ინტერიერის დიზაინში შეცდომების დაშვება გარდაუვალია განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სფეროში ცოდნას არ ვფლობთ. მიუხედავად ამისა, სურვილის შემთხვევაში ყველაფერი გამოსწორებადია. უბრალოდ ვიდრე შეცდომებს გამოვასწორებთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ თუ რაში შევცდით. სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებათ ეს სტატია, რომელშიც წარმოდგენილია ინტერიერის დიზაინში ხშირად დაშვებული შეცდომები.
1. მასშტაბის დარღვევა
შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ, როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, ესაა მასშტაბის დარღვევა. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მასშტაბისა და პროპორციის იდეალურად განსაზღვრა განსაკუთრებულ ხედვას მოითხოვს, რაც, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ გააჩნია. იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაგიმარტივოთ სივრცის მოწყობა, გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს: პირველ რიგში, ოთახში ყველაფერი ერთი ზომის ან ერთ დონეზე განთავსებული არ უნდა იყოს.
სწორი მასშტაბის საიდუმლო განსხვავებული ფორმების, სიმაღლისა და ზომების ნაზავში მდგომარეობს. გარდა ამისა, ზოგიერთი ძალიან ბევრ პატარა ნივთს დებს ოთახში, რაც ანაწევრებს და ქაოსურს ხდის სივრცეს, სხვები კი პირიქით, ბევრი უზარმაზარი ნივთის განთავსებით აპატარავებენ და ტვირთავენ ოთახს. ეცადეთ, გაითვალისწინოთ ეს რჩევები და მასშტაბის სწორად განსაზღვრის შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას გაუმკლავდით!
2. ფერი ინტერიერში
ჩვენს თანამედროვეობაში ძალიან აქტუალურია ნეიტრალური ფერთა პალიტრის გამოყენება, მაგრამ ზომიერება აქაც აუცილებელია იმისთვის, რომ უნებურად, სადა და დახვეწილი ინტერიერის ნაცვლად სტერილური გარემო არ შევქმნათ. ზოგჯერ, იმის შიშით, რომ ინტერიერი არ ააჭრელონ, სახლის მფლობელები ავეჯშიც, კედლებზეც, აქსესუარებშიც ნეიტრალურ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც საბოლოოდ ვერ ქმნის მყუდრო და საინტერესო აურას. ან პირიქით, არსებობს მეორე უკიდურესობა, ეს გახლავთ უამრავი ფერის გამოყენება ინტერიერში. მათი არაპროფესიონალურად შეხამება ერთმანეთთან
ოთახში მხოლოდ ერთ კედელზე აქცენტის გაკეთებაც კი საკმარისი იქნება, რომ ის საგრძნობლად შეიცვალოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დანარჩენი დეკორი ნეიტრალური დარჩება. ინტერიერის გახალისება კედლის მოხატვის გარეშეც არის შესაძლებელი. ამისთვის არსებობს ხალიჩები, ფარდები, ბალიშები, აქსესუარები, მცენარეები. ძალიან ეფექტურია ისეთი ნახატების დაკიდება, რომლებიც ცოცხალ ფერებს შეიცავენ. იგივე პრინციპი ვრცელდება ავეჯზეც. დღეს საკმაოდ აქტუალურია ფერადი სკამების და სავარძლების გამოყენება.
ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ მკაფიო ფერის გამოყენების, აარჩიეთ თქვენი საყვარელი ტონალობა და გაახალისეთ სასურველი სივრცის ინტერიერი!
3. ავეჯით სივრცის გადატვირთვა
ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავეჯს. გარდა იმისა, რომ ოთახში განთავსებული ავეჯი ფერით და სტილით უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ სივრცეს, ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა რაოდენობის მხრივაც, რათა ოთახმა არ დაკარგოს თავისი ფუნქცია. გადატვირთული ავეჯი კი ხელს უშლის ოთახში ტევადობისა და კომფორტის შენარჩუნებას. ამიტომ, ნუ მოერიდებით ცვლილებებს, ზოგჯერ ერთი-ორი ნივთის მოშორებაც საკმარისია, რომ სივრცე გათავისუფლდეს და მოძრაობის მხრივ შეზღუდული აღარ იყოთ.
4. სწორი შეხამება
სწორად შერჩეული დეტალები, ინტერიერის დიზაინში, რა თქმა უნდა ითვალისწინებს სწორ შეხამებას. ზოგჯერ ეს ცნება არასწორადაა ინტერპრეტირებული და შედეგად ვიღებთ ისეთ ინტერიერს, სადაც ფერი ან მატერია ძალიან შეზღუდულადაა გამოყენებული. კომფორტული და მიმზიდველი სივრცის შესაქმნელად კი აუცილებელია განსხვავებული ფერებისა და მატერიების გამოყენება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ავეჯი და ნივთები შემთხვევითობის პრინციპით უნდა შეარჩიოთ. ინტერიერს უნდა ჰქონდეს დომინანტური სტილი, რომელიც დაახლოებით 80 პროცენტით იქნება დომინირებული, დანარჩენი 20 პროცენტის შერჩევისას კი შეგიძლიათ უფრო თავისუფალი და თამამი იყოთ.
5. ნახატების ძალიან მაღლა დაკიდება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნების ნიმუშების გამოყენება კარგი არჩევანია ოთახში ფერის და ხასიათის შემოსატანად. მაგრამ არასწორად დაკიდების შემთხვევაში, თვით საუცხოო ნახატიც კი შეიძლება სრულიად არაეფექტური იყოს. ინტერიერის დიზაინერების თქმით, ეს საკმაოდ ხშირი შეცდომაა და მისი თავიდან აცილების მიზნით გვირჩევენ, რომ ასეთი ნივთები თვალის დონეზე განვათავსოთ. ჩვეულებრივ, ნახატი უნდა დაკიდოთ ისე, რომ მისი შუა წერტილი დაახლოებით 150 სანტიმეტრით იყოს დაშორებული იატაკს. თუ ჭერი მაღალია, შესაბამისად, რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდით აღნიშნულ სტანდარტს. იმ შემთხვევაში თუ რამდენიმეს ერთად დაკიდება გაქვთ განზრახული, მაშინ შუა ნახატი მიიჩნევა ცენტრად.
ასევე გასათვალისწინებელია ნახატის ზომა იმის მიხედვით, თუ სად აპირებთ მის განთავსებას. მაგალითად, სავარძლის მაღლა ერთი ან ორი პატარა ნახატის დაკიდებას სჯობს, რომ ერთი და დიდი ზომის დაკიდოთ.
6. ხელოვნური მცენარეების გამოყენება
ინტერიერის დიზაინში მცენარეების დიდი რაოდენობით გამოყენება დღესდღეობით ძალიან ტრენდულია, რასაც ვერ ვიტყვით ხელოვნურ მცენარეებზე. გარდა იმისა, რომ უფრო სუსტი ვიზუალური ეფექტი აქვთ, ასევე არ გააჩნიათ ის სასარგებლო თვისებები, რაც ნამდვილ მცენარეებს და ხშირად შესაძლოა უბრალოდ მტვრის ბუდედ იქცეს. თუ თქვენ იმიტომ ანიჭებთ მათ უპირატესობას, რომ არ გაქვთ საკმარისი დრო და ცოდნა ნამდვილი მცენარეების მოსავლელად, მაშინ გირჩევთ კაქტუსსა და სუკულენტებს, რომლებიც ძალიან მარტივი მოსავლელია. მაგრამ თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც მართლა უყვარს ხელოვნური ყვავილები, მაშინ აუცილებლად შეიძინეთ ისეთი, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურად გამოიყურება.
ხოლო, რა უპირატესობები აქვს ნამდვილი მცენარეების ინტერიერის დიზაინში გამოყენებას, იხილეთ ჩვენი ბლოგი – რატომ უნდა გამოვიყენოთ მცენარეები ინტერიერის მოწყობისას?
7. ფოკალური წერტილის არ არსებობა
ერთ-ერთი შეცდომა რომელსაც საკმაოდ ხშირად უშვებენ ინტერიერის დიზაინში, არის სივრცის ისე მოწყობა, რომ ცენტრალური, ეგრეთ წოდებული ფოკალური წერტილი არ აღიქმებოდეს. რეალურად, ყველა ოთახს სჭირდება ასეთი რამ – ერთგვარი კერა, რომელიც გარკვეულწილად მას ფუნქციას შესძენს (დიდ ოთახებში რამდენიმე შეიძლება იყოს). ხშირად, სასტუმრო ოთახებში ტელევიზორი არის ფოკალური წერტილი, რადგან სხვა დანარჩენი ნივთები ისეა განლაგებული გარშემო, რომ აქცენტი მასზე კეთდება.
სხვა შემთხვევებში შეიძლება ასე ადვილი არ იყოს მისი შექმნა, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: სანამ ავეჯს და ნივთებს განალაგებთ, ეცადეთ განსაზღვროთ რა არის ოთახის ფუნქცია, კონკრეტულად რაზე გსურთ აქცენტის გაკეთება და სწორედ ამის მიხედვით გადაწყვიტეთ რა იქნება ფოკალური წერტილი, რომლის გარშემოც განათავსებთ ნივთებს. ეს შეიძლება იყოს ბუხარი, დიდი ზომის ნახატი, ფანჯარა ლამაზი ხედით, დიდი ზომის მცენარე და ა.შ
8. ნაკრების / კოლექციის განთავსება
კოლექციებს და ნაკრებებს თითქმის ყველა სახლში შეხვდებით. ზოგჯერ ყველაფერი (მაგალითად) ერთი კერამიკის ჩიტის შეძენით იწყება, მაგრამ მერე, დროსთან ერთად მატულობს მათი რაოდენობა, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა ფორმის და ზომის კერამიკული ჩიტების მთელ ნაკრებს ფლობთ. ისმის კითხვა – როგორ უნდა განვათავსოთ სახლში ასეთი ნივთები ისე, რომ მაქსიმალური ვიზუალური ეფექტი ჰქონდეთ?
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორი იქნება კოლექციის შემადგენელი თითოეული ნივთის ცალცალკე სახლის სხვადასხვა კუთხეში განთავსება: ერთი ჩიტი – ბუხრის თავზე, მეორე – მაგიდაზე, მესამე კიდევ სხვაგან და ა.შ სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპისაა აქსესუარი, როცა საქმე ნაკრებს ეხება, ყოველთვის სჯობს, რომ ერთად, ჯგუფურად განალაგოთ. ასე რომ, მოუყარეთ თავი თქვენს საყვარელ აქსესუარებს, რათა სტუმრები კიდევ უფრო მოიხიბლნონ თქვენი ინტერიერის დიზაინით!
9. ფარდების არასწორად დაკიდება
ინტერიერის დიზაინის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფანჯრების დეკორაციას. ერთი შეხედვით, არაფერია ფარდების დაკიდებაში რთული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეული წესების დაცვაა საჭირო, რათა ვიზუალურად არ დაპატარავდეს ოთახი და არ დამოკლდეს ჭერის სიმაღლე. ამის თავიდან ასარიდებლად გაითვალისწინეთ, რომ კარნიზი დაშორებული უნდა იყოს ფანჯრის კიდეს დაახლოებით 15 სანტიმეტრით. ფარდა კი უნდა დაკიდოთ არა უბრალოდ ფანჯრის, არამედ მთელი კედლის სიმაღლის შესაბამისად, ჭერიდან იატაკამდე.
10. ხასიათის არ არსებობა
და ბოლოს, ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ფერების და მატერიების გემოვნებიან შერწყმას არ მოიცავს, ის ასევე გულისხმობს სახლის ხასიათის, ინდივიდუალურობის შექმნას, რაც უცებ და ერთჯერადი ქმედებით არ ხდება. ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება წლები გაგრძელდეს, რადგან ხასიათი სწორედ დეტალების დამსახურებით იქმნება. ამიტომ, ნუ იჩქარებთ და ნივთებს მხოლოდ სივრცის შესავსებად ნუ შეიძენთ. დროსთან ერთად აღმოაჩენთ არაერთ საინტერესო ნივთს ან იდეას, რომელიც ჰარმონიულ სინთეზს შექმნის თქვენი სახლის აურასთან!