ზამთრის სეზონზე სითბოს შენარჩუნება ინტერიერში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. როგორ დავძლიოთ სიგრილე სახლში, რომელიც შეუპოვარი გამათბობელის მიუხედავად არ ტყდება? ამავდროულად ისე, რომ ოთახის დიზაინი ლამაზი ელემენტებით გავამდიდროთ?

რადგან გამოცდილებით ვიცით, რომ მყუდრო სახლი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, დღევანელი სტატია ამ მტკივნეულ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება. როგორ შევინარჩუნოთ სითბო და სიმყუდროვე შინ?

1.      ინტერიერის მოსაწყობად არ დაინანოთ თბილი ქსოვილები

რა თქმა უნდა, სახლს ვერ მოვთხოვთ სითბოს, თუ იგი შესაბამისად არ მოვაწყვეთ. ეცადეთ დივანსა და სკამებზე ნაზი, რბილი ნაჭრები გადააფინოთ: ბამბა ან აბრეშუმი. შესაბამისად, ავეჯსაც შეუნარჩუნებთ სითბოს და ოთახებს ვიზუალურადაც მეტად მყუდროს გახდით.

2.      აქტიურად ჩართეთ ხის მასალა.

ხეს აქვს მდიდარი ტონალობები და ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას. მყუდრო და თბილ ზამთარზე ხომ პირველი ასოციაცია ხის სახლი და ბუხარია.

3.      ააგიზგიზეთ სანთლები

ბუხრის აალებას ვერ შეედრება, თუმცა ეს რამდენიმე პატარა ელემენტი თქვენს ინტერიერში სითბოს ვირტუოზულად დაატრიალებს. გარდა ამისა, ბონუსად, ისევ და ისევ, მყუდრო და რომანტიკულ გარემოს შეიქმნით.

4.      დეკორში გააძლიერეთ თბილი ფერები

დროა, ნამდვილად დავაფასოთ ფერების ძალა, როგორც ჩვენს ფსიქოლოგიასა და განწყობაზე, ასევე სახლის შინაგან სამყაროზეც. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ მათ ხის მასალასთან დააწყვილებთ. თამამად დასვით თბილი ფერები კედლებსა და ავეჯზე, ისინი მშვენივრად ინარჩუნებენ სითბოს და ვიზუალურადაც მეტად მყუდრო გარემოს ქმნიან. 

5.      იზრუნეთ კედლების დეკორზეც

რაც უფრო ცარიელია სახლის კედლები, მით უფრო ცივ და უკარება იერს ატარებს, განსაკუთრებით თუ თქვენს ინტერიერში ინტენსიურად არის ჩართული თეთრი ფერი. ეცადეთ სიცარიელე კედლის დეკორებით შეავსოთ-  ჩამოკიდეთ თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუშები, მათი რეპროდუქცია ან პრინტი, მორთეთ ფოტოებით, სუვენირებით, გაერთეთ და გააცოცხლეთ ოთახის დიზაინი, თქვენი სახლი აუცილებლად იმავეთი გიპასუხებთ.

6.      გამოიყენეთ რბილი განათება

იმის მაგივრად, რომ ჭერზე უზარმაზარი ჭაღი დაკიდოთ, ეცადეთ განათება უფრო ნაზი და ნაკლებად მჭახე იყოს. ამისათვის შესანიშნავი ვარიანტია ჭერში „ჩამალული“ შუქები, მათ დამამშვიდებელი გავლენა აქვთ და რელაქსაციასაც ბევრად მარტივად მოახერხებთ.

7.      დაამშვენეთ იატაკი

ხალიჩა შესანიშნავი საშუალებაა ცივი, გაყინული იატაკისგან თავის დასაცავად, ამიტომ, იგი თქვენი სახლის სიმყუდროვის შენარჩუნებაზე მარტივად იზრუნებს. აარჩიეთ შესაბამისი ხალიჩა და შეავსეთ ინტერიერის დიზაინი კიდევ ერთი ვიზუალური, თუ ფუნქციური ელემენტით.

თუ ეცდებით და ზედმიწევნით გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, ზამთარი თქვენთვის  სანატრელი თუ არა, მყუდროდ სასურველი მაინც გახდება. რაც მთავარია, გახსოვდეთ, ინტერიერის დიზაინი  არც ისე რთული ცნებაა, ამ ამოცანას თავს მარტოც მშვენივრად გაართმევთ.