სამზარეულო სახლის გულია. დილის ფუსფუსში სამზარეულო იქცევა ოჯახის წევრების შეკრების ადგილად. იგეგმება დღე, მზადდება გემრიელი სადილი და ხშირად, სწორედ, სამზარეულოს მაგიდასთან შემომსხდრებს მოგვდის გენიალური იდეები.
სამზარეულო იმდენად მნიშვნელოვანი ოთახია, რომ ინტერიერის დიზაინერებს ყველაზე მეტი ფიქრი სამზარეულოს დიზაინის შექმნისა და მისი დაგეგმარების დროს გვიწევს. უნდა იყოს კომფორტულიც, ფუნქციურიც და ლამაზიც, ისეთი, რომ საჭმლის კეთებაც გიხაროდეს, გემრიელად მოჯდომა და ყავის დალევაც და თუ საჭიროა სტუმრების მიღებაც.
გაზქურა, ნიჟარა და მაცივარი- „სამუშაო სამეული“, როგორც მას დიზაინერები უწოდებენ, იმდენად გონივრულად უნდა მოვაწყოთ, რომ სამზარეულოში ტრიალის დროს არ მოგვიწიოს კილომეტრების გავლა.
უმჯობესია, თუ ამ სამ მნიშვნელოვან ნივთს არ მივადგამთ ერთმანეთს და მინიმუმ 60 სანტიმეტრით დავაშორებთ, ხოლო მაქსიმუმ კი- 120 სანტიმეტრით.
აბა წარმოიდგინეთ, 2 მეტრი მაცივრიდან ნიჟარამდე, 2 მეტრიც გაზზე, რათა შემოვგათ სადილი, კიდევ 2, რომ გამოვიღოთ მაცივრიდან მწვანილი, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში და ამ ტრიალ-ტრიალში მინიმუმ 2 კილომეტრს გავივლით. მერე აღარც ჭამა გინდა და აღარც საყვარელი ადამიანების ნახვა გიხარია.
თუ ახლო მომავალში გადაწყვეტთ სამზარეულოს გარემონტებას, გაითვალისწინეთ, რომ 2019 წელს აღნიშნული სივრცის ტრენდული ფერებია თეთრი, რძისფერი და შავი. იცოდით, რომ შავსაც აქვს თავის ტონალობები და 2019 წელს, ნახშირისფერი შავით გვირჩევენ სამზარეულოების მოწყობას?
ამბობენ, რომ მოდიდან გადადის პრიალა ზედაპირები და გლუვ ზედაპირს რომ ოდნავ სხივი დაკრავს, ისეთი მასალები ხდება ტრენდული. კარგი იქნება, თუ ლატუნის აქსესუარებით დავამშვენებთ შავ და გლუვ ზედაპირებს და ამით უფრო მდიდულ იერს შევძენთ ჩვენს გარემოს.