• სკანდინავიური სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია თანამედროვე ინტერიერის დიზაინის სამყაროში. მასზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც და ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ, რომ აღნიშნული სტილი შექმნილია არა იმიჯისა და სტატუსის ხაზგასასმელად, არამედ, პირველ რიგში, ადამიანისთვის..

მთავარი მახასიათებლები

  • უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა – ესაა სკანდინავიური ესთეტიკის სამი მთავარი პრინციპი. სწორედ სკანდინავიურმა დიზაინმა შეძლო მიმზიდველი გამხდარიყო ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის; შეეხამებინა ერთმანეთთან უბრალოება, პრაქტიკულობა, ხელმისაწვდომობა და, ამ ყველაფერთან ერთად, ელეგანტურობაც.
  • სტილის ესთეტიკა იქმნება არა მარტო ქვეყნების კულტურებიდან, არამედ მათი კლიმატიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეც.
  • გარემოს გავლენა და ბუნების სიყვარული მთავარი მახასიათებელია სკანდინავიური დიზაინისთვის. სწორედ ბუნება შეგვიძლია მივიჩნიოთ აღნიშნული სტილის ავტორადაც.
  • მკაცრი კლიმატი, სუსხიანი ზამთარი, ბნელი დღეები და ნათელი ზაფხული.. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ჩრდილოეთის მკვიდრნი მკაცრი, სადა დიზაინით ალამაზებენ თავიანთ სახლებს
  • კედლებს თოვლივით თეთრად ღებავენ, რაც მაღალი ფანჯრებიდან შემოსულ ბუნებრივ სინათლეს ირეკლავს და მთელს ოთახს ანათებს
  • ავეჯს, რაც შეიძლება, ნაკლებს ხმარობენ, რათა მეტი სივრცე შესძინონ ოთახებს და ამით სინათლის ნაკლებობა დააბალანსონ ზამთარში
  • მასალებსაც, თითქმის მთლიანად ბუნებრივს იყენებენ, რათა ბუნებამ შემოაღწიოს სახლში.

სკანდინავიური სტილის ისტორია

  • ისტორიაც გავიხსენოთ: გრძელი, სუსხიანი ზამთრის განმავლობაში ფერმერები, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, იძულებულნი იყვნენ საკუთარი ხელობითა და ოსტატობით უზრუნველეყოთ საცხოვრებელი პირობები, მით უფრო, რომ სკანდინავიის ქვეყნებში შედარებით გვიან მიაღწია ინდუსტრიალიზაციამ, ვიდრე დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.  ბუნებრივი მასალების თავისებურებების მაღალ დონეზე შესწავლაც ხელობის განვითარებამ განაპირობა.
  • ინტერიერის დიზაინის ბევრ საერთო მახასიათებელსა და თავისებურებასთან ერთად, სკანდინავიის ქვეყნების არქიტექტურა და დიზაინი მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან კულტურული, გეოგრაფიული, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.
  • მაგალითად, დანია მუდამ დამაკავშირებელი ხიდი იყო ევროპის კონტინენტის, სკანდინავიის ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. დანიის საზღვაო საქმიანობებმა ხელი შეუწყო დანიურ დიზაინში, მაგალითად, აღმოსავლური კერამიკისა და ამერიკული ,,shaker” სტილის ავეჯის შემოტანას. ახალი იდეები და კულტურათა გავლენები – მათი დამსახურებაა დანიის დიზაინის აღქმა სხვადასხვა იდეების კომბინაციით შექმნილ რაღაც ახალ იდეად..

როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები სკანდინავიური სტილის შესაქმნელად?

  • ამ რეგიონისთვის ტიპიური მასალები, მეტალი და ყველა სახის ხე – პრიალა იატაკის ფიცრიდან დაწყებული, ტყის მორებით დამთავრებული, ერთად ქმნის სკანდინავიურ დიზაინს.
  • ხის სკამები და ღია ფერის ხის იატაკი მინიმალისტურ თეთრ სათავსოებთან ვიზუალურ კონტრასტს შექმნის. შეგიძლიათ ვინტაჟური ნივთები და მოდერნისტული ავეჯი შეუხამოთ ერთმანეთს. ქსოვილების დიდი რაოდენობით გამოყენება კი, ოთახს მყუდროებასა და სითბოს შემატებს.
  • სკანდინავიელი დიზაინერების მიერ, გარდა ხისა, შუშა და კერამიკაც ფართოდ გამოიყენება, ოღონდ, მათ არა მხოლოდ დეკორის, არამედ რაიმე სხვა დანიშნულებაც უნდა ჰქონდეთ – სკანდინავიური დიზაინის ერთ-ერთი პრინციპი ხომ ფუნქციონალურობაა.
  • დეკორატიული აქცენტები, კერამიკული ვაზები, უბრალო გეომეტრიული დიზაინის ბალიშები და გადასაფარებლები – ინტერიერის დიზაინის მშვენიერებას უზრუნველყოფენ.
  • დეტალების კარგად გამოსაკვეთად, სინათლისთვისა და უბრალოებისთვის, კედლები უმჯობესია თეთრად ან ღია ნაცრისფრად შეღებოთ. ნახატები და თეთრი ჩარჩოს მქონე ფოტოები სივრცეს გამოაცოცხლებს და თბილ, საოჯახო, სტუმრებისთვისაც კი შინაურულ სივრცეს შექმნის.
  • უახლესი ტრენდია სკანდინავიურ სტილში ხისა და მეტალის დაბოლოებების კომბინაცია – ხის ავეჯი და მეტალის დაბოლოებები, ხაზები, სახელურები. მეტალი სპილენძის შანდლებისა და თითბრის ჭაღების სახით კი, ბრწყინვალებას მოჰფენს მთელს სივრცეს როგორც სინათლით, ასევე თავიანთი მშვენიერებით.

რა განწყობა შემოაქვს სკანდინავიურ სტილს ინტერიერში?

  • მართალია, სკანდინავიური სტილი უბრალოებით გამოირჩევა, თუმცა იგი შორსაა ჩრდილოეთის ინტერიერის ცივი, მინიმალისტური აღქმისაგან. თუ მინიმალისტური დიზაინი გრძნობების ნაკლებობას განიცდის, სკანდინავიური სივრცე თბილი და სტუმართმოყვარეა.
  • პირველ რიგში, ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნება შემოაქვს სკანდინავიურ სტილს.
  • აქაურ ხალხს ბუნებასთან კავშირის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. ხშირად შეხვდებით აივნებსა და ტერასებს ყველაზე პატარა ბინებშიც კი. ფანჯრებიც დიდი და ფართოა ან საერთოდ ფარდების გარეშე, ან ნახევრადგამჭვირვალე, ტულის ფარდებით დამშვენებული, რომელიც ღამით საოცარ რომანტიკას ქმნის.
  • სკანდინავიური სტილის შესაქმნელად ინტერიერის დიზაინერები ყოველთვის გვთავაზობენ ბუნებრივ ელემენტებს, ფერსა და სილამაზეს. მაგალითად, ხშირია ხის კუნძის გამოყენება ტუმბოს მაგივრად; ტოტებისგან გაკეთებული სკამი, ხის ფესვების ფორმის შუშის მაგიდის ფეხები.
  • დიზაინერები, ასევე, გვირჩევენ გამოვიყენოთ ბამბის ქსოვილები, ბალიშები, რბილი პლედები, ცხვრის ტყავის ან ბეწვის ხალიჩები, რათა სიცივისგან თავი დავიცვათ და, ამასთან, სიმყუდროვის შეგრძნებაც შემოვიტანოთ ინტერიერში.
  • სიმყუდროვის, სიცივის, სითბოსა და კომფორტის ხსენებამ, არ შეიძლება ინტერიერში ბუხრის საჭიროებაც არ გაგვახსენოს – სკანდინავიური ზამთრების სუსხიანობიდან გამომდინარე, ამ რეგიონის ყველა ბინაში შეხვდებით ორიგინალურ ბუხარს. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სკანდინავიური ბუხარი არ ცდილობს გრანდიოზული ეფექტის მოხდენას, არამედ კუთხეში მოკალათება და საცხოვრებელი ოთახის მშვიდად გათბობა ურჩევნია.

როგორი ადამიანები ირჩევენ სკანდინავიურ დიზაინს?

  • სკანდინავიური სტილის ინტერიერში მართლა კომფორტულია ცხოვრება. ერთი      სივრციდან მეორეში ბუნებრივი გადასვლა, ნატურალური მასალები, მზის სინათლე – ამ უბრალო შემადგენლობით დიზაინერები და არქიტექტორები ქმნიან ცოცხალ, თბილ და მყუდრო სივრცეს. ამასთან ერთად, ინტერიერის ყველა დეტალი საჭირო და პრაქტიკულია.
  • სწორედ ამიტომ, ხშირად ირჩევენ სკანდინავიურ ინტერიერს მოწესრიგებული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე და მშვიდი ადამიანები. დახვეწილი გემოვნების, კრიტიკული და წვრილმანების მიმართ ყურადღებიანებიც აფასებენ ამ სტილს – ღია ფერის კედლების ფონზე მკაფიოდ და ზუსტად გამოკვეთილი დეკორი, რომელიც გადამეტებული რაოდენობითაც არ არის და ელეგანტურთან ერთად პრაქტიკულიცაა.
  • თუ წესრიგის გარეშე არ შეგიძლიათ, სიმყუდროვის გარდა ბუნებრივობაც გიზიდავთ და სისადავეც მნიშვნელოვანია თქვენთვის, სკანდინავიური დიზაინი აუცილებლად მოგეწონებათ.
  • უბრალოების, პრაქტიკულობისა და მინიმალიზმის ერთმანეთთან შერწყმის დამსახურებით, სიტყვა ,,უბრალოება“ სკანდინავიელთა ენაზე ნიშნავს არა მოსაწყენს, გრძნობებისგან დაცლილსა და ცივს, არამედ გენიალურს!