ინტერიერის დიზაინის იაპონური სტილი დასავლეთისთვის ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იყო ცნობილი, თუმცა არა პოპულარული. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყო იაპონურმა სტილმა ფეხის მოკიდება, როდესაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობა ოფიციალურად გაიხსნა. მას ორი მთავარი ელემენტი აქვს – მინიმალიზმი და ძენის პრინციპების წინ წამოწევა. იაპონური ინტერიერის დიზაინი – გენიალურობა სიმარტივეშია.

იაპონური ინტერიერის მთავარი კონცეფცია არის – „მა“. მისი მიზანია ერთ მხარეს არსებულ სივრცეს, ავეჯსა და ნივთებს და მეორე მხარეს არსებულს შორის ბალანსის დამყარება.

„მა“ სივრცის გადატვირთვისგან თავის ასაცილებლად და წყნარი გარემოს შესაქმნელად გამოიყენება.

იაპონური დიზაინი მთლიანად ძენის გარშემო ტრიალებს. ძენი მაჰაიანა ბუდიზმის კონცეფციაა, რომელიც მედიტაციასა და ინტუიციას წამოწევს წინა პლანზე.

იაპონური სტილის ოთახები ჩვეულებრივ სიმარტივესა და სიმშვიდეს ესწრაფვიან.

იაპონური სტილის სახლი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ათასწლოვანი პრაქტიკის შედეგია.

ის გამორჩეულია თავისი სისუფთავით, მოწესრიგებულობით, ბუნებრივი სილამაზით, ტრადიციული ელემენტებით, სიმარტივითა და სიმყუდროვით.

იაპონური სტილის ელემენტები ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს, რათა ძენი შეიტანოს თავის საყუდებელში.

ბოლოს და ბოლოს ჩვენს ცხოვრებაში ყველას გვჭირდება სიმშვიდე და ჰარმონია.

დაამატეთ ბუნებრივი ელემენტები

იაპონური კულტურა უხვად ავრცელებს ბუნებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას. ისინი ამბობენ, რომ ბუნებასთან კავშირის შენარჩუნების საუკეთესო გზა მისი სახლში შემოშვებაა.

ტრადიციული იაპონური მცენარის (ბონსაის, ბამბუკის ა.შ.) სალხში შემოტანა არა მხოლოდ ბუნებას, არამედ სიმყუდროვესა და სიმშვიდესაც შემოუშვებს თქვენს სახლში.

სასურველია ბუნებრივ სიმწვანეს მიანიჭოთ უპირატესობა. მართალია, ყვავილები იაპონური სტილისთვის არაა დამახასიათებელი, მაგრამ შეგიძლიათ ორქიდეაც გამოიყენოთ ზემოთ ხსენებული მიზნის მისაღწევად.

მცირე ზომის ჩასაჯდომ აბაზანაზეც დაფიქრდით

ასეთი აბაზანა ჩვეულებრივ მცირე ზომისაა, მაგრამ ღრმაა და აუცილებლად აქვს ჩამოსაჯდომი. წყლის ელემენტი იაპონური სახლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა ფანტანები სახლს წყლის ჩხრიალის ხმით ავსებს და ერთგვარ მედიტაციურ გარემოს ქმნის.

არსებობს ასეთი ტრადიცია „უფურო“. რაც აბაზანის როლის წინ წამოწევას გულისხმობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ თბილ აბაზანაში ჩაწოლასა და წყლის ჩხრიალის მოსმენაზა უკეთესი ცოტა რამ თუა.

გასაწევი კარები და შირმები

იაპონიაში სახლის ყიდვა წარმოუდგენლად ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ დასავლური სტანდარტების მიხედვით იაპონური სახლების უმეტესობა მცირე ზომისაა. ასევე, ადამიანები უმეტესწილად ბინის შეძენის ნაცვლად ქირით ცხოვრობენ.

ზუსტად ამ ფაქტორის გამოა, რომ შირმები და გასაწევი კარები, რომელთაც შოჯის უწოდებენ, ასეთი პოპულარულია. ისინი მცირე ადგილს იკავებენ, განსაკუთრებით შოჯი.

ტრადიციული კარი ჩვენგან ან პირდაპირ იღება ან ჩვენკენ, შოჯი კი გვერდით იწევა. ეს ისედაც პატარა ბინაში მნიშვნელოვან სივრცეს ზოგავს.

შირმები კი ოთახის გაყოფის მარტივი და იაფი ხერხია. ის ფაქტობრივად კედლის ფუნქციას ასრულებს.

ხე და ბამბუკი

იაპონური კულტურა ცნობილია ხის მიმართ თავისი სიყვარულით. უამრავ ნივთს (კარი, კედელი, ჭერი, სკამები, მაგიდა და ა.შ.) მეტწილად ხისგან ამზადებენ. თუ თქვენ ხის გამოყენება გსურთ, დასავლეთ სამყაროში ყველაზე გავრცელებული ჯიშებია: კვიპაროსი, ნეკერჩხალი, კონიო და წითელი ფიჭვი. ავეჯისთვის ბამბუკიც შესანიშნავი ვარიანტია. იაპონურ სტილს ხე მეტისმეტად უხდება.

ფერები

თქვენი პალიტრა ბუნებაა, მხოლოდ მასში არსებული ფერები გამოიყენეთ. უპირატესობა რბილ ფერებს მიანიჭეთ. შოკოლადის ფერი, ხავსისებრი მწვანე და შავი საუკეთესო ვარიანტებია კედლისთვის. ეს ფერები სივრცის გამოკვეთაში დაგეხმარებათ.

განათება

გამოიყენეთ საშუალო და დაბალი განათების მქონე ნათურები. კაშკაშა შუქი განტვირთვას ხელს უშლის, ჩვენ კი აქ კომფორტული სარელაქსაციო გარემოს შექმნას ვცდილობთ.

თუ შესაძლებელია შუქის წყარო ნაწილობრივ დაფარეთ ან გაფანტეთ. ასეთი სახის სუსტი ნათება ძალიან მყუდრო გარემოს ქმნის.

ჭილოფები

ბევრი ბევრი ჭილოფი – დასაჯდომად, დასაწოლად, სამედიტაციოდ, იოგასთვის, ხალიჩის როლის შესასრულებლად და ა.შ.

არ არის აუცილებელი ტრადიციულ იაპონურ სახლში იზრდებოდე, რომ მათი მშვიდობიანი და წყნარი დიზაინი გიყვარდეს. ამის მიღწევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მთავარია მათი მთავარი პრინციპები არ დაგავიწყდეთ: წესრიგი, სიმარტივე, სისუფთავე, მცენარეები, მინიმალიზმი, წყლის ელემენტი, მედიტაციური გარემო, რბილი ფერები და სუსტი განათება.

 

წინა ბლოგი: 6 რჩევა ცნობილი ინტერიერის დიზაინერისგან

Facebook  Instagram