შემოიარე მსოფლიო 3 წუთში IV – საქართველო, საქართველო და ისევ საქართველო

გული მიჩქარდება, თვალები მინათდება და სიტყვები ქაოსურად მოძრაობენ ტვინში. მიყვარს და მაბედნიერებს ყოველი კუთხე-კუნჭული, მაოცებს მისი სილამაზე და მაძლიერებს ხალხის თანადგომა და ერთმანეთის სიყვარული, სიამაყით მავსებს ჩემი ქვეყნის ხსენება და უამრავი ცუდის მიუხედავად, თავდავიწყებით მიყვარს საქართველო, დატანჯული, დაჩაგრული, წართმეული და მებრძოლი საქართველო. ჩუმად, ჩემთვის მიყვარს ქართული სილამაზე, ტრადიციები და კულტურა, კულტურა, რომელიც უკვე საუკუნეებია გვაცოცხლებს და გვამთლიანებს. ამიტომაც დღეს სასაუბლოდ ბლოგში, შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – საქართველო ავირჩიე.

თქვენ გინახავთ საქართველოზე ლამაზი მხარე? და ჩვენნაირი ხალხი? ცუდი ხომ ყველგან ხდება, მთავარია ყველაფერში კარგი დაინახო, უანგაროდ დაინახო და დააფასო შენი ქვეყნის სილამაზე.

მეოთხე მოგზაურობის დროა, პატარა ბავშვივით მიხარია, ისე თითქოს პირველად გავსინჯე შოკოლადი ან პირველად დავჯექი საქანელაზე. დასხედით,  ჩვენი პატარა, ძლიერი და გამორჩეული ქვეყანა უნდა დავათვალიეროთ. მოემზადეთ, საოცარი და  დაუვიწყარი ადგილები უნდა ვნახოთ.

ოქტომბრის ბოლო მოგზაურობა საქართველოთი დავასრულოთ და ნოემბრის მოლოდინში ნახევრად გაშიშვლებულ თბილისს გადავხედოთ, მატარებელი თბილისი-საქართველო უკვე გადის, გეზი აბასთუმანისკენ ავიღოთ.

გინახავთ ოდესმე ასტროფიზიკური ობსერვტორია? დაგინახავთ საქართველოს თავზე მოკაშკაშე ვარსკვლავები?

ამ სილამაზის უნახავობა როგორ შეიძლება, ყველგან კი არ არის აბასთუმანისნაირი ცა და დიდი, უშველებელი ტელესკოპი.

წადით, სადმე ჩამოსხედით და უყურეთ რა ლამაზია საქართველო, რა საოცარია ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მილიონობით ჩაუფიქრებელი სურვილი, ახდენას რომ ელოდებიან.

ეს ნაგებობა დაბა აბასთუმანში მდებარეობს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაარსდა და პირველი ტელესკოპიც 1934 წელს დაიდგა, ობსერვატორია მოქმედი და საკმაოდ აქტიურია.

აბასთუმანი-ობსერვატორია

არქიტექტურის ეს შედევრი საქართველოს სახელსა და ღირსებას ჯერ კიდევ დაარსების დღიდან ქმნიდა, ძველი ტიპური ქართული არქიტექტურის ნიმუშია.

მსგავსი სტილი სხვა ნაგებობებშიც შესამჩნევია, რომლებსაც მოგვიანებით დავათვალიერებთ.

საქართვეოს-ლამაზი-კუთხეები

ტყეში ნაშენები, ობსერვატორია ძველი და ამავდროულად ლამაზია, ქართული სტილი ჩუქურთმებში, გარეთა ფასადსა და ექსტერიერში კარგად იკვეთება.

ობსერვატორიას რამდენიმე შენობა აქვს და ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.

დაადგით ელარჯი და ნადუღი მოიტანეთ, გებჟალიისთვის სამეგრელოში ჩავდივართ თან დადიანების სასახლე მოვინახულოთ

სიტყვა სასახლე სწორედ ამ არქიტექტურის ძეგლს შეეფერება, როგორი თავადური გვარიც არის დადიანი ისეთივე თავადური, მდიდრული და გასაოცარია ეს მუზეუმი.

დადიანების-სასახლე

დახვეწილი, გამორჩეული და განსხვავებული მეგრული კულტურის შედევრი, ულამაზესი ინტერიერი და ექსტერიერი.

დადიანების-სასახლე

მუზეუმის ირგვლივ არც მეტი არც ნაკლები, 67 ჰექტარი ტყე-პარკია, რა თქმა უნდა, სამეგრელოს მთავარების დადიანების მიერ გაშენებული.

ვის არ მოუნდებოდა აქ ცხოვრება, სასახლის ფანჯრიდანაც კი მდიდრული ხედი იშლება.

დადიანების-სასახლე

რა სილამაზეა, თითქოს  არარეალურია აქაურობა, ფილმში გეგონება ადამიანს თავი. ქართული სილამაზეც სწორედ ეს არის.

სვანეთში  თუ ყოფილხართ? კუბდარი თუ გაგისინჯავთ? არ მინახავს მე ადამიანი სვანეთის ნახვის შემდეგ, საქართველო არ შეჰყვარებოდა. იქ სხვა სამყაროა, კულტურის სხვა ტალღაა, ტრადიციების სხვა გაგებაა.

სვანეთი

სვანეთია მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ქვეყანამ კულტურა.

აქ ყველგან არ იჭერს ტელეფონი, არ არის  ყველგან ინტერნეტი, მაგრამ  არის ბედნიერება ულევი, უანგარო და განსხვავებული.

ხომ გაგიგიათ, მხოლოდ მთებშია ბედნიერებაო, ხოდა ეს მთებია ზუსტად, აქ  უნდა თქვან ,,ცა ქუდად გვაქვს დედამიწა ქალამნადო“

სვანეთი

დააკვირდით კოშკებს, სახლებსა და ეზოებს. სვანეთის არქიტექტურა მთელს საქართველოში ერთია, ისეთივე მედიდურია, როგორც მთები სახლების უკან, გაოცებული ვუყურებ კოშკებს და მეამაყება ეს სილამაზე, ეს ქართული სილამაზე.

მაცნეებივით აღმართული კოშკები და თოვლით გაჟღენთილი ჰაერი. სად ნახავ ასეთ არქიტექტურას თუ არა აქ, თუ არა სვანეთში.

სვანეთი

დრო გვეწურება, არადა ისეთი ადგილები გვაქვს სანახავი, უნახავად დამშვიდობება არ შეიძლება, სანამ 3 წუთი გასულა გერგეტზე ავიდეთ ყაზბეგში, მოვილოცოთ და ოქტომბრის ტური მშვიდად დავამთავროთ.

ყაზბეგი-გერგეთიგერგეტის სამება ხუროთმოძღვრული კომპლექსია, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და უზარმაზარ მთებში იკარგება. აქიტექტურა ქართული სტილისთვის დამახასიათებელია, ეკლესია ნაშენებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით.

გერგეთი-ყაზბეგიტაძარი მე-14 საუკუნისაა და ეჭვგარეშეა, რომ მთელი და მოქმედია, წარმოიდგინეთ, რა სილამაზეა თეთრ საბანში გახვეული ყაზბეგი, სიმშვიდე, სიწყნარე და რელიგიის  წარუშლელი კვალი მთებსა და მოსახლეობაზე.

გერგეთი-ყაზბეგი

ტაძრის სამხრეთით, ადრე თემის უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, არქიტექტურაც საბჭოსთვის შესაფერისია, ტაძრის ამ ნაწილში ქვის გრძელი ბოძები იყო და ზუსტად აქ წყდებოდა მთელი ყაზბეგის ასავალ-დასავალი, აქ იქმნებოდა ისტორია, რომელიც მე-14 საუკუნიდან დღემდე ამაყად დგას, ცივ და უზარმაზარ მთებში.

დღეისათვის სულ ეს იყო, გული მწყდება და ვერ ველევი ამ სილამაზეს, თითქოს მეც ვტოვებ ქვეყანას, არადა 3 წუთი გავიდა, ამდენი დროც არ გვაქვს მაგრამ დავბრუნდებით აუცილებლად, როგორ შეიძლება საქართველო მხოლოდ 4 ადგილით ამოვწუროთ.

მოგზაურობას ყაზბეგში ვამთავრებთ, მაგრამ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ შემოვივლით საქართველოს, თუნდაც ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდეს.

წინა ბლოგი: ოსკარ ნიმეირი- განსხვავებული და საინტერესო არქიტექტურა ბრაზილიიდან

Facebook