• საზოგადოება უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებასთან ჰარმონიულ სინთეზს.
  • ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დიდი კორპორაციები, როგორიცაა “ეფლი”, “მაიკროსოფტი”, “ამაზონი” და ა.შ მაქსიმალურად ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ ტენდენციას და საკუთარ ოფისებს ხშირად ჯუნგლებში, ტყის პირას, ან ზოგადად ეკო-მეგობრულ გარემოში აშენებენ.
  • მაგრამ ეს მხოლოდ ტრენდულ ქმედებად არ უნდა მივიჩნიოთ. საქმე ისაა, რომ თანამედროვე კვლევების თანახმად, ადამიანის კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი ყოველდღიური გარემო.
  • მასტიმულირებელი გარემოს შესაქმნელად კი საუკეთესო საშუალება მცენარეების გამოყენება გახლავთ, რასაც დეკორაციულობასთან ერთად ასევე ფუნქციური დატვირთვაც გააჩნია.
  • სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ ინტერიერში მცენარეთა გამოყენების რამდენიმე უპირატესობას:

1. ესთეტიკურობა

  • როდესაც ინტერიერის დიზაინზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიზუალურ ეფექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
  • სიმწვანე ძალიან უხდება როგორც ძველ სტილს, ასევე თანამედროვე, მინიმალისტურ დიზაინსაც.
  • რაც მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა სივრცეში გამოყენებულ ფერთა პალიტრას (იქნება ეს ნათელი, მუქი, თუ უბრალოდ ნეიტრალური),
  • რადგან მცენარეები არცერთ შემთხვევაში არ მოვა წინააღმდეგობაში დომინანტ ფერთან, მაშინაც კი, თუ მათ დიდი რაოდენობით გამოიყენებთ.

2. გამაჯანსაღებელი ეფექტი

  • გემოვნებით შერჩეულ ინტერიერის დიზაინთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა.
  • ადამიანი დროის საკმაოდ დიდ ნაწილს ატარებს შენობებში. ოთახში მცენარეების არსებობა კი ხელს უწყობს ჟანგბადის განახლებას.
  • ისინი ისრუტავენ მავნე ნივთიერებებს, რაც ზოგჯერ ცუდი ხარისხის ტანსაცმლის, ავეჯისა და სარემონტო მასალებისგან გამოიყოფა.
  • მცენარეები ამცირებენ ინფარქტის, იშემიური ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა (ასევე სასუნთქი სისტემის) დაავადებებისა და ფილტვის კიბოს რისკს.
  • გარდა ამისა, დადებით გავლენას ახდენენ ჩვენს იმუნიტეტზე, რაც განსაკუთრებით საჭიროა ვირუსების სეზონის დროს.
  • კონკრეტული სახეობის მცენარეები ხელს უწყობენ ძილის მოწესრიგებას.
  • მაგალითად: ორქიდეები, სუკულენტები, ბრომელიები და კაქტუსები. თუმცა, ისინი მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში არ გვეხმარებიან.
  • მართლაც, სიმწვანე ქმნის დამამშვიდებელ აურას, დადებით ეფექტს ახდენს მენტალურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ სტრესთან გამკლავებასა და ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება.
  • ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ურბანისტულ გარემოში მცხოვრები თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც, ხშირად, სწრაფი და არაჯანსაღი ცხოვრების ტემპით ცხოვრობს.

3. პროდუქტიულობა

  • მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ადამიანის პროდუქტიულობა იზრდება, თუკი ის იმყოფება მცენარეებით გაფორმებულ გარემოში.
  • ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ინგლისში აგრარული მეცნიერებების სამეფო კოლეჯმა ჩაატარა, სტუდენტები 70 პროცენტით უფრო კონცენტრირებული არიან მცენარეებიან ოთახში სწავლისას.
  • იმავე კვლევის თანახმად, ლექციებზე დასწრების მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო ასეთ აუდიტორიებში.
  • ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გაითვალისწინოთ არამარტო სასწავლო, ასევე სამუშაო დაწესებულებების ინტერიერის დიზაინის მოწყობის დროს.
  • ამით თქვენ გააუმჯობესებთ თანამშრომელთა პროდუქტიულობას და ხელს შეუწყობთ, რომ იყვნენ უფრო კრეატიულები.
  • აღნიშნული სარგებლის მისაღებად, სულაც არაა საჭირო ბევრი მცენარე, რამდენიმეს განთავსებაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დადებითი სამუშაო სივრცე შეიქმნას.

4. ხმაურის შემცირება

  • მცენარეები ძალიან კარგი საშუალებაა ხმაურის შესამცირებლად როგორც ღია, ასევე დახურულ  სივრცეში.
  • ხმაურს კი ხშირად ვაწყდებით ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, ოფისები, სასტუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.
  • კვლევების თანახმად, მცენარეები ფანტავენ ან ისრუტავენ ხმაურს და შესაბამისად, უფრო კომფორტულს ხდიან გარემოს.
  • სტრესისგან თავისუფალი ინტერიერის შესაქმნელად სპეციალისტები გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, რასაც სტატიის ბოლო ნაწილში შემოგთავაზებთ.

5. სივრცის დაზოგვის საშუალება

  • ასევე აღსანიშნავია დაკიდებული მცენარეების ტრენდი, რომელსაც გარდა ჩამოთვლილი სიკეთეებისა, ის უპირატესობა გააჩნია, რომ საშუალებას გვაძლევს ავითვისოთ ოთახში დარჩენილი ცარიელი სივრცე.
  • ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ეპოქაში, სადაც ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული ტერიტორია.
  • დაკიდებული მცენარეები განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა არ არის საკმარისი სივრცე ქოთნების დასადებად.

6.  ხელმისაწვდომობა

  • საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი – ინტერიერში მცენარეების განთავსება ფუფუნებას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძვირადღირებული სახეობებიც (მაგალითად – ბონსაი).
  • მცენარე ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომია. იგი ინტერიერს შემატებს ხალისს და რაც მთავარია, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფს.

7. დადებითი ეფექტი ხასიათზე

  • “ნიუ ჯერსის” უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის თანახმად (იხ. https://goo.gl/vm8Tjj), სადაც 147 ქალი იღებდა მონაწილეობას. ყვავილები არამხოლოდ წამიერად აპროვოცირებენ ბედნიერების განცდას, ასევე დადებითად მოქმედებენ ხასიათზე.
  • ინტერიერის დიზაინის მოწყობისას, უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარეების განთავსება შესაძლოა კოლეგებთან, ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.

8. მიზნობრიობა

  • ბოლოს კი, მცენარეთა განთავსების ტაქტიკაც განვიხილოთ.
  • იმისთვის, რომ მცენარეები თქვენი მიზნების მიხედვით განათავსოთ, უნდა გაითვალისწინოთ სივრცის თავისებურებები: საცხოვრებელია ის თუ სამუშაო, კუთხოვანი თუ მომრგვალებული და ა.შ.
  • მაგალითად დერეფანში განთავსებული მცენარეები გავლენას ახდენენ ხალხის სიარულის ტემპზე. თუ დერეფანში სხვადასხვა სახის, ზომის და ფორმის მცენარეებია გამოყენებული, ეს ადამიანს უბიძგებს, რომ ინტერესით შეათვალიეროს თითოეული და შესაბამისად ნელა გაიაროს ის მონაკვეთი.
  • იდენტური მცენარეების გამოყენების შემთხვავაში კი უფრო სწრაფად გაივლის, რადგან პირველის შეთვალიერების შემდეგ ინტერესს დაკარგავს. ამ ფაქტს ინტერიერის დიზაინერები ხალხით გადატვირთულ ადგილებში იყენებენ, რომ ხელი შეუწყონ მოძრაობის რეგულირებას.
  • გარდა ამისა, სტატიაში ვახსენეთ ხმაურის დახშობის მიზნით მცენარეთა განთავსების სტრატეგიაც.
  • ამ სფეროში გათვიცნობიერებული ადამიანები გვირჩევენ, რომ მცენარეები არა ოთახის ცენტრში, არამედ მისი პერიმეტრის გარშემო განვათავსოთ.
  • ამ მეთოდით მაქსიმალურად მოხდება ხმაურის შესრუტვა. ასევე, ერთი დიდი მცენარის დადგმას ჯობს, რამდენიმე პატარა მცენარე გამოვიყენოთ.
  • ამ შემთხვევაში, მცენარეთა ზედაპირის ფართობი უფრო უკეთ იქნება ათვისებული, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ხმის შემცირების მხრივ.
  • გარდა ამისა, რეკომენდირებულია დიდი ქოთნების გამოყენება. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით მეტ მიწას შეიცავს, მიწას კი არანაკლები წვლილი მიუძღვის ხმის შთანთქმის პროცესში.
  • რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისუფალი ხართ და შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ გემოვნებას მიენდოთ.
  • აღნიშნული რეკომენდაციები დაგეხმარებათ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ სივრცე კონკრეტულად თქვენი მიზნების შესაბამისად.