სახლის მოწყობა ზოგს ერთი შეხედვით შეიძლება მარტივ და მოსაბეზრებელ საქმიანობადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ის სფეროა, სადაც ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ინტერიერის დიზაინი შემოქმედებითი ხელოვნებაა და, შესაბამისად, ეს პროცესი ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანია, როგორც ხატვა, წერა, მუსიკის შექმნა და ა.შ.

მარტივი არაა ისეთი დიზაინის შემუშავება, რომელიც შენს საცხვრებელს სხვებისაგან განსაკუთრებით გამოარჩევს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რამდენიმე არასტანდარტული დიზაინის მაგალითი, რომლებიც შენს ფანტაზიას კიდევ უფრო გაამდიდრებს და უჩვეულო ინტერიერის მოფიქრებაში დაგეხმარება.

მისაღები ოთახი ერთი საფეხურით დაბლა

მყუდრო და კომფორტული მისაღები ოთახი სტუმრების მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. კიბეებით ჩასასვლელი საერთო სივრცე, რომელიც ერთი დიდი მოსაჯდომია, ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ეს თითქოს სიახლოვის განცდასაც ამძაფრებს, რადგან კუთხე მოწყვეტილია ოთახის დანარჩენი ნაწილისგან.

კარადა-კარი

საიდუმლო გასასვლელები მხოლოდ დეტექტიურ და საშინელებათა ფილმებში აღარ გვხვდება. მათი დამონტაჟება უკვე ნებისმიერ სახლშია შესაძლებელი და ის მართლაც უფრო ახალისებს ერთი ოთახიდან მეორეში გადანაცვლების პროცესს. წარმოიდგინე შენი სამუშაო ოთახი, რომლის კარადებსაც საიდუმლო მოსასვენებელში გაჰყავხარ!

მაგიდა საქანელებით

რატომაც არ უნდა შემოიტანო ეზოს ინვენტარი პირდაპირ შენს სასადილო ოთახში? გარდა იმისა, რომ საქანელა-სკამები ძალიან გვართობს, მათ კიდევ ერთი პლიუსი აქვს: ასეთ სკამებს ფეხები არ გააჩნია და, შესაბამისად, თითების მირტყმის ყველასათვის საძულველი შეგრძნების რისკიც მცირდება.

საინტერესო განათება

ოთახის განათება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. საღამოობით ფანჯრებში ბუნებრივი მზის შუქი აღარ შემოდის, ასე რომ ხელოვნური განათება ხდება საჭირო. როგორც ჩანს, აქაც შეგიძლია კრეატიულობას მიმართო და საღამოობით ოთახს საინტერესო ვიზუალი შესძინო. ამის ერთ-ერთი მაგალითია ეს განათება, რომლის უცნაური ფორმაც შუქიც ანთებისას შენს ოთახს პირდაპირ ტყედ აქცევს! ასეთ გარემოში კომფორტულად მოკალათება და მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების ყურება მართლაც საინტერესო გამოცდილებაა.

ლოგინი-აკვარიუმი

ფერად-ფერადი თევზების აკვარიუმში მოძრაობა მართლაც საკმაოდ დამამშვიდებელი სანახაობაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ აკვარიუმი პირდაპირ ჩვენი საწოლის თავზე განვათავსოთ. ასეთი ლოგინის მოწყობა არა მარტო თქვენს ოთახს მიანიჭებს გამორჩეულ დიზაინს, არამედ ძილის წინ საოცარ და ზღაპრულ სამყაროშიც გადაგისვრით.

თარო-კიბე-სასრიალო

საინტერესოა, როგორ ახერხებენ თანამედროვე დიზაინერები ერთი შეხედვით ერთმანეთთან არანაირი საერთოს მქონე ნივთების გაერთიანებას! ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია კიბე, რომელიც თან წიგნების თაროს ფუნქციასაც ითავსებს და სასრიალოსაც მოიცავს.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა პირდაპირ საძინებელში

თუ ბოლო სართულზე ცხოვრობ, დაფიქრდი, იქნებ ამ იდეამ დაგაინტერესოს. დღეს უკვე ჭერიც შეიძლება იყოს რაღაც გამორჩეული, განსაკუთრებული და ინოვაციური. ამ ოთახში თეთრი ჭერის მაგივრად ძილის წინ ვარკსვლავების თვალიერებაა შესაძლებელი! უკვე დიდი ხანია, რაც ინტერიერში გარე სამყაროს ელემენტების შემოჭრა ახალი არაა და ეს სწორედ ასეთი დიზაინის ერთ-ერთი მაგალითია.

პინგ-პონგის კარი

თუ წიგნების თარო შეიძლება იქცეს საიდუმლო გასასვლელად, რატომ არ შეიძლება კარს სხვა ორმაგი დატვირთვაც მივანიჭოთ, მაგალითად, პინგ-პონგის მაგიდის? აუცილებელი არაა შენს სახლში ამ გასართობისთვის ცალკე სივრცე იყოს, შეგიძლია პირდაპირ კარი ჩაანაცვლო საყვარელი განტვირთვის საშუალებით.

მყუდრო კიბეები

გარეთ არავის უყვარს კიბეებზე ჯდომა, რადგან ამსვლელ-ჩამსვლელებს მუდმივად სჭირდებათ გატარება, მაგრამ საკუთარ სახლში ეს პრობლემა ნაკლებად იჩენს თავს. შეგიძლია ისეთი მყუდრო სივრცე მოაწყო, სადაც კიბეები კომფორტულ დასაჯდომად შეიძლება იქცეს. სივიწროვის მოყვარულებისთვის ეს მართლაც საინტერესო გადაწყვეტაა.

როგორც ვნახეთ, ფანტაზიას საზღვრები მართლაც არ გააჩნია, როდესაც საქმე სახლის დიზაინს ეხება. ამოარჩიე შენთვის მოსაწონი მაგალითები და მოარგე ისინი საკუთარ სახლს. ამ პროცესში ჩვენც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით! მოგვმართე FORTIS – ში შენთვის ზედგამოჭრილი კომფორტისთვის.