ცივ დღეებში ცეცხლის დანთება და მის გარშემო კომფორტულად მოკალათება ერთი სიამოვნებაა. კიდევ კარგი, ამისათვის ყოველ ჯერზე ტყეში გასვლა არ გვიწევს. ამის მიზეზი კი ცნობილი გამოგონება ბუხრია. ფუნქციური დატვირთვის გარდა, ამ კუთხის დეკორატიული ელემენტებით შემკობა კიდევ უფრო მყუდროდ აქცევს ცივ საღამოებს.

რადგან ბუხარს ფუნქციურად მხოლოდ ზამთარში ვიყენებთ, წელიწადის დანარჩენ დროებში შეგვიძლია ეს კუთხე უფრო მიმზიდველი ვაქციოთ და დეკორატიული ელემენტებით შევამკოთ. ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ინტერიერის გასახალისებლად.

მცენარეები

შესძინეთ თქვენს ბუხარს ახალი სიცოცხლე საყვარელი მცენარეებით. დაალაგეთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქოთნებში განთავსებული სუკულენტები, ხვიარა მცენარეები, კაქტუსები და ა.შ.

დეკორატიული შეშა

მერე რა, რომ ზაფხულია, მთავარია ბუხარი ბუხარს გავდეს და სიმყუდროვისთვის უბრალოდ ლამაზად დაწყობილი შეშაც საკმარისია. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხებს მიმართოთ და გამოიყენოთ როგორც ნამდვილი, ისე დეკორატიული შეშა. არსებობს ისეთებიც, რომლებიც სანთლების როლსაც ასრულებენ.

სანთლები

მშვიდი და რომანტიული საღამოებისთვის სანთლების დასაწყობად ბუხრის გამოყენება კიდევ ერთი საინტერესო იდეაა. როგორც ჩანს, აუცილებელი არაა თბილი განწყობის შესაქმნელად ცეცხლის ალები ცეკვავდნენ.

წიგნები

თუ ინტერიერის დიზაინი შედარებით ერთფეროვანია, მის გასახალისებლად გამოიყენეთ ფერადი, საინტერესო ყდებით შემკული წიგნები. ერთი შეხედვით, ეს იდეა შესაძლოა ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მთავარია შედეგით იყოთ კმაყოფილი და ამისათვის რა ხერხს მიმართავთ, ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

სურათი

ვინ თქვა, რომ სურათი აუცილებლად კედელზე უნდა ეკიდოს? მიაყუდეთ გამორჩეული და ყურადღების მიმქცევი ნახატი ან უბრალოდ სურათი ბუხარს. თუ ცეცხლს პერიოდულად მაინც ანთებთ ხოლმე, ასეთი დეკორატიული გადაწყვეტა პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნით: უბრალოდ გვერდზე გასწევთ სურათს საჭიროების შემთხვევაში და ფუნქციურად ისარგებლებთ თქვენი ბუხრით. თანაც, აუცილებელი არ იქნება კარგად გაწმინდოთ ბუხარი ყოველ ჯერზე, როცა ცეცხლს დაანთებთ. მიყუდებული სურათით ამ ადგილს მარტივად დაფარავთ.

შეავსეთ ბუხრის თავი

ამას გარდა, ბუხრის თავი პატარა „გამოფენისთვის“ ალბათ საუკეთესო ადგილია. ეს კუთხე აუცილებლად იქცევს სტუმრებისა და სახლში მცხოვრებთა ყურადღებას, ამიტომ შეარჩიეთ თქვენთვის საყვარელი ნივთები და გამოიტანეთ ისინი ოთახის გამორჩეულ ადგილას. თუ რომელიმე სტილს ანიჭებთ უპირატესობას, მოაწყვეთ ეს სივრცე სასურველი დიზაინის მიხედვით. ეს თავიდან აგაცილებთ მთლიანი ოთახის გადაწყობისგან გამოწვეულ თავის ტკივილს. შეგიძლიათ მიმართოთ სკანდინავიურ სტილს, რაც ბუხრის კუთხეს ძალიან მოუხდება.

თუ რაიმე კონკრეტულ მიმართულებას არ ანიჭებთ უპირატესობას, არც ესაა პრობლემა. მიმართეთ ისეთ მარტივ გაფორმებას, როგორიც, მაგალითად, ბუხრის თავზე სარკის ან თუნდაც დეკორატიული თეფშების დაკიდებაა.

ეს ის ადგილია, სადაც თამამად შეგიძლიათ გამოფინოთ მცირე ზომის ბიუსტები და სხვა დეკორაიული ნივთები. აუცილებელი არაა, ისინი ერთ ფერსა და ფორმას იმეორებდნენ, პირიქით, რაც უფრო განსხვავებულები იქნება ისინი ერთმანეთისგან, მით უფრო გამორჩეულ ვიზუალს მიიღებთ.

ბუხრის თავი კარგი ადგილია ლამაზი ყვავილებით სავსე პატარა ლარნაკებისთვისაც. შეგიძლიათ თავადაც მოხატოთ სადა ვაზები, ან ისედაც გამორჩეულები იპოვოთ სხვადასხვა მაღაზიებში.

თუ ეს დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, შეარჩიეთ დანარჩენი ოთახისთვის შესაბამისი ფერი და მთლიანად გადაღებეთ მხოლოდ ბუხრის კუთხე. ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს, რაც უფრო მეტ და განსხვავებულ ხერხებს მიმართავთ, შედეგიც მით უფრო გამორჩეული და ,შესაბამისად, უფრო სასიამოვნო იქნება.