საფრანგეთი, ამერიკა და ინდოეთი – ლუვრი, ემფაიარ სთეით ბილდინგი და თაჯ-მაჰალი. 

მოგზაურობას დრო და ფინანსები სჭირდება, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და იდეალური შვებულების დაგეგმვა გამოცდილებას მოითხოვს. გამოცდილების შეძენაში კი ჩვენ დაგეხმარებით, შემოიარე მსოფლიო 3 წუთში.

მსოფლიოში უამრავი ლამაზი ადგილი,  ცნობილი მუზეუმი, განსხვავებული  შენობა და არიტექტურის უკვდავი ძეგლია შექმნილი, რომელიც ადამიანს ჯერ კიდევ არ უნახავს.

გემოვნებაზე არ დაობენო, ხოდა მეც, ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ 3 გენიალურ არქიტექტურულ შემოქმედებას გაგიმხელთ, რომლებიც  დახვეწილი, ძველი, მაგრამ უკვდავი ძეგლებია. 

სიტყვა უკვდავი ვახსენე, ამიტომ საფრანგეთში ვიმოგაზაუროთ, შანზელიზეს ჩავუყვეთ და გეზი ლუვრისკენ ავიღოთ

2018 წელს ლუვრი 10.2 მილიონ ადამიანს დაუთვალიერებია. დიდი შუშის სამკუთხედი, პატარა შადრევანი და მდიდრული სასახლე ფრანგული დახვეწილი არქიტექტურის საოცარი ნაზავია.

ერთ ხედად იშლება ჰარმონია, გემოვნება, სითამამე და უკვდავობის განცდა.

პიერ ლესკოტმა, ლუის ლე ვაუმ და კლოდ პერაულტმა შექმნეს სასახლე, ბაღი და თითქმის მთელი მშვენიერება.

ლეო მინგ პეიმ კი შუშისა და რკინის დიდი სამკუთხედით დაასრულა და ერთ სრულყოფილებად აქცია პარიზის პარფიუმით გაჟღენთილი ქუჩები.

ერთი ბედნერებაა ნახო ლუვრი დღისით, ხოლო მეორე ბედნიერებაა გაბრწყინებულსა და განათებულს უყურო საღამოს, სადაც მეტად მკაფიოდ იგრძნობა წლების ნაგროვები არქიტექტურის, დიზაინისა და კულტურის ბუმი.

მოვწყდეთ პარიზს, ოკეანე გადავცუროთ და ამერიკაც დავათვალიეროთ

ნიუ-იორკს ისე როგორ უნდა ჩავუაროთ, ემფაიარ სთეით ბილდინგზე 102-ე სართულიდან, რომ არ გადმოვხედოთ ქალაქს. ერთი შეხედვით დიდი ცათამბრჯენია, თუმცა ეს სიდიადე შენობის დახვეწილი ფორმა და დიზაინი არქიტექტურის ერთ-ერთი ულამაზესი შედევრია.

იცოდით? რომ 103-ე სართულიც არსებობს, თუმცა მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის არის გამოყოფილი. 103-ე სართულზე ერთი პატარა ოთახია და იქიდან ბევრად უკეთესი ხედი იშლება.

ემფაიარ სთეით ბილდინგის აშენებაში წვლილი მიუძღვის ვილიამ ლამბს, არტურ ჰარმონს, გრეგორი ჯონსონსა და იასუო მაცუოს.

მათ ეს შენობა საინტერესო და განსხვავებული სტილით დააპროექტეს. ფართო გვერდები, წვრილი და წაწვეტებული სახურავი თითქოს ბანალურ ცათამბრჯენს გვაგონებს, სინამდვილეში კი ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია.

ამერიკიდან ინდოეთისკენ წავიდეთ და მესამე საოცარი არქიტექტურის შედევრი დავათვალიეროთ.

თაჯ-მაჰალი იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს და უნდა ითქვას, რომ მონღოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია.

ერთი შეხედვით იკვეთება ინდური, თურქული და სპარსული არქიტექტურის სტილი. ჯერონიმო ვერენეომ ჯერ კიდე წლების წინ, შექმნა ნაგებობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაშიც არ დაკარგავდა სილამაზესა და უნიკალურობას.

თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, ინდური სტილის მომრგვალებული სახურავები, გარშემო სამლოცველოები და ულამაზესი ბაღი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მზის ჩასვლისას თუ თაჯ-მაჰალის პირას ხელოვნურად შექმნილ აუზთან ჩამოსხდებით დაინახავთ, თუ როგორ იხატება წყალში საოცარი სილამაზე და როგორი მკვეთრი ფერებით აფერადებს თაჯ-მაჰალს მზე თავისი ჩამავალი სხივებით.

დამეთანხმებით, ყველაფერში შეიძლება სილამაზე დაინახოს ადამიანმა ერთი უბრალო შენობა ვიღაცისთვის არქიტექტურის შედევრია. მაგრამ არსებობს ნაგებობები, რომლებიც თაობებსა და ხალხში უკვდავი და უცვლელია თავისი სილაამაზით, გამორჩეულობითა და იმ არქიტექტურული და ვიზუალური დეტალებით, რომლებსაც წლების წინ ადამიანები ქმნიდნენ.

შვებულება მოკლეა, ხოდა არ დავკარგოთ დრო და 3 წუთში დავათვალიეროთ მთელი მსოფლიო.

წინა ბლოგი: 5 რჩევა სააბაზანოს დიზაინის გასაუმჯობესებლად

Facebook