“ვფიქრობ, ყველას, ვისაც თავისი თავის საკმარისად ძლიერად სწამს, ქედმაღლად შერაცხავენ. ალბათ, ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა.“ – ფრენკ ლოიდ რაიტი “ქედმაღალი” არქიტექტორი.

არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, მწერალი, განმანათლებელი. ის გენიალური პიროვნება გახლდათ. თავისი ხანგრძლივი, 70-წლიანი, კარიერის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც მან 1000-ზე მეტი ნაგებობის დიზაინი შექმნა, საიდანაც 532 აიგო, ამერიკის არქიტექტურა მთლიანად გადაატრიალა.

ის 1867 წელს ვისკონსინში დაიბადა და თავისი ადრეული განვითარების წლები მიდვესტში, შემდეგ კი ჩიკაგოში გაატარა. ამ უკანასკნელში იწყება მისი კარიერაც, როდესაც ერთ-ერთმა არქიტექტურულმა ფირმამ ის მხაზველად დაიქირავა.

თუმცა, მხოლოდ 1893 წლის შემდეგ, როდესაც ის უკვე თავის სტუდიოს ხსნის, იწყებს ვარსკვლავებთან ჭიდილს.

უნდა აღინიშნოს, რომ 1991 წელს ამერიკის არქიტექტორთა საზოგადოებამ რაიტი „ამერიკის უდიდეს არქიტექტორად“ დაასახელა. მისი ნაგებობების დიდი ნაწილი კი UNESCO-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესვლის კანდიდატებად წარადგინეს.

მაგრამ მაინც რა არის რაიტის არქიტექტურის შესახებ ასეთი გასაოცარი?

მას ღრმად სწამდა, რომ არქიტექტორები თავიანთი დროის პოეტები არიან.

მან, როგორც ინოვატორმა, უამრავი ბარიერი დაანგრია, გამოეცალა ჩაკეტილ და შემზღუდველ ვიქტორიანულ არქიტექტურას და ახალი ამერიკული ჟანრი შექმნა, რომელიც სუფთა ხაზებსა და გაშლილ სივრცეებს მიეტრფოდა.

“500 წლის მანძილზე, რასაც ჩვენ არქიტექტურას ვეძახდით, ყალბი იყო…იმ გაგებით, რომ ის არ იყო ბუნებრივი. ის არ იყო ორგანული. ის ბუნების ხასიათს არ ატარებდა. მე კი ხაზს ვუსვამ სიტყვა „ბუნებას“, მე ის ჩემს ეკლესიად ვაქციე.“

ეს სიტყვები ზუსტად გვატყობინებს იმის მიზეზს, თუ რატომ დატოვა რაიტის არქიტექტურამ ასეთი ძლიერი გავლენა.

იმდენად ძლიერი, რომ ის დღესაც დიდ როლს თამაშობს თანამედროვე არქიტექტურასა და დეკორაციულ ხელოვნებებში.

რა ახასიათებდა ფრენკ ლოიდ რაიტის არქიტექტურას?

1920-იან წლებში რაიტის სტილზე დიდი გავლენა იქონია მაიასა და ეგვიპტურმა არქიტექტურამ. ხაზოვანი სტილისა და მზა ბეტონის ბლოკების შერწყმით მან შეიმუშავა სტილი, რომელსაც ქსოვილური სტილი ეწოდა.

ეს სტილი მკაფიოდ გამოიკვეთა კალიფორნიაში. როგორც ყოველთვის, ლანდშაფტი დიდად მნიშვნელოვანი იყო. გარემოსა და სახლს შორის საზღვრის ბუნდოვანების შესაქმნელად რაიტი დიდი რაოდენობით მინას იყენებდა.

ლოს ფელიზში არსებული Ennis House რაიტის ამ მიზანს იდეალურად წარმოაჩენს. ამ სახლს ხანდახან მაიას არქიტექტურის აღორძინებასაც კი უწოდებენ.

ბუნებრივია, ასეთი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მისი სტილიც არაერთხელ განიცდიდა ცვლილებას, რაც მისი ნამუშევრების კატეგორიებად დაყოფის საშუალებასა და მათ შორის კავშირების დამყარების საშუალებას გვაძლევს. ზუსტად ამას გავაკეთებთ ახლა ჩვენ.

რაიტი „პრერის სკოლის“ (XIX-XX საუკუნეების არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი აშშ-ის შუადასავლეთისთვის) ლიდერი გახლდათ, რაც მკაფიოდ ჩანს მის 1900-1914 წლებში აგებულ პრერის სახლებში.

პრერის სკოლა მიდვესტში ჩამოყალიბდა.

ეს იყო მცდელობა ევროპული სტილებისგან განცალკევებული სუფთა ამერიკული სტილის შექმნისა – დაბალი (თითქმის ბრტყელი) სახურავები, სახურავის გადმოკიდული კალთები და გაშლილი დიდი ოთახები.

განიერი და ბრტყელი ბინები გარშემო არსებული პრერის ლანდშაფტის იმიტირებას ახდენდა. ამაში ეხმარებოდათ ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ხე და ქვა. ეს ელემენტი კი ნელ-ნელა უფრო მეტ და მეტ მნიშვნელობას შეიძენს რაიტის არქიტექტურაში.

ის ასევე დიზაინის ელემენტების კოორდინაციას ბუნების მიხედვით ახდენდა. კალიფორნიაში, Oak Park-ში არსებული „ერთობის სასახლე“ (Unity Temple) და ჩიკაგოს Robie House-ი ამ სტილის შესანიშნავი ნიმუშებია.


Oak Park-ში არსებული „ერთობის სასახლე“ (Unity Temple)

1930-იან წლებში, რაიტმა სამოცი, ეგრეთ წოდებული, უსონიანული სახლი ააგო

 არქიტექტორმა სიტყვა „ურსონიანული“ ამერიკული ლანდშაფტის მისეული ხედვის აღსაწერად გამოიყენა, რომელიც ყველა წინარე არქიტექტურული ცნებისგან დამოუკიდებელი იქნებოდა.

ეს სახლები ძირითადად ერთსართულიანი იყო, მათ არ ჰქონდათ არც საწყობი და არც სხვენი. ბრტყელი სახურავები და ირიბი კალთები პასიურ გათბობასა და გაგრილებას უწყობდნენ ხელს. ასევე მათი მეშვეობით სახლი და გარემო ერთმანეთს უკაშირდებოდნენ.

ზუსტად ამ სახლების დიზაინზე მუშაობისას რაიტმა შეიმუშავა ტერმინი „carport” (იგივე ფაცხა), რომლითაც ის სახურავის დიდი ზომის კალთას მოიხსენიებდა, რომელიც მანქანის სადგომს ფარავდა.

მიიჩნევა, რომ რაიტის ურსონიანური სახლების კონცეფცია რანჩოს სტილის სახლების საძირკველია, რომლებიც 1950-იან წლებში მოიპოვებენ პოპულარობას.

ალაბამაში არსებული Rosenbaum Haum-ი ამ სტილის “ყველაზე წმინდა ნიმუშად“ მიიჩნევა.

ორგანული არქიტექტურა

რაიტმა ტერმინი „ორგანული არქიტექტურის“ გამოყენება 1908 წლიდან დაიწყო. ამ სიტყვებით ის თავის არქიტექტურულ ფილოსოფიას აღწერდა.

მისი მთავარი იდეა ადამიანების ნაგებობებსა და ბუნებას შორის ჰარმონიული კავშირის დამყარებაა.

„ნაგებობა ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს ის ბუნებრივად ამოვიდა მის ადგილას. ის უნდა ერწყმოდეს თავის გარემოცვას.“ – ამბობდა რაიტი.

ეს ბუნებაში არსებული ფორმების გამოყენების მეშვეობითაც მიიღწევა, ისევე, როგორც ბუნებრივი მატერიალების.

აქ კი არ შეიძლება არ ვახსენოთ „Fallingwater”-ი, რაიტის მიერ შექმნილი, ორგანული არქიტექტურის შედევრი.

რაიტმა მისი დადგმა ზუსტად ჩანჩქერის გვერდით გადაწყვიტა, რამაც სახლსა და ბუნებას შორის გაუწყვეტელი კავშირი დაამყარა. „არცერთი სახლი არ უდნა დაიდგას შემაღლებულ ადგილას, ანუ ისეთ ადგილას, რომელიც მის გარშემო ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა.

ის ბორცვთან უნდა იყოს, ბორცვს უნდა ეკუთვნოდეს. ბორცვმა და სახლმა ერთად უნდა იცხოვრონ, და არა სახლმა ბორცვზე.

ინტერიერის დიზაინი

რაიტი დიდ ყურადღებას აქცევდა ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ყოველ ასპექტს. ის ამბობს, რომ “საცხოვრებელი ადგილი ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს.“

შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ ის თავად ქმნიდა ავეჯისა და სხვა დეკორაციების დიზაინს, რომლებიც მის მიერ შექმნილ ნაგებობებში შედიოდა.

ეს დეკორატიული მოტივები, ისეთი განსხვავებული წყაროებით იყო შთაგონებული, როგორებიცაა ვენური სეცეზიონები და იაპონური შირმა.

მაგალითად, მან ,ერთ-ერთმა პირველმა, აითვისა ჩაღრმავებული განათება, რომლის წინაც, შუქის გასაფილტრად, ის ხშირად ბრინჯის ქაღალდს ან დეკორაციულ ხის ნაგებობებს დებდა, რომლებსაც შუქის გასატარებლად ხვრელები ჰქონდათ.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია, იაპონური გრავიურების გავლენით შექმნილი, ტყვიაში ჩამჯდარი ფერადი მინები. 1885-1923 წლებში ის ამ ტექნიკას ხშირად მიმართავდა.

მან 163 შენობის დიზაინი შექმნა, რომლებიც მის ამ პროდუქტს შეიცავდნენ. ის მათ „შუქის ეკრანებს“ უწოდებდა.

გუგენჰეიმის მუზეუმი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ის 80 წლის გახდა, რაიტმა მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შედევრზე, გუგენჰეიმის მუზეუმზე, მუშაობით შეიქცია თავი.

ის მასზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ორგანული არქიტექტურის პრინციპების გამოყენებით, შენობის დიზაინი ნიჟარის სპირალზეა დაფუძნებული.

სამწუხაროდ, ის შენობის გახსნამდე ექვსი თვით ადრე მოკვდა. მისი რამდენიმე სურვილი, ამ შენობის შესახებ, კი აღუსრულებელი დარჩა.

მაგალითად, ინტერიერი თეთრი ფერის უნდა ყოფილიყო, მნახველებს კი ხელოვნების ნიმუშები ცენტრალური იარუსიდან ჩამოსვლისას უნდა დაეთვალიერებინათ და არა ქვემოდან ზემოთ ასვლისას (ასე ფუნქციონირებს დღეს ეს მუზეუმი).

რაიტს უნდოდა, რომ მუზეუმის ფიზიკური სივრცე ისევე შთამბეჭდავი ყოფილიყო, როგორც მასში არსებული ხელოვნების ნიმუშები.

თავდაპირველად შენობის დიზაინმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რადგან იმ დროისთვის ასეთი ფორმები უცხო იყო.

კრიტიკოსები მას „სარეცხის მანქანას“, „გიგანტურ ტუალეტსა“ და „სკას“ ადარებდნენ.

თუმცა, დროთა განმავლობაში ხალხი ტრადიციული არქეტიპებისგან გათავისუფლდა და მას სხვა თვალით შეხედა, რამაც თანამედროვე მუზეუმების ხანას დაუდო საფუძველი.


ფრენკ ლოიდ რაიტი – “ქედმაღალი” არქიტექტორი
გუგენჰეიმის მუზეუმის შენების პროცესი
მართლაც ქედმაღალია თუ მისი გამოხედვით თავის გენიალურობას მალავს ?!..

წინა ბლოგი – ახალი კლასიკური არქიტექტურა მოდერნისტული სისადავის წინააღმდეგ

Facebook Instagram