• ინტერიერის დიზაინი მუდმივად პროგრესირებადი და ცვალებადი სფეროა. ყოველწლიურად ჩნდება ახალი ტრენდები, რომლებიც ვირუსივით ედება ყველა ენთუზიასტს და გასული წლის ტენდენციებს წამში ავიწყებს.
  • თუმცა, არსებობს რაღაცეები, რაც არასოდეს იცვლება და უკვე კლასიკადაა ქცეული. სწორედ ასეთ ჩარჩოში ხვდება ინტერიერის დიზაინის ტიპი, რომელიც გლამურული სტილის სახელითაა ცნობილი.
  • ერთი შეხედვით თითქოს ყველასთვის გასაგებია თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა „გლამურს“ ვახსენებთ. შეიტანო ის შენი სახლის ინტერიერში, ნიშნავს სივრცის უზადო გემოვნებით მოწყობას, რაც მაშინვე მდიდრულ და თვალისმომჭრელ ეფექტს შექმნის.
  • „სათქმელად მარტივიაო“, გაიფიქრებთ ალბათ და მართალიც იქნებით. მაგრამ, ჩვენ აქ მხოლოდ გლამურული სტილის ქება-დიდების მოსასმენად არ მოგვიყვანიხართ – მზად ვართ გაგიმხილოთ თუ რაში მდგომარეობს ამ მარადიული სტილის საიდუმლო და როგორ გავხადოთ ის ჩვენი ინტერიერის დიზაინის ნაწილი.

გამოაჩინე შენი ბრწყინვალება

  • გლამურული სტილის მთავარი ღირსება დეტალებშია. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ თუ ჩვენი სახლის სწორედ ამ მიმართულებით მოწყობა გვსურს, სიბრჭყვიალისა და ბზინვარებისთვის თვალის მიჩვევა მოგვიწევს.
  • არ არსებობს გლამური უზარმაზარი, შუქზე მობრიალე ბროლის ჭაღების, ამრეკლი ზედაპირებისა და მეტალის აქსესუარების გარეშე. თუმცა, არ გეგონოთ, რომ გლამურული სტილი გადატვირთულობისაკენ მოგვიწოდებს.
  • თუ კი გლამურულობა თქვენს მიზანს წარმოადგენს, თქვენი მთავარი გამოწვევა სწორედ ის იქნება, რომ ყველაზე „მყვირალა“ და „პრეტენზიული“ დეტალები ზომიერად და გემოვნებით გაანაწილოთ. გაინტერესებთ, როგორ მიაღწიოთ ამას მარტივად? მაშინ შემდეგი პუნქტი აუცილებლად წაიკითხეთ.

ნუ დაივიწყებ სისადავეს

  • თუ ფიქრობთ, რომ გლამურულ სტილზე საუბრისას სისადავის ხსენება სრულიად უადგილოა, ძალიან ცდებით, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ ბალანსის დაცვასა და კომFORTIS შექმნაში.
  • როგორც ზემოთ ვახსენეთ, გლამური დეტალებსა და აქსესუარებში გამოიხატება, შესბამისად ამ ელემენტების ბაზა მისგან რაც შეიძლება კონტრასტული უნდა იყოს.
  • გლამურულ სტილს თეთრ, ნაცრისფერ, კრემისფერებში გადაწყვეტილი კედლები უხდება. ასევე საუკეთესოდ ეხამება პასტელისფერი პალიტრიდან შერჩეული ნაზი ტონალობის ხალიჩები და ფარდები.
  • ინტერიერის ამ ელემენტების სადა ფერებში გადაწყვეტა არა მხოლოდ გადატვირთვისგან იცავს ინტერიერს. ის ნეიტრალურ ფონს უქმნის ყველა იმ თვალისმომჭრელ დეტალს, რომელზეც ზედა პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.
  • დაგვიჯერეთ, ვერავინ შეამჩნევს თქვენს მიერ დიდი სიყვარულით შეძენილ ზურმუზტისფერ ვაზას ოქროსფერი ორნამენტებით, თუ მას ფონად მუქ შპალერს შეურჩევთ. ასე რომ, ნუ გადატვირთავთ თქვენი სახლის ინტერიერს ორნამენტებით დახუნძლული შპალერით და ხასხასა პატერნებიანი ხალიჩებით, როცა ავეჯსა და დეკორატიულ აქსესუარებში უკვე საკმაო გლამურია ჩადებული.

დაიცავი გლამურის წესები

  • კლასიკადქცეულ გლამურული ინტერიერის დიზაინის სტილს თავისი წესები აქვს, რომლებიც მის განსაკუთრებულობას განაპირობებს. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ გლამურის მისაღწევად აუცილებლად უნდა ითამაშოთ ფორმებით.
  • საინტერესო ელემენტები, რომლებიც კუთხოვანი და მომრგვალებული დეტალების ნაზავს წარმოადგენს გლამურის  მთავარი სავიზიტო ბარათია.
  • ამასთან, ნუ დაივიწყებთ სიმეტრიულობას. ალბათ ერთერთი მიზეზი, რატომაც გლამურულმა სტილმა ამდენ ხანს გაძლო მისი სიმეტრიასთან გადაჯაჭვულობაა.
  • ეს უკანასკნელი, ხომ ასე დადებითად აღიქმება ადამიანის გონების მიერ. ეცადეთ დაიცვათ სიმეტრიულობა არა მხოლოდ ორნამენტების შერჩევისას, არამედ ავეჯის და დეკორაციების განლაგების დროსაც.

გლამური თქვენზე ბევრს მეტყველებს

  • ადამიანის ბუნების ამოცნობა მხოლოდ პირდაპირი ურთიერთობით არაა შესაძლებელი. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, პიროვნების ხასიათზე მისი სახლის ინტერიერის დიზაინიც მეტყველებს.
  • ეს არცაა გასაკვირი – სახლი ხომ ის ადგილია, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ. აქ თითოეული ნივთი პატარა ისტორიას ყვება ჩვენს შესახებ. თუ სახლის მოწყობისას გლამურს ანიჭებთ უპირატესობას ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სულაც არ გაშინებთ გამოწვევები.
  • მათ გადალახვაში თქვენი წესრიგისა და იდილიისკენ მიდრეკილი ხასიათი გეხმარებათ. გლამურის მოყვარულები ხშირად მედიდურები არიან და უკან არ იხევენ საკუთარი ძლიერი მხარეების დემონსტრაციისა და მათზე საუბრისას.
  • ეს უარყოფით თვისებას არ წარმოადგენს, პირიქით გეხმარებათ ყოველთვის მოექცეთ ყურადღების ცენტრში და აღაფრთოვანოთ გარშემომყოფები თქვენი ქარიზმით.
  • გლამურულ ინტერიერის დიზაინის სტილზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რადგან  მას არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა, შესაბამისად მრავალი გამოხატულებით არსებობს.
  • არაერთი ვარიაციის მიუხედავად, ის ყველაფერი რაზეც ამ სტატიაში გესაუბრეთ მუდმივი რჩება და სტილის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ასე რომ, თუ გადაწვეტთ, რომ თქვენი სახლის ინტერიერს სწორედ გლამური სჭირდება, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გვერწმუნეთ, შედეგიც სასურველი იქნება.