენ შავი და თეთრი ფერებისგან შექმნილ კონტრასტს. ბრტყელი და მოსწორებულია, როგორც აზიურ არქიტექტურას ახასიათებს, სახურავებიც.

მათ პარაპეტებზე, ასევე ფანჯრებსა თუ კარებზე ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა მაშინვე შეიგრძნოთ შორეული აღმოსავლეთი – გულმოდგინედ დამუშავებული, დეტალური დეკორაციები და ფერების სიუხვე.

რელიგიურ აქტივობებს ადგილობრივების ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და სწორედ ამიტომ, ტიბეტში მრავლადაა მონასტრები, ტაძრები და სტუპები.

კედლები, უმეტესად, წითელი და თეთრი აგურებითაა გაწყობილი, რაც გრანდიოზულ შესახედაობას მატებს შენობებს. ოქროსფერი სახურავები კი – გამარჯვების დროშებით, დჰარმას ბორბლითა და ირმებით – ოქროს ბრწყინვალებით ანათებს.

უძველესი ტიბეტური რელიგიური ძეგლები ინდურ პრინციპებზეა დაფუძნებული.

შედარებით მოგვიანებით შექმნილ ნაგებობებსა და ტაძრებს კი, რომლებიც, IX-X საუკუნეებში, ბუდიზმის მთავარ რელიგიად მიღების შემდეგ აშენდა, უცხოური გავლენები მხოლოდ მცირედ ემჩნევა.

ტიბეტელების კულტურასა და იდენტობას საუკეთესოდ ასახავს ტიბეტური ბუდიზმის სამყაროში ყველაზე წმინდა ადგილი – ჯოხანგის მონასტერი, რომლის მშენებლობა მეშვიდე საუკუნეში დაიწყო.

მისი სახურავები მოოქროვილი ბრინჯაოს ფილებით, მოოქროვილი ფრინველებით, ზარებითა და სხვა მრავალი ფიგურითაა დაფარული.

რა თქმა უნდა, ორ ირემს შორის მოქცეული დჰარმას ბორბალი ჯოხანგზეც შეგვხვდება – ყველა ბუდისტური ტაძრის სახურავზეა გამოსახული ეს სიმბოლო, რომელიც ადამიანის სწავლებას წარმოაჩენს ბუდასგან.

ჯოხანგი ოთხი სართულისგან შედგება, რომლის პირველი ორი სართული უძველესი არქიტექტურის გადმონაშთია და აშკარად განიცდის ინდური არქიტექტურის გავლენას.

ამ ორი სართულის გეგმა კვადრატული ფორმისაა, აგურის გარე კედლებითა და შიგნიდან ხის სტრუქტურით.

ჯოხანგის მონასტერი წლების განმავლობაში ნეპალის, თანგის დინასტიის ჩინეთისა და ინდოეთის გავლენით სისტემატურად იცვლებოდა;

ასევე ფართოვდებოდა და XVII საუკუნეში დალაი ლამას მიერ ფართო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა არ გამქრალა ძველი დიდებულების ელფერი – ძირითადი ნაწილი, რომელიც VII საუკუნითაა დათარიღებული, კვლავ შენარჩუნებულია.

მონასტერი, ტაძარი თუ პაგოდა ამ ადგილას ბევრია და საუკეთესოდ წარმოაჩენს აქაური არქიტექტურის ხელოვნებას.

თუმცა, არ შეიძლება, ტიბეტის არქიტექტურაზე ვისაუბროთ და სასახლეები არ განვიხილოთ!

დალაი ლამას ზაფხულის რეზიდენცია – ნორბულინკა – ტიბეტური ხელოვნების კიდევ ერთი შედევრია. სასახლესთან ფერადი ყვავილებითა და მცენარეებით სავსე ბაღიცაა – ,,ყველაზე მაღალი ბაღი“ დედამიწაზე..

სასახლის არქიტექტურა აერთიანებს ტაძრისა და ვილას მახასიათებლებს და ეს განაპირობებს ნორბულინგკას გამორჩეულ, ჯადოსნურ სახეს სხვა სასახლეებთან შედარებით.

ნორბულინგკა რამდენიმე სასახლეს მოიცავს და თითოეული კომპლექსი სამ ნაწილადაა დაყოფილი: თვითონ სასახლის ნაწილი, სასახლის წინა ნაწილი და ტყე. წლების განმავლობაში გაფართოებებისა და ცვლილებების შედეგად შეივსო პავილიონებით, ბაღებითა და ტყეებით.

დალაი ლამას ისტორიული რეზიდენცია ასახავს ტიბეტელი ხალხის ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ თავისებურებებს. ამიტომაც, უფრო საინტერესოა სასახლის თვალიერება და ნორბულინგკას მშვენიერ ბაღებში მშვიდად სეირნობა.

და რაც ყველაზე მთავარია, ტიბეტელების სიამაყე – დიდებული პოტალა!

დედაქალაქ ლჰასაში წითელი ბორცვიდან ამოზრდილი სასახლე ტიბეტური არქიტექტურის ყველაზე საოცარი და გრანდიოზული ნიმუშია, რომელიც დალაი ლამას ზამთრის რეზიდენციას წარმოადგენდა.

პოტალა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმოსახვა, კრეატიულობა და დიდებულება შეერწყას ბუნებას – თითქოს კლდის ნაწილია ნაგებობის საძირკველი, ზიგ-ზაგისებური კიბეები კი, კლდის კიდეებსა თუ მთის მონახაზებს მიაგავს.

ლანდშაფტთან ჰარმონია კიდევ ერთი უმთავრესი პრინციპია ტიბეტურ არქიტექტურაში.

პოტალა თეთრ და წითელ სასახლეებს აერთიანებს. თეთრი სასახლე მოიცავდა დალაი ლამას საცხოვრებელ ადგილებს, რომლებიც მზის პავილიონებში იყო განთავსებული.

წითელი სასახლე კი – რელიგიური სწავლების, ლოცვისა და რიტუალებისთვის იყო განკუთვნილი. მთავარი ადგილი აქაც პავილიონებს უკავია, სადაც დალაი ლამების მემორიალური სტუპები დგას.

სასახლის სახურავების უმეტესობა ოქროთია მოვარაყებული და ტრადიციული აღმოსავლური ფორმისაა, აპრეხილი კუთხეებით.

ოქროსფრის, თეთრისა და წითლის სიჭარბე ყველაზე მეტად შეინიშნება ტიბეტურ არქიტექტურაში.

წითელი განსაკუთრებით უყვართ ტიბეტში, დამცავი თვისებების ფერადაც ითვლება და სწორედ ამიტომ გვხვდება, ხშირად, წმინდა ნაგებობებში. წითელი სასახლეც ხომ ბუდასადმი ლოცვისა და რიტუალების ადგილს მოიცავდა.

ტიბეტელთა მიღწევები მშენებლობაში კარგად ჩანს სასახლის მაგალითზე.

პოტალას კედლები დატკეპნილი მიწისა და ქვისგანაა ნაშენები, საძირკველში კი, სპილენძია შეზავებული მიწისძვრისგან თავდასაცავად. ეს ყველაფერი, ნაგებობის სიძლიერეს უზრუნველყოფს საუკუნეების მანძილზე.

პოტალას სასახლე

ტიბეტური სასახლეები, კოშკები, ტაძრები ან უბრალო საცხოვრებელი სახლები, ერთად ერწყმის აქაურ ბუნებას და, ალბათ, მათთვის თვალის შევლება საოცარ სიამოვნებას და სიმშვიდეს უნდა გვრიდეს ადამიანს.

იქ ყოფნის გარეშე, სურათების თვალიერებითაც შეგიძლია წარმოიდგინო როგორ დადიხარ ფეხით ისტორიულ და ფერად შენობებს შორის;

როგორ გგონია თავი ზღაპარში, ყოველდღიური საზრუნავებისგან მოწყვეტით და ყველაფრის დავიწყებით;

როგორ აკვირდები ნაგებობებს, რომლის არქიტექტურის მცირე დეტალებიც კი გაგრძნობინებს იქაური ერისა და კულტურის სულს..

წინა ბლოგი – ყველაფერი სკანდინავიური სტილის შესახებ

Facebook Instagram