მოდერნისტული და მდიდრული დიზაინი ხშირად მოგვიწოდებს საძინებელ ოთახში გაშლილი მოსაჯდომი კუთხისა და ცალკე სამუშაო სივრცის მოწყობისკენ, რასაც გრანდიოზული ლოგინიც აუცილებელად თან უნდა ახლდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს მართლაც კომფორტის პიკად წარმოგვიდგება, არ დაგვავიწყდეს, რომ საძინებელი პირველ რიგში მოსასვენებლი და მყუდრო ადგილი უნდა იყოს. თუ ჩვენი ოთახის ზომა მსგავსი დიზაინის შემთხვევაში წესიერად გადაადგილების საშუალებას აღარ გვაძლევს და ის უფრო მეტად ქაოტურია, ვიდრე კომფორტული, მაშინ ის თავის პირველად ფუნქციასაც კარგავს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენი საჭიროებები ჩვენი ოთახისას მოვარგოთ. ჩემი საძინებელიც პატარა ოთახებში გადის, მაგრამ აქ ყოფნისას თავს ყველაზე მყუდრო ადგილას ვგრძნობ, სადაც სამუშაო სივრცეც მოწყობილია და მეგობრული შეკრებების დროსაც არ იქმნება სიმჭიდროვის პრობლემა. ეს ყველაფერი კი სწორი ინტერიერის დიზაინის დამსახურებაა.

პატარა საძინებლის მოწყობაზე უამრავ სტატიას შეხვდებით, ამ ბლოგში კი იმ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებმაც პირადად ჩემთვის ნამდვილად გაამართლა.

1. ნათელი და ღია ფერები

თეთრი კედლები პატარა საძინებლისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. არსებობს თეთრის სხვადასხვა ტონალობები, რომელთა შორის აუცილებლად იქნება ისეთი, რომ მოგეწონოთ. აქსესუარებითა და სურათებით ყოველთვის შეძლებთ ოთახის გახალისებას, თეთრი კი დიდი სივრცის ილუზიას შექმნის. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ღია ფერების გამოყენებაც, მაგალითად სალათისფერის, ვარდისფერის და ა.შ. მაგრამ, რაც უფრო ღია ტონალობის იქნება შერჩეული ფერი, მით უკეთესი.
მაგალითად, ჩემი ოთახი სულ თეთრადაა შეღებილი, მაგრამ სავსეა ნახატებითა და წარწერებით. სიმართლე რომ ითქვას, ფერადი კედელი უფრო შემაწუხებელი იქნებოდა. რაც უფრო სადაა ოთახის ძირითადი ინტერიერი, მით მეტი თავისუფლება გვაქვს მისი მოწყობისას.

2. ლოგინი კუთხეში!

ბევრი ლოგინის შუაში განთავსებას ანიჭებს უპირატესობას პატარა ოთახის მოწყობისასაც კი, რადგან ასე ლოგინის ორივე მხარეს შეგვიძლია მივწვდეთ. დიდი ლოგინის შემთხვევაში ეს მართლაც უპირატესობაა, რადგან ზეწრის გადაკვრა და გასწორება ბევრად მარტივდება, მაგრამ თუ თქვენი პრიორიტეტი სივრცის უკეთ ათვისებაა, მაშინ ლოგინი – კუთხეში! თუ ღამით მარტო გძინავთ, სულაც არ არის აუცილებელი ორკაციანი ლოგინის შეძენა – მალე აღმოაჩენთ, რომ პატარა ლოგინი, რომელიც ორი მხრიდან ებჯინება კედელს, ბევრად მეტ სიმყუდროვეს ქმნის და საერთოდ არ იწვევს დისკომფორტს ძილისას. ასევე, არ არის აუცილებელი სქელი ლოგინის ჩარჩო – რამდენიმე სანტიმეტრიც კი პატარა საძინებელში დიდ განსხვავებას იძლევა.

3. მინიმალიზმი თქვენს მხარესაა

მიუმატეთ თქვენს ოთახს სივრცე მინიმალიზმის მეშვეობით. აქ მთავარი კითხვაა: მართლა მჭირდება ეს ნივთი, თუ უბრალოდ ჩემი ახირებაა? ეცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები ავეჯი. მაგალითად, გრძელი და განიერი დივანი ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველია, მაგრამ წარმოადგენს კი ის აუცილებლობას? იქნებ პატარა და კომფორტული სავარძელიც საკმარისი იყოს, ან სულაც არ იყოს ის საჭირო? თუ თქვენს სახლს დიდი მისაღები აქვს, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი სამოძრაო სივრცის ხარჯზე საძინებელში დამატებითი მოსაჯდომი ლოგინის გარდა?
ძალიან პრაქტიკულია ლოგინის და საწერი მაგიდის ქვეშ უჯრების განთავსებაც. ასე ტანსაცმლის ან სხვა ნივთების შესანახად ზედმეტი ადგილის დათმობა აღარ მოგიწევთ.

4. იცხოვრეთ ვერტიკალურად

მიანიჭეთ უპირატესობა სიგანეში პატარა ავეჯს და მაქსიმალურად გამოიყენეთ ვერტიკალური სივრცე. კედელზე თაროების დაკიდება და მაღალი კარადები ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ ნივთს დაიტევს თქვენი პატარა ოთახი ისე, რომ სამოძრაო სივრცე არ დაიკარგოს. თუმცა, ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ საძინებელი – გახსოვდეთ მესამე რჩევა, მინიმალიზმი აუცილებლად დაგეხმარებათ მაქსიმალურად ფუნქციური ოთახის მოწყობაში ისე, რომ ეს სიმყუდროვის ფასად არ დაგიჯდეთ.

5. კედლის ნიშა

თუ ამის საშუალება გაქვთ, კედლის ნიშა არა მხოლოდ პრაქტიკული გამოსავალია, არამედ ინტერიერსაც ძალიან უხდება. აუცილებელი არაა ნიშა ძალიან ღრმა იყოს – პირადი ნივთებისთვის პატარა შეღრმავებაც საკმარისი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ კედლების სისქე ღრმა ნიშეების გაჭრის შესაძლებლობას იძლევა, ეს ინტერიერის ძალიან საინტერესო დეტალად შეიძლება იქცეს. კარგი აზრია განათების ჩამონტაჟებაც.

ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებიც თქვენს პატარა ოთახს ბევრ დიდ საძინებელზე უფრო პრაქტიკულს გახდის. არ დაგავიწყდეთ თქვენი მთავარი უპირატესობა – სიმყუდროვე. გახსოვდეთ, მთავარია გარემოს შესაძლებლობებს პირადი საჭიროებები მოარგოთ და ნებისმიერ დაბრკოლებას კრეატიული კუთხით მიუდგეთ!