უკვე ზაფხულია და ცოტა დასვენებაზეც უნდა ვიფიქროთ, რისთვისაც ლამაზად მოწყობილი ეზო, ერთი ჰამაკი და ჩრდილში მდგომი მაგიდაც სრულებით საკმარისია. ამიტომ დროა, ცოტა ბაღის მოწყობაზე ვისაუბროთ და მივიწყებულ ეზოს ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ. ნახეთ, საინტერესო რჩევები მყუდრო და ლამაზი ბაღის მოსაწყობად.
კოინდარი და ქვაფენილი
ბაღის მოწყობა, საწყისი საფეხურებიდან უნდა დავიწყოთ. თუ გინდათ, რომ თქვენი ეზოს მუდმივად სუფთა და მოწესრიგებული იერი ჰქონდეს, მაშინ ბაღში კოინდარი უნდა დათესოთ.
ერთი ზომისა და ფერის ბალახი ეზოში შემოსვლისთანავე იქცევს ყურადღებას. ბალახი ბავშვებისთვისაც კარგია და მისი მოვლაც უმარტივესია.
ბალახი რომ აბიბინდება, შემდეგ ქვაფენილის ან დეკორატიული, ლამაზი ქვების განლაგებაზე იფიქრეთ.
გაითვალისწინეთ, რომ კოინდარი სუსტი ბალახია, მარტივად ზიანდება და ხშირად ნაფეხურებიც რჩება ხოლმე, ამიტომ ქვაფენილი ბაღის პირვანდელ სილამაზეს შეგანარჩუნებინებთ, თან წვიმიან ამინდში ეზოში გასეირნებას თავისუფლად შეძლებთ.
გამწვანებული ჭიშკარი
არასოდეს მოგეცემათ მეორე შანსი, პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, ამიტომ სტუმრების გაოცება ჭიშკრიდანვე უნდა დაიწყოთ.
ჭიშკართან ამყოლი და მარადმწვანე მცენარეები დარგოთ, რითიც შემოსასვლელს მწვანე ფერი გამოაცოცხლებს და სტუმარიც თავიდანვე დადებითი განწყობით შემოვა თქვენს ეზოში.
მაგიდა და სკამები
რა აზრი აქვს ბაღს მაგიდისა და სკამების გარეშე? მართალია, არც არაფერი, ამიტომ თქვენი ეზოს მოწყობისას ხის ქვეშ ჩრდილში, მათთვის ადგილი გამონახეთ. აარჩიეთ რკინის მაგიდა, შეუსაბამეთ სკამები და დადგით.
რატომ რკინა? რადგან ზაფხულს ჟუჟუნა წვიმა ახასიათებს, ამან კი შეიძლება ჩვენი რბილი ავეჯი დააზიანოს, რკინას კი ვერაფერს დააკლებს. დააფინეთ ბალიშები რკინის სკამებზე, ხის ჩრდილში სიგრილით დატკბით.
თუ თქვენი ბაღი დიდია, მაშინ შეგიძლიათ სკამები რამდენიმე ადგილას გაანაწილოთ და სივრცე ამ ხერხით დატვირთოთ.
გავანათოთ ბაღი
რა თქმა უნდა, განათების გარეშე არაფერი გამოვა, საღამოს ვარსკვლავების ყურებას ხომ არაფერი ჯობს. განათება ქვაფენილს ხაზად გააყოლეთ, ეს ესთეტიურ სილამაზეს შესძენს ინტერიერს და ბაღი როგორც ღამით, ასევე დღისითაც ულამაზესი იქნება.
ასევე შეგიძლიათ განათება ხეებზე დაამაგროთ ან მცენარეებში ლამაზად მიმოფატოთ.
დაბლა, ძირს დამაგრებული სანათები ყოველთვის ალამაზებს ექსტერიერს, ეზოს სიმყუდროვესა და სიმშვიდეს სძენს.
მცენარეების დროც მოვიდა
ბაღის დიზაინში ყველაზე მთავარი ხომ სწორედ მცენარეებია, საგულდაგულოდ მოუფრთხილდით ძველ ქოთნებს, ეზოს განახლების შემდეგ მათ სათანადო ადგილს მოვუძებნით.
დადგით ძველი ქოთნები შუა ეზოში, ისე თითქოს წრეს ქმნით, ან დააწყვეთ ისინი მაგიდასთან და ნახავთ, რომ ერთად თავმოყრილი ძველი ქოთნები რეტრო სტილს შექმნის და თანამედროვე ბაღს ეს შერევა ძალიან მოუხდება.
ტროპიკული მცენარეები
თანამედრვე ინტერიერს ტროპიკული დეტალები გამორჩეულად უხდება. ბაღის ჭიშკართან ან სახლის გვერდზე რომელიმე ტროპიკული მცენარე დარგეთ, ეს აზიურ ევროპულ სტილს შეგიქმნით.
ჰამაკი და საქანელა
თქვენს ბაღში ჰამაკისთვის ადგილი აუცილებლად უნდა გამოყოთ, აბა მზის ჩასვლის შემდეგ მარტო სკამებზე ჯდომა მოსაწყენია, ჰამაკი კი დასვენებასა და ზაფხულით ტკბობაში დაგეხმარებათ.
ჰამაკთან ერთად იდეალურ კომბინაციაში სწორედ საქანელა მოდის. ეზოს დიზაინის გასალამაზებლად ადგილი საქანელისთვისაც დაიტოვეთ და დაგვიჯერეთ შეუდარებელი გარემო შეიქმნება.
ამდენ ლაპარაკში მაყალი გამოგვრჩა, ლამაზი დღის გემრიელი დასასრული. სანამ დღეისთვის საუბარს მოვრჩებით, გირჩევთ, რომ თქვენს ახლად არჩეულ მაგიდასთან სადმე მაყალიც დადგათ, შემდეგ ცეცხლი დაანთოთ და ბაღის სილამაზით დატკბეთ.
ჩვენ კი ახლა დაგტოვებთ და თქვენთვის სხვა საინტერესო თემებს მოძიებას განვაგრძობთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – ფანჯარა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნველოვანი