გრანტ კ. გიბსონი უკვე 15 წელია, რაც სახლების დიზაინერად მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, გასაკვირი არცაა, რომ ბევრი გამოცდილება დაუგროვდა. მალე წიგნის გამოცემასაც აპირებს, სადაც სახლის დიზაინზე თავის ცოდნას გაგვიზიარებს. ამ სტატიაში გვინდა რამდენიმე მარტივი და ზოგადი რჩევა შემოგთავაზოთ, რომელსაც გიბსონი ყველასათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ინტერიერის დიზაინის ზოგად პრინციპებთან ერთად ეს რჩევები აუცილებლად დაეხმარება მათ, ვინც ახალ სახლს აწყობს, ან არსებულის ვიზუალის შეცვლას გეგმავს.

განსაზღვრე შენი სტილი

რა გრძნობას გინდა, რომ შენი სივრცე იწვევდეს? აი, პატარა ტრიუკი, რომელიც ამის გარკვევაში დაგეხამრება: შეიხედე შენს კარადაში. როგორ ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას, მომდგარს და კლასიკურს თუ თავისუფალს და კომფორტულს? ხომ არ ჭარბობს რაიმე კონკრეტული ფერი ან ფორმა? კიდევ ერთი გზაა ისეთი ზედსართავების ამორჩევა, რომლებიც სასურველ სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება. მაგალითად, როგორი გინდა, რომ იყოს შენი ოთახი: ტრადიციული, ელეგანტური და ფორმალური? თუ სახალისო, კომფორტული და თავისუფალი? ან იქნებ მონოქრომატული, სწორხაზოვანი და მოდერნისტული?

ეცადე გაიხსენო სასტუმრო, რესტორანი, ან თუნდაც ბარი, რომლის დიზაინმაც ყველაზე მეტად მოგხიბლა. რა დეტალი მოგეწონა ყველაზე მეტად? განაზოგადე ეს შთაბეჭდილება და გადმოიტანე იგივე ხასიათი შენს სახლშიც.

ფორტისის პროექტი ისანში

განსაზღვრე, რა არ მოგწონს

ადამიანებს ბევრად უმარტივდებათ იმის ჩამოყალიბება, თუ რა არ მოსწონთ, ვიდრე იმის, რა მოსწონთ. როცა კარგად გაერკვევი იმაში, თუ რა არ გიზიდავს, არჩევანის დიაპაზონიც შემცირდება და საქმეც გაგიმარტივდება. ეს შეიძლება იყოს რაიმე ფერი, კონკრეტული ვიზუალური გაფორმება, ან თუნდაც კონკრეტული სტილის ავეჯი.

შეათავსე ყველაფერი სივრცეს

სივრცის დაგეგმვა, რაც, ძირითადად, მასშტაბებს უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომას ავეჯის არჩევისას და ხან ზედმეტად დიდ, ხან კი ზედმეტად პატარა ნივთებს ყიდულობენ. ეს სიმეტრიულობის განცდას არღვევს და შედეგი არც თუ ისე სასიამოვნოა. შესაძლოა ცალკე აღებული პუფი ან მაგიდა ძალიან მოგწონდეს, მაგრამ ოთახში შეტანისთანავე დაკარგოს დადებითი ვიზუალური ეფექტი. იფიქრე ბალანსზე. დიდ ოთახებში შეგიძლია სივრცე სხვადასხვა აქტივობებისთვის გადაანაწილო. მაგალითად, ცალკე კუთხე სტუმრებთან საურთიერთოდ, ცალკე – ტელევიზორისთვის, ცალკე – სამუშაოდ ან დასასვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ სიმეტრიის დაცვა კარგია, ეს აუცილებელი არ არის. მთავარია, ჰარმონიულობა არ დაირღვეს. ამაზე უფრო დეტალურად ისევ და ისევ ჩვენს მეორე სტატიას გირჩევთ.

ფორტისის ინტერიერის დიზაინი – დომუსი

შეამოწმე საღებავი

საღებავის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ოთახის მოწყობისას. ოდნავ არასწორმა ფერმაც კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ამიტომ, გიბსონის და ჩვენი რჩევა იქნება, საღებავი პირდაპირ კედელზე ნახო. წაუსვი კედლის მცირე ნაწილს რამდენიმე სავარაუდო ფერი და ასე ამოარჩიე ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება. დააკვირდი მათ როგორც დღის ბუნებრივ სინათლეზე, ისე ოთახის განათებაზეც. სხვადასხვა შუქი სხვადასხვა ვიზუალს იძლევა და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

აურიე ძვირიანი და იაფიანი

ძვირიანი აუცილებლად არ გულისხმობს უკეთესს, რაც არ უნდა იყოს ეს. ხშირად შეიძლება წააწყდე დამწყები ხელოვანის ნამუშევარს ძალიან იაფად – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია. ნუ შეუშინდები იაფიანი და ძვირიანი ნივთების ერთმანეთში არევას, ხშირად ფასი არ განაპირობებს ნივთის რეალურ ღირებულებას. შეიძლება გაოცდე კიდეც, იმდენ საინტერესო რამეს წააწყდე თუნდაც მშრალ ხიდზე, ან მეორადი ნივთების მაღაზიაში. თუ დიზაინის სხვადასხვა ელემენტები გემოვნებით ეთავსება ერთმანეთს, ფასი მეორეხარისხოვანი ხდება.

ფორტისის დიზაინი კერძო სახლისთვის

დაიწყე ქვემოდან ზემოთ

სახლის დიზაინი, როგორი სახალისოც არ უნდა ჩანდეს, მაინც საკმაოდ გადამღლელი საქმეა. ადამიანებს სჭირდებათ იცოდნენ, საიდან უნდა დაიწყონ ეს პროცესი. ნებისმიერი ოთახისთვის, გიბსონი გვირჩევს, რომ ქვემოდან ზემოთ დავიწყოთ: პირველ რიგში აარჩიე იატაკი და, სურვილის შემთხვევაში, ხალიჩა. ასე დაწყება შემდეგ ეტაპებში დაგეხმარება და თავისით გიკარნახებს მიმართულებას. თუ ნეიტრალურ ფერზე და სადა სტილზე შეჯერდები, ეს მეტ თავისუფლებას მოგცემს სახლის დანარჩენი ნაწილის გაფორმებისას.

სულ ბოლოს გიბსონი გვირჩევს, რომ სახლის დიზაინს დიდი დრო მოვანდომოთ და კარგად ავწონ-დავწონოთ ყოველი დეტალი:

„თუ კარგად ავარჩევთ ყველაფერს, ამ ნივთებმა და გადაწყვეტილებებმა შესაძლოა წლობით გაძლონ.“