სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი ყველაზე კომფორტულად, დაცულად და მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს. ცხადია, ამ შეგრძნებების შექმნაში უდიდეს როლს ინტერიერის დიზაინი ასრულებს. ბინის გემოვნებით მოწყობა და კომFORTIS შექმნა მარტივი სულაც არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაბრკოლებას პატარა სივრცე ქმნის.

თუმცა, უნდა გაგახაროთ, რომ მომცრო ბინის ქონა განაჩენს სულაც არ წარმოადგენს! არსებობს პატარ-პატარა ხრიკები, რომლებიც ნებისმიერი გაბარიტების ბინას დარბაზის ეფექტს მისცემს.

განათება

პირველი აუცილებელი შტრიხი, რაც პატარა სახლის მფლობელმა ბინის პროექტში უნდა შეიტანოს, დიდი ფანჯრებია. ისინი ბუნებრივი განათების უწყვეტ წყაროს ქმნიან. მზის სხივებით გაჩახჩახებული სახლი ყოველთვის უფრო სივრცული ჩანს, ვიდრე უფანჯრო და  ხელოვნურად განათებული. თუმცა, თუ თქვენი ბინა უკვე დასრულებულია და ფანჯრების გაფართოება მხოლოდ დამატებით თავის ტკივილთან ასოცირდება, განათების დახმარებით სივრცის გაზრდის სხვა გზაც არსებობს. ინტერიერის დიზაინის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ცენტრალურ განათებასთან ერთად, პატარა განათების წყაროები შევიძინოთ, რომელთა დახმარებითაც სხვადასხვა ობიექტებს გავანათებთ. მაგალითად: კედელზე ნახატებს, სუვენირების კუთხეს, წიგნების თაროს… ეს მარტივი ხრიკი  სიღრმავის ილუზიას შექმნის, რაც მთლიანი სივრცის ვიზუალურად გაზრდას წაადგება.

ფერები

  იმისთვის, რომ ფართო ფანჯრების ხრიკმა და ჭკვიანურად განლაგებულმა ხელოვნურმა განათების წყროებმა ბოლომდე იმუშაონ, აუცილებელია შესაბამისად შევარჩიოთ კედლების ფერთა გამა. დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც საქმე პატარა სივრცეს ეხება, ღია ტონალობები თქვენი საუკეთესო მეგობარია. ღია  პასტელურ ტონებში პალიტრა, სპილოსძვლისფერი, თეთრი ფერები კარგად ირეკლავენ შუქს. ეს კი თქვენს ბინას ნათელსა და ჰაეროვანს ხდის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, სივრცულობისა და სიფართოვის შეგრძნება სახლში შესვლის პირველივე წამიდან გარანტირებული იქნება. თანაც, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ 2019 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდები ღია ფერის პალიტრას შესანიშნავად ერგება.

სარკეები

როდესაც ჩვენს მიზანს სივრცის მაქსიმალური ათვისება და სიფართოვის ოპტიკური ილუზიის შექმნა წარმოადგენს, სარკეების მნიშვნელობა მართლაც განუზომელია. უკვე მრავალი წელია, რაც სარკე (და სხვა ამრეკლავი ზედაპირები) ფართობის „გამზრდელ“ მთავარ სიმულატორს წარმოადგენს. სარკის ეფექტი, თქვენს ოთახებს ერთი ორად უფრო ვრცელს გამოაჩენს. ასე რომ, ინტერიერის დიზაინის შექმნისას არ დაგავიწყდეთ მასში დიდი სარკეების ჩართვა, განსაკუთრებით საძინებლებსა და ჰოლში.

ავეჯი

ადგილის ეკონომიისათვის აუცილებლად გააწყვეთ ოთახები გასაშლელი, მარტივად გადაადგილებადი და მულტიფუნქციური ავეჯით. მაგალითად, შეიძინეთ საწოლი, რომელიც დღისით დივნად გადაიქცევა და უზარმაზარ სივრცეს გამოათავისუფლებს. სამზარეულოს კი შეურჩიეთ ავეჯი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად დაიკეცება და შეინახება იქვე მოწყობილ სათავსოში. აუცილებლად შეიძინეთ მსუბუქი, მოძრავი ავეჯი, როგორიცაა მაგალითად ეგრეთ წოდებული „პუფები“. ისინი საოცრად გამოსადეგია სტუმრიანობის დროს, როცა დამატებითი დასაჯდომი ადგილები ჰაერივით გვესაჭიროება. ხოლო როდესაც აღარ დაგვჭირდება, შევძლებთ ერთმანეთზე დავაწყოთ და კომპაქტურად შევინახოთ პატარა სათავსოში.

როგორც ხედავთ, მომცრო ბინის მოწყობა არც ისეთი რთულია, როცა პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერებისგან პატარ-პატარა საიდუმლოებებს ფლობ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მარტივად გადააქციეთ თქვენი პატარა ოთახები ვრცელ დარბაზებად.