დღეს რთული დღე გქონდათ, სამსახურმა ისე გადაგღალათ, მხოლოდ შინ დაბრუნება, სავარძელზე მოხერხებულად მოკალათება და მოდუნება გჭირდებათ. სახლის სითბო და მყუდროება კი, აუცილებელია სიმშვიდის, დაძაბულობისგან გათავისუფლებისა და საღამოს საათებით ტკბობისათვის.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეგვიძლია ინტერიერის დიზაინის განახლება სულ მცირე ძალისხმევით. შედეგად კი, სახლის გარდაქმნა დასასვენებელ და განსატვირთ სივრცედ, რომელიც საშუალებას მოგვცემს კარს მიღმა დავტოვოთ სტრესი და დაღლილობა.

მაშ ასე, გთავაზობთ 5 მარტივ და უბრალო ხერხს, რომელიც დაგვეხმარება ვაქციოთ საკუთარი სახლი მყუდრო თავშესაფრად:

1.  ფოტოები

ნახატები და ფოტოები ყველაზე სტილური და ცნობილი ელემენტია ინტერიერის დიზაინისთვის. საოჯახო ან ცხოველების სურათების კოლაჟები მყუდრო ელფერს სძენს ოთახს.

გაალამაზეთ კედლები საყვარელი ადამიანების ფოტოებით, რომლებიც ღიმილს მოგგვრით; ორიგინალური, თვალწარმტაცი სურათებით, რომლებიც თქვენს სტუმრებს საუბრის წამოწყების საშუალებას მისცემს; ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც შთაგაგონებთ.. მათთვის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩარჩოების შერჩევაც ცალკე ხელოვნებაა!

და საჭიროა გავითვალისწინოთ დიზაინერების ერთი რჩევაც – არასწორია ნახატებისა და ფოტოების დაკიდება ზედმეტად მაღლა. კომპოზიციის ცენტრის ადგილი იდეალურია თვალის სიმაღლეზე.

2.  სანთლები

თუ სახლში რომანტიკული ატმოსფეროს შექმნა გსურთ, სანთლები იდეალური გამოსავალია. ყველა სახის სანთელი გარდაქმნის ინტერიერს მყუდროებისა და რომანტიკის განწყობის ავტორად. განსხვავებული ფორმისა და ერთი ფერის სანთლები კი, განსაკუთრებულ მიმზიდველობასაც შესძენს გარემოს.

ხის და მრგვალი ქსოვილის ქუდიანი სანათებიც ნუ დაგავიწყდებათ – ისინი საოცრად არბილებენ სინათლეს და ინტერიერის დიზაინს ინტიმურობას მატებენ.

3.  ყვავილები

ადამიანები მოწყობილნი ვართ იმგვარად, რომ განსაკუთრებით ვაფასებთ ბუნებრივ სილამაზეს ჩვენ გარშემო. ბუნებრივი ელემენტების შემოტანით სივრცეში შინაგანი სიმშვიდის შეგრძნებაც ჩნდება..

შემოიყვანეთ მცენარეები თქვენს სახლში და ბუნების სიცოცხლესთან ერთად, მათ სისუფთავე და ჰაეროვნებაც შემოჰყვებათ.

ასევე, გირჩევთ, ნაკლებად გამოიყენოთ დეკორატიული ყვავილები. პროფესიონალებს თუ დავუჯერებთ, ინტერიერის დიზაინი ხელოვნური მცენარეებით ნაკლებად ეფექტური და მომხიბვლელი ხდება. მათი სიმრავლის შემთხვევაში, მყუდროებისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებაც იკარგება. საკმაოდ ხშირად მოგიწევთ მათი გულმოდგინედ წმენდაც – გინახავთ მტვრის თხელი ფენა ხელოვნურ ყვავილებზე?

4.  ფუმფულა ბალიშები

ფუმფულა ბალიშები უთუოდ შექმნის თქვენს სახლში თბილ და კომფორტულ ატმოსფეროს. მართალია, ხშირად ვამჯობინებთ ინტერიერი სადა, მშვიდი, ნეიტრალური ფერებით შევქმნათ, თუმცა ბალიშები საშუალებას გვაძლევს მეტი ფერი, კონტრასტი, ხალისი და ენერგია შემოვიტანოთ ოთახში.

ბალიშების წყალობით ბინა მყუდროებასაც იძენს და სიახლე, მრავალფეროვნება, სტილიც იქმნება. მაგალითად, ყოველი სეზონისთვის სხვადასხვა ბალიშების შერჩევა საუკეთესო გამოსავალია ინტერიერის დიზაინის მცირე, მაგრამ საგრძნობი ცვლილებისათვის.

რაც შეეხება ბალიშების რაოდენობას, ამ შემთხვევაშიც გვმართებს სიფრთხილე. თუ ზედმეტად ბევრს გამოვიყენებთ, გარდა იმისა, რომ მისაღები საძინებელს უფრო დაემსგავსება, შესაძლოა, ყოველ წუთს მოგვიწიოს ბალიშების მთებთან შერკინებაც დივანზე წამოსაწოლად.

5.  მუქი ყავისფერი ინტერიერში

გიფიქრიათ, რომ მუქ, მოწითალო ყავისფერს განსაკუთრებული სითბოს შემოტანა შეუძლია თქვენს ოთახში?

თუ შევღებავთ მუქ მოწითალო ყავისფრად ოთახის ერთ-ერთ კედელს, ან გამოვიყენებთ ამ ფერის ფარდებს, დავუმატებთ ყვითელ ფერს ინტერიერში, წიგნის კითხვის განწყობაც არ დაგვავიწყდეს და სივრცე საოცარ მყუდროებასა და სიცოცხლეს შეიძენს. წარმოიდგინეთ, რა საუცხოო ელეგანტურობა გაჩნდება, ამ ყველაფერს სპილენძის ნივთებითა და აქსესუარებითაც თუ გავამდიდრებთ!