ტერმინი „მინიმალიზმი“ მოთხოვნათა მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. მიმდინარეობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო განვითარება და წინააღმდეგობა გაუწია ბურჟუაზიულ პომპეზურობას, სიჭარბესა და ქაოსს.

ინტერიერის მინიმალისტურ სტილში მოწყობა სივრცის მაქსიმალურად წარმოჩენას საჭიროებს. როგორც წესი, პატარა ოთახების შემთხვევაში მისი მიღწევა რთულია, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ტიხრების გაუქმებას და ოთახების გაერთიანებას გვირჩევენ.

minimalisturi interieri

ამასთან, მნიშვნელოვანია ინტერიერში მხოლოდ აუცილებელი ნივთების გამოყენება და ავეჯის ერთმანეთისაგან დაშორება, რაც კიდევ უფრო მასშტაბურად შეძლებს სივრცის წარმოჩენას.

ფერები ინტერიერში

მინიმალისტური ინტერიერის წარმოდგენისას პირველი ასოციაცია თეთრ ფერს უკავშირდება. თეთრი მინიმალიზმში მართლაც მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებული ფერია, თუმცა, არა – ერთადერთი.

მინიმალისტური ინტერიერის ფერთა გამა შეიძლება შედგებოდეს ნაზი პასტელური ფერებისგანაც.

minimalisturi interieri

განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ კრემისფერს, ჩალისფერს, სპილოსძვლისფერს, ნაცრისფერს, ღია ყავისფერს.

ასევე, ხშირად მიმართავენ ბუნების (ხის და ბალახის) ფერებსაც, თუმცა, მათ ძირითადად, ინტერიერის დეტალების შესაქმნელად იყენებენ.

minimalisturi interieri

მინიმალისტურ ინტერიერში თითქმის ვერასდროს შეხვდებით ისეთ მკვეთრ ფერებს, როგორებიცაა: წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი, ლურჯი… რადგან ისინი ზღუდავენ სივრცის აღქმას და მინიმალიზმის მოყვარულებში გაღიზიანებასაც იწვევენ. 

ავეჯის ფორმები და მასალები

აბაზანის დიზაინი

როგორც აღვნიშნეთ, მინიმალისტური ინტერიერი დაცლილია პომპეზურობისა და სიჭარბისაგან. ეს წესი ავეჯზეც ვრცელდება, ამიტომ რთული და გაუგებარი ფორმების ნაცვლად ის მარტივი აგებულებისაა.

როგორც წესი, გამოყენებული ფორმები გეომეტრიული ფიგურებითაა შთაგონებული, რაც, ერთი მხრივ, ინტერიერს სიმკაცრეს სძენს, მაგრამ, ამავდროულად უნარჩუნებს სიმშვიდეს და სისადავეს.

მასალად, ძირითადად, ხე, პლასტიკატი, შუშა და ლითონი გამოიყენება, ხოლო ფერები მაქსიმალურად ინარჩუნებს სიახლოვეს ბუნებასთან.

minimalisturi interieri

იქედან გამომდინარე, რომ სივრცის წარმოჩენა მინიმალისტური ინტერიერის ფუნდამენტური ამოცანაა, ინტერიერში ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ფიგურირებს სარკე.

მისი საშუალებით ერთდროულად მიიღწევა როგორც სივრცის, ისე სინათლის ეფექტი, რადგან სარკე ოთახში შემომავალ შუქს ირეკლავს და უზრუნველყოფს მის განაწილებას.

minimalisturi interieri

რაც შეეხება დეკორს, მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის. მეტიც, ინტერიერის „სიშიშვლის“ დასამალად და შესავსებად მისი გამოყენება აუცილებელიც კია.

ამიტომ, მინიმალისტურ ინტერიერში დეკორის სახით ძირითადად გამოყენებული ნივთებს შორისაა: დიდი ზომის ნახატები (შეზღუდული რაოდენობით), მასიური მცენარეები, იატაკზე და მაგიდაზე დასადგამი სანათები.

ბალანსი

გამოყენებული ნივთების რაოდენობის შემცირება ინტერიერში ბალანსის დაცვას ართულებს, რადგან „არასწორ“ ადგილას განთავსებული თითოეული ნივთი გაცილებით მეტად შესამჩნევი ხდება.

სივრცის გამოთავისუფლება და წარმოჩენა ყველაფრის ერთ კუთხეში მოქცევას არ გულისხმობს.

მინიმალისტური ინტერიერისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროპორცია ავეჯსა და დეკორს შორის ისე იყოს დაცული, რომ არც ერთი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევდეს.

minimalisturi interieri

ამასთან, ინტერიერი არ უნდა გადატვირთოთ ორნამენტებით და ისეთი გამოუყენებელი ნივთებით, რომლებსაც, როგორც წესი, მტვერი ედებათ ხოლმე.

თუმცა, თუ მაინც ვერ ელევით ასეთ ნივთებს, ჯობია, ისინი ბუნებრივ ფერებში (ხისფერი, მწვანე) გადაწყვიტოთ ან ინტერიერში უკვე გამოყენებულ (კედლების, იატაკის) ფერებს შეურწყათ. 

minimalisturi interieri

ცხადია, არ არსებობს უნივერსალური სტილი, რომელიც ყველა ადამიანზე იქნება მორგებული.

ინტერიერის მოწყობისას უმნიშვნელოვანესი პირობა ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და გემოვნების გათვალისწინებაა.

თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ „გენიალურობა სიმარტივეშია“, თუ მოგწონთ სინათლისა და სივრცის მასშტაბურობის შეგრძნება, თუ ისწრაფვით სიმშვიდისაკენ, თუ გხიბლავთ მკაცრი, მაგრამ ამავდროულად სადა ფორმები…

მაშინ თამამად შეგიძლიათ სახლის ინტერიერის მინიმალისტურ სტილში მოწყობა.

დროებით!…

წინა ბლოგი – გლამური ინტერიერის დიზაინში – რაში მდგომარეობს მარადიული სტილის საიდუმლო?

Facebook Instagram