მარსზე რომ გვიპირებენ გადასახლებას, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. არც ისაა გასაკვირი, თუ რამხელა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი. 2020 წლისთვის წითელ პლანეტაზე გრძელვადიანი გაფრენა იგეგმება.

გადაადგილების უზრუნველყოფის გარდა იქ გასაჩერებელი ადგილის მშენებლობაც აუცილებელია, რაც არქიტექტორების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

სწორედ ამიტომ, ისრაელის ნეგევის უდაბნოში SAGA Space არქიტექტორები ერთობლივად მუშაობენ D-MARS-თან „მარსის სახლის“ ასაშენებლად.

ადგილი სპეციალურად იმისთვის შეირჩა, რომ უცხო პლანეტაზე არსებული პირობების სიმულაცია შეექმნათ. ეს სახლი უზრუნველყოფს კოსმონავტების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს – ისინი ხომ ამჯერად იქ დიდი ხნით დასარჩენად მიდიან!

სულ სხვაა მარსის გავლით მონახულება და სულ სხვა – იქ ყოველდღიური საცხოვრებლის მოწყობა.

რაც შეეხება თავად სახლს, აქ არქიტექტორებისთვის რამდენიმე მთავარი დეტალია გასათვალისწინებელი.

პირველ რიგში, ის მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, რათა ტრანსპორტირებაში რაც შეიძლება ნაკლები საწვავი დაიხარჯოს.

თხელი სტრუქტურა მიწასთან შეხებისას იშლება და 8 კუბური მეტრიდან 41.3 კუბური მეტრის ზომას აღწევს.

იმისათვის, რომ ამ მსუბუქ და კომპაქტურ საცხოვრებელს ეს ყველაფერი უსაფრთხოების ფასად არ დაუჯდეს, „მარსის სახლი“ გარედან არმადილოს ჯავშანის მსგავს საფარს იკეთებს. ეს მას გადაადგილებისა და ადგილზე დაშვებისას იცავს.

აუცილებელი აპარატურა დიზაინის ნაწილად იქცა

მაგრამ, ყველაზე რთული კაფსულის ჟანგბადით მომარაგებაა და აქ არქიტექტურულმა ხედვამ ყველაზე მეტად იჩინა თავი.

დამცავი ჯავშანი მზის შუქის გატარების საშუალებას იძლევა, რომელიც შემდეგ ალგაე ფოტობიორეაქტორში გადის და ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის.

იმის მაგივრად, რომ ეს აპარატურა დაემალათ, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს ის დიზაინის ნაწილად ექციათ.

შედეგი მართლაც ძალიან ლამაზია:

ამასთან, კოსმონავტები და თავად სახლი წყლითაა შემოსაზღვრული, რაც მარსის ზედაპირული რადიაციისგან იცავს მათ და პლანეტაზე დიდხანს გაჩერებას უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს კოსმონავტების დიდხნიანი და კომფორტული გადასახლება მარსზე, რათა მათ შეძლონ დეტალურად გამოიკვლიონ პლანეტა და იქ ადამიანთა გადაცხოვრების შესაძლებლობა-საფრთხეები.

ექვსი მათგანი უკვე დასახლებულია ისრაელის უდაბნოში მდგარ ამ ინოვაციურ სახლში. ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალონ შიკარის, თქმით:

„მაქსიმალურად გავამახვილეთ ყურადღება სტრუქტურის გამოყენებადობაზე ისე, რომ არ დაგვეკარგა კომფორტისა და სახლში ყოფნის შეგრძნება.“

მარსის სახლი ექვსი „ოთახისგან“ შედგება – საძინებელი და საკონტროლო ოთახი მარჯვენა ფრთაშია მოთავსებული, ლაბორატორიები კი – მარცხენა.

შუა ნაწილი პატარა სამზარეულოს როლს ითავსებს და წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

საძინებელში ისეთივე პატარა კაფსულები იქნება მოთავსებული, როგორსაც იაპონიის ზოგიერთ უცნაურ სასტუმროში ვხვდებით.

ახალ პლანეტაზე გადაცხოვრება მართლაც არ არის მარტივი წამოწყება და ის თითქმის ყველა სფეროდან საჭიროებს სპეციალისტების ჩართულობას.

ერთი პატარა შეცდომაც კი მომავალში შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და სწორედ ამიტომაა ასეთი სიმულაციები საჭირო.

როგორც ვხედავთ, ამ საქმეში არქიტექტორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით და ისინი ფიზიკოსების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების მხარდამხარ მუშაობენ კოსმიურ გეგმებზე.

დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ კომფორტული სამუშაო სივრცე

Facebook Instagram