დღესდღეობით, არც თუ ისე ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცის რეტრო სტილში გადაწყვეტა სურს. ზოგი მას წარსულის ნოსტალგიის გამო ანიჭებს უპირატესობას, ზოგსაც უბრალოდ მეტი ფერისა და სიხალისის შემოტანა უნდა. ეს ნივთები კი რეტრო ინტერიერის შესაქმნელად დაგვეხმარება.

რეტრო ინტერიერში მოიაზრება სხვადასხვა დეკორაციული სტილი, რომელიც წარსულში გავრცელებული ტრენდებითაა ინსპირირებული, განსაკუთრებით ეს 1950, 60 და 70-იან წლებს ეხება.

ყველა შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ თუ სივრცის ასე მოწყობას დააპირებთ, კარგი იქნება ძველი ნივთები მოიძიოთ, რადგან ისინი ძალიან დაგეხმარებათ რეტრო აურის შექმნაში. ჩვენ კი საქმის გასამარტივებლად რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.

ტელეფონი

არც ისე შორეულ წარსულში, სახლში ყველა ჩვენგანს გვქონდა ძველებური სტილის ტელეფონი. ერთ დროს მის გარეშე კომუნიკაცია წარმოუდგენელიც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაცილებით მრავალფუნქციური ტელეფონები არსებობს, რეტრო ინტერიერს მასსავით ვერცერთი მათგანი ვერ დაამშვენებს.

ასე რომ, თუ ეს ნივთი სადმე შორეულ ადგილზე გაქვთ გადანახული, დროა თქვენს მისაღებ ოთახში დააბრუნოთ.

საათი

საათი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი დეტალია და ნამდვილად იმსახურებს ადგილს ინტერიერში.

საბედნიეროდ, ამ მხრივ საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს: ბევრგან შეიძლება ძველი, ორიგინალური სტილის საათის შერჩევა, რომელიც  სტუმრებზე ვიზუალურ შთაბეჭდილებას მოახდენს და ხაზს გაუსვამს რეტრო სტილს.

ასევე შეგიძლიათ საძინებელ ოთახში მაღვიძარასაც მიუჩინოთ ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მის ფუნქციას ტელეფონები ასრულებენ.

სამზარეულოს ნივთები

აღნიშნული თემის განხილვისას  რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს სამზარეულო, მითუმეტეს, რომ დიდი ალბათობით, ყველა ჩვენგანს გვქონდა ან შეიძლება ახლაც შემორჩენილი გვაქვს ძველი, ძირითადად საბჭოთა ესთეტიკის მატარებელი ჭურჭელი.

ფერადი ჩაიდნები, ვინტაჟური თეფშები, კოპლებიანი ჭიქები, თასები, ყველანაირი სახის ჭურჭელი მისაღებია.

ასევე შეგიძლიათ ძველებური სტილის ხელსახოცების, მაგიდაზე გადასაფარებელი სუფრების გამოყენებაც. ასე რომ, შეზღუდული არ ხართ, სამზარეულოს ნებისმიერი ატრიბუტი შეიძლება გამოგადგეთ.

განათება

ოთახში სიმყუდროვის შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათებას.  მნიშვნელობა არ აქვს როგორ სტილში აპირებთ სივრცის მორთვას, არასდროს არ უგულებელყოთ განათების მნიშვნელობა.

ამიტომ, მოიძიეთ ძველებური დიზაინის მაგიდის სანათი, აბაჟური, ან უბრალოდ ვინტაჟური ნათურები, რათა კიდევ უფრო მეტი მომხიბვლელობა მიანიჭოთ თქვენს ინტერიერის დიზაინს.

კიბე

გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა ინტერიერში კიბის გამოყენებას ვიზუალური ეფექტიც აქვს, რადგან შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთების დასაკიდებლად ან დასადებად გამოიყენოთ ისე, რომ სივრცე არ გადაიტვირთოს.

განსაკუთრებით მნიშნელოვანია მაშინ, როცა სივრცეში შეზღუდული ვართ, მაგალითად – სააბაზანოს შემთხვევაში.

კიბე ნებისმიერ ოთახში შეიძლება განათავსოთ: სამზარეულოში ჭურჭლის დასაწყობად, სასტუმრო ოთახში მცენარეებისთვის, საძინებელში წიგნებისთვის და ა.შ

ამიტომ, თუ გადანახული გაქვთ ძველი ხის კიბე და არ იცოდით რა მოგეხერხებინათ, ახლა უკვე იცით, რომ ორიგინალურ და პრაქტიკულ რეტრო დეკორაციად გამოგადგებათ.

ჩემოდანი

კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები რეტრო ატმოსფეროს შესაქმნელად იყენებენ, არის ძველებური სტილის ჩემოდანი.

შეიძლება იფიქროთ, რომ ჩემოდანი მხოლოდ დეკორაციად გამოდგება, თუმცა პარალელურად, მას სხვადასხვა ფუნქცია შეუძლია შეითავსოს, მაგალითად ზოგი ოთხფეხა მეგობრების საწოლად ან უბრალოდ მცენარის დასადებად იყენებს.

ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ჩემოდანი ერთმანეთზე დააწყოთ და პატარა მაგიდად აქციოთ, რომელსაც საწოლის ან სავარძლის გვერდით მიუჩენთ ადგილს და სანათის ან წიგნების დასაწყობად გამოიყენებთ. 

მართალია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასეთი ჩემოდნები დღეს ვინმეს სახლში შენახული ჰქონდეს, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან არაერთი ისეთი მაღაზია ან ადგილი არსებობს, სადაც სპეციალურად ძველი ნივთები იყიდება.

ფირსაკრავი

გასაკვირი არ არის, თუ რეტრო ინტერიერზე საუბრისას ასოციაციურად ფირსაკრავი გაგახსენდებათ.

გარდა მუსიკალური უპირატესობისა, ფირსაკრავი არაჩვეულებრივი საშუალებაა, თქვენს სასტუმრო ან საძინებელ ოთახს ძველებური აურა შემატოთ.

ამისთვის კი სულაც არაა აუცილებელი, რომ მაინდამაინც მელომანი იყოთ.

ფოტოაპარატი

თუ ფლობთ ძველ ფოტოაპარატს, აუცილებლად მიუჩინეთ მას ადგილი თქვენს რეტრო ინტერიერში.

გარდა იმისა, რომ, როგორც დეკორაცია, ძალიან მოუხდება აღნიშნულ სტილს, ასევე ფუნქციურადაც შეიძლება გამოგადგეთ.

მართალია,  თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ციფრული ფოტოაპარატების ძალიან ფართო არჩევანია, თუმცა, ფოტოგრაფიის მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ ფირით გადაღებული ფოტოები სრულიად განსხვავებული ესთეტიკით გამოირჩევა.

ავეჯი

და ბოლოს, რა თქმა უნდა აქსესუარები და დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერში, მაგრამ დიდწილად ატმოსფეროს მაინც ავეჯი ქმნის.

ამიტომ, ნუ იჩქარებთ ძველი ავეჯის თავიდან მოშორებას, რადგან რეტრო სტილის შესაქმნელად შეიძლება ძალიან გამოგადგეთ ძველი სკამები, მაგიდა, სავარძელი და ა.შ. ხშირად ახლი სიცოცხლე ავეჯში უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ახალი ავეჯი.

დროებით! 

წინა ბლოგი – როგორი სახლი სურთ ახალგაზრდებს?

Facebook Instagram