თუ ძველმა ინტერიერმა უკვე თავი მოგაბეზრათ, მაგრამ ვერაფრით მოაბით თავი სახლის განახლებას, ან თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ და დიზაინის შეცვლაში დიდი ენერგიის ჩადება არ გსურთ, არსებობს პატარა ხრიკები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

შპალერი

აუცილებელი არაა, კედლები ყოველ ჯერზე გადაღებოთ, როცა რაიმე ახალს მოიფიქრებთ. ამის მარტივი ალტერნატივაა შპალიერის გამოყენება, რომელსაც ისევე მარტივად ჩამოხსნით, როგორც გააკრავთ.

ფილების საკრავი

შპალიერის მსგავსად, ისინი მარტივად ეწებება სამზარეულოს ფილებს და ძალიან ახალისებს მოსაწყენ, ერთფეროვან დიზაინს. გამოიყენეთ სხვადასხვა ვიზუალის მქონე ფერადი სტიკერები სამზარეულოს ან სააბაზანოს გასაფორმებლად.

პატარა მანათობელი ბურთები

ვინ თქვა, რომ ასეთი განათებები მხოლოდ ახალ წელს უხდება? პატარა მანათობელი ბურთულები ოთახს სიმყუდროვეს შემატებს და მშვიდ საღამოებში ზედმეტად კაშკაშა შუქის ანთების აუცილებლობასაც გააქრობს.

დეკორატიული ნივთები და სურათები

ნებისმიერი ავეჯი, რომელსაც ბრტყელი თავი აქვს, აუცილებლად გამოდგება პატარა გამოფენისთვის. გამოიტანეთ მოგზაურობიდან ჩამოტანილი საყვარელი აქსესუარები, ფოტოსურათები და სხვა მცირე ზომის ნივთები, რათა კიდევ უფრო გაახალისოთ თქვენი საცხოვრებელი. თანაც, ასეთი ნივთები მეტ ემოციას იწვევენ, ვიდრე უბრალოდ ლამაზად შეღებილი კედელი ან ახალი ავეჯი.

პირადი სივრცის განცდას კიდევ უფრო გაამძაფრებს თქვენი და თქვენი ახლობლების ფოტოსურათები, ან უბრალოდ საყვარელი პოსტერებიც.

ისევ და ისევ, მცენარეები!

სახლის გაფორმებისთვის მცენარეები ძალიან კარგი საშუალებაა, თანაც ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ – ლამაზ გარეგნობასთან ერთად ჰაერის გასუფთავებასაც უწყობენ ხელს. თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მცენარეების ამოსარჩევად წაიკითხეთ ეს სტატია.
შეგიძლიათ აქაც ჩართოთ ფანტაზია და იმის მაგივრად, რომ ყველა კუთხე-კუნჭულში მცენარეები შემოდგათ, ადექით და ჩამოკიდეთ ისინი! ჩამოკიდული მცენარეები კიდევ უფრო დახვეწილ ვიზუალს მიანიჭებს თქვენს ოთახებს და თვალისთვისაც უფრო შესამჩნევი და მიმზიდველი იქნება.

გადააადგილეთ ავეჯი

შეიძლება არც დაიჯეროთ, ისე შეიცვალოს ოთახი, როცა ავეჯს უბრალოდ ადგილმდებარეობას შეუცვლით. ამ პროცესში შეიძლება აღმოაჩინოთ კიდეც, რომ რაღაც ნივთები საერთოდ აღარ გჭირდებათ, ან პირიქით, ახლის დამატება მოგინდეთ. იმისათვის, რომ სიმეტრიულობა და ბალანსი არ დაარღვიოთ, გირჩევთ ეს სტატია ნახოთ, სადაც ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებზეა საუბარი.

ბალიშები

სახლის დიზაინისთვის ახალი სიცოცხლის ჩასაბერად ხანდახან უბრალოდ ფერადი ნივთების შემოტანაც საკმარისია. ამისათვის ბალიშები ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია. დაალაგეთ დივანზე ჭრელი, ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული ბალიშები. ასეთი პატარა დეტალები ძალიან ეფექტურად მოქმედებს.

წებოვანი ლენტი

კედლების გასაფორმებლად წებოვან ლენტებს უკვე დიდი ხანია იყენებენ. ამ გზით შესაძლებელია როგორც რაიმე დიდი სურათის აწყობა (მაგალითად შენობების, ტყის და სხვა), ისე გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა. ძირითადად შავ წებოვან ლენტს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას, მაგრამ აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, თავისუფლად შეგიძლიათ აურიოთ ფერებიც.