პატარა საძინებლის მოწყობაზე უამრავ სტატიას შეხვდებით. ამ ბლოგში კი იმ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ადამიანებმა უკვე გამოცადეს თავიანთ თავებზე.

თუ ჩვენი საძინებლის ზომა ნივთების არასწორი გადანაწილების გამო წესიერად გადაადგილების საშუალებას აღარ გვაძლევს და ის უფრო მეტად ქაოტურია, ვიდრე კომფორტული, მაშინ ის თავის პირველად ფუნქციასაც კარგავს.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენი საჭიროებები ჩვენი ოთახისას მოვარგოთ.

შესაძლოა სძინებელი პატარა იყოს, თუმცა ამავდროულად მას შენი სახლის ყველაზე მყუდრო ოთახად აღიქვამდე. საძინებელი სადაც სამუშაო სივრცეც მოწყობილია და მეგობრული შეკრებების დროსაც არ იქმნება სიმჭიდროვის პრობლემა.

ეს ყველაფერი კი სწორი ინტერიერის დიზაიის დამსახურებაა.

 

1. ნათელი და ღია ფერები

თეთრი კედლები პატარა საძინებლისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

rchevebi-patara-sadzineblis-mosawyobad

 

არსებობს თეთრის სხვადასხვა ტონალობები, რომელთა შორის აუცილებლად იქნება ისეთი, რომ მოგეწონოთ.

აქსესუარებითა და სურათებით ყოველთვის შეძლებთ ოთახის გახალისებას, თეთრი კი დიდი სივრცის ილუზიას შექმნის.

რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ღია ფერების გამოყენებაც, მაგალითად სალათისფერის, ვარდისფერის და ა.შ. მაგრამ, რაც უფრო ღია ტონალობის იქნება შერჩეული ფერი, მით უკეთესი.

სიმართლე რომ ითქვას, ფერადი კედელი უფრო შემაწუხებელი იქნებოდა.

რაც უფრო სადაა ოთახის ძირითადი ინტერიერი, მით მეტი თავისუფლება გვაქვს მისი მოწყობისას.

2. ლოგინი კუთხეში!

ბევრი ლოგინის შუაში განთავსებას ანიჭებს უპირატესობას.

პატარა ოთახის მოწყობისასაც კი, რადგან ასე ლოგინის ორივე მხარეს შეგვიძლია მივწვდეთ.

დიდი ლოგინის შემთხვევაში ეს მართლაც უპირატესობაა, რადგან ზეწრის გადაკვრა და გასწორება ბევრად მარტივდება, მაგრამ თუ თქვენი პრიორიტეტი სივრცის უკეთ ათვისებაა, მაშინ ლოგინის კუთხეში დადგმა თქვენი უპირატესობაა!

თუ ღამით მარტო გძინავთ, სულაც არ არის აუცილებელი ორკაციანი ლოგინის შეძენა – მალე აღმოაჩენთ, რომ პატარა ლოგინი, რომელიც ორი მხრიდან ებჯინება კედელს, ბევრად მეტ სიმყუდროვეს ქმნის და საერთოდ არ იწვევს დისკომფორტს ძილისას.

ასევე, არ არის აუცილებელი სქელი ლოგინის ჩარჩო – რამდენიმე სანტიმეტრიც კი პატარა საძინებელში დიდ განსხვავებას იძლევა.

3. მინიმალიზმი თქვენს მხარესაა

rchevebi patara sadzineblis mosawyobad

შემატეთმ თქვენს ოთახს სივრცე მინიმალიზმის მეშვეობით.

აქ მთავარი კითხვაა: მართლა მჭირდება ეს ნივთი, თუ უბრალოდ ჩემი ახირებაა?

ეცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები ავეჯი. მაგალითად, გრძელი და განიერი დივანი ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველია, მაგრამ წარმოადგენს კი ის აუცილებლობას? იქნებ პატარა და კომფორტული სავარძელიც საკმარისი იყოს, ან სულაც არ იყოს ის საჭირო?

თუ თქვენს სახლს დიდი მისაღები აქვს, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი სამოძრაო სივრცის ხარჯზე საძინებელში დამატებითი მოსაჯდომი ლოგინთან ერთად?

ძალიან პრაქტიკულია ლოგინის და საწერი მაგიდის ქვეშ უჯრების განთავსებაც. ასე ტანსაცმლის ან სხვა ნივთების შესანახად ზედმეტი ადგილის დათმობა აღარ მოგიწევთ.

4. იცხოვრეთ ვერტიკალურად

მიანიჭეთ უპირატესობა სიგანეში პატარა ავეჯს და მაქსიმალურად გამოიყენეთ ვერტიკალური სივრცე. კედელზე თაროების დაკიდება და მაღალი კარადები ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ ნივთს დაიტევს თქვენი პატარა ოთახი ისე, რომ სამოძრაო სივრცე არ დაიკარგოს.

თუმცა, ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ საძინებელი – გახსოვდეთ მესამე რჩევა, მინიმალიზმი აუცილებლად დაგეხმარებათ მაქსიმალურად ფუნქციური ოთახის მოწყობაში ისე, რომ ეს სიმყუდროვის ფასად არ დაგიჯდეთ.

5. კედლის ნიშა

თუ ამის საშუალება გაქვთ, კედლის ნიშა არა მხოლოდ პრაქტიკული გამოსავალია, არამედ ინტერიერსაც ძალიან უხდება. აუცილებელი არაა ნიშა ძალიან ღრმა იყოს – პირადი ნივთებისთვის პატარა შეღრმავებაც საკმარისი იქნება.

იმ შემთხვევაში კი, თუ კედლების სისქე ღრმა ნიშეების გაჭრის შესაძლებლობას იძლევა, ეს ინტერიერის ძალიან საინტერესო დეტალად შეიძლება იქცეს. კარგი აზრია განათების ჩამონტაჟებაც.

ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებიც თქვენს პატარა ოთახს ბევრ დიდ საძინებელზე უფრო პრაქტიკულს გახდის. არ დაგავიწყდეთ თქვენი მთავარი უპირატესობა – სიმყუდროვე. გახსოვდეთ, მთავარია გარემოს შესაძლებლობებს პირადი საჭიროებები მოარგოთ და ნებისმიერ დაბრკოლებას კრეატიული კუთხით მიუდგეთ!

დროებით!..

წინა ბლოგი – “მარსის სახლი” ისრაელის უდაბნოში

Facebook Instagram