ონიქსი იმ ქვებს მიეკუთვნება, რომელიც მოდიდან თითქმის არასოდეს გადადის. ის პოპულარობით სარგებლობს ყველგან და ყოველთვის, წელს კი მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

რა განსხვავებაა ონიქსსა და მარმარილოს შორის?

სინამდვილეში, ონიქსი მარმარილოს ნაირსახეობაა. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ამ ქვის ულამაზესი აჭრელებული ფაქტურაა. ის საკმაოდ ბევრ ფერში მოიპოვება, რომელთაგან დღევანდელ ტრენდებს ყველაზე კარგად ფირუზისფერი, ღია ვარდისფერი და ბეჟი აჯდება.

ონიქსი ვიზუალური ნიშნების გარდა სხვა მახასიათებლითაც იქცევს ბევრის ყურადღებას – ის ოდნავ გამჭვირვალეა და შუქს კარგად ატარებს. სწორედ ამიტომ კარგად უნდა შევარჩიოთ, სად გამოიყენებთ ამ ქვას.

მიუხედავად იმისა, რომ ონიქსი სხვა მარმარილოს ქვებთან შედარებით უფრო ეგზოტიკურ და სასურველ მასალად მიიჩნევა, მას რამდენიმე უარყოფითი თვისება აქვს: პირველ რიგში, მისი მოვლა ბევრად უფრო რთულია. ის ადვილად იჩხაპნება და მისი გაწმენდაც სირთულეს წარმოადგენს. ამასთან, ონიქსის დამუშავებაც ბევრად რთულია თავისი თხელი ფაქტურის გამო. გასაკვირი არაა, რომ იგივე მიზეზით მისი ინსტალაციაც პრობლემას წარმოადგენს. ონიქსი მარტივად შეიძლება გატყდეს და ამიტომ მთელი საინსტალაციო პროცესის განმავლობაში დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, ისევ და ისევ მისი ფაქტურის წყალობით, ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ონიქსი ინტერიერის დიზაინში

ონიქსი გამოიყენება როგორც მთლიანი, ისე ფილების სახითაც თითქმის ყველაფრისთვის, მაგრამ, ძირითადად, მას მაინც სააბაზანოსთვის და ბარის გასალამაზებლად იყენებენ. ყველაზე მეტად ათვისებულია ამ ქვით ხელსაბანი ნიჟარისა და მაგიდების გაფორმება.

თუმცა, შედარებით უფრო მდიდრულ სახლებში მარმარილოს ეს ნაირსახეობა კედელშიც გვხვდება ჩაშენებული და იატაკადაც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მინიმალიზმი და დაძველებული ეფექტის მქონე ავეჯი მთავარი ტრენდებია, ონიქსის გასაოცარი ვიზუალური შესაძლებლობები ამ ქვას მოდიდან გადასვლის საშუალებას არ აძლევს:

ზოგ სახლში ისეთ საინტერესო გაფორმებასაც წავაწყდებით, როგორიც განათებული ონიქსის კიბეებია:

ონიქსის ზებუნებრივი შესაძლებლობები

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ქვას ხშირად მიმართავენ სახლების დეკორაციისას, მისი ზებუნებრივი ძალებია. ბევრს სჯერა, რომ მასალა დადებით ენერგიას აგროვებს და სახლს უარყოფითისგან იცავს. ის ნეგატიურ ენერგიას შთანთქამს და იღბლიან, ნაყოფიერ ენერგიად გარდაქმნის რისი წყალობითაც წარუმატებლობას შესაძლებლობად აქცევს. მათთვის, ვინც ქვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ონიქსი მართლაც გასაოცარი მასალაა.

ისტორია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ონიქსი მოდიდან არასოდეს გადადის – მისი ისტორია ძველი ბერძნული და რომაული მითებიდან იწყება. ანტიკური მითოლოგიის თანახმად, მდინარე ინდიში ცვიოდა კუპიდონის მიერ ქალღმერთი ვენერას დაჭრილი ფრჩხილები, რომლებიც შემდეგ ნაპირზე ირიყებოდა და მას ადგილობრივები ონიქსად გადაამუშავებდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ქვის სახელწოდებაც – ბერძნულად “onyx” ფრჩხილს ან ბრჭყალს ნიშნავს.

ასეთი დატვირთვის გამო ონიქსი, ძირითადად კი შავი ონიქსი, ისტორიის განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა რიტუალებსა და სპექტაკლებში. თანაც, მისი თხელი სტრუქტურა ადვილად ამოსატვიფრი იყო. ონიქსი ხშირად გამოიყენებოდა ღმერთებისა და გმირების ფიგურების გამოსაქანდაკებლად სხვადასხვა ცერემონიებისა და დაკრძალვებისთვის. მას ასევე იყენებდნენ სამკაულებისა და ჭურჭლის დასამზადებლადაც, დღეს კი ის ბევრისთვის საყვარელი ქვაა ინტერიერის დიზაინში.