ერთხელ მაინც ყველას გვინახავს ინტერიერის დიზაინი, რომელსაც გულის რევის შეგრძნება აღუძრავს ჩვენში. იქნებ ცუდი დიზაინი მართლაც იწვევს ალერგიულ რეაქციას? – რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ინტერიერში

ხუმრობები გვერდით გადავდოთ და თქვენი სახლის ინტერიერის დიზაინმა მართლაც შეიძლება ცუდად გაგხადოთ. მილიონობით ადამიანი იტანჯება ალერგიით. თქვენი სახლის დიზაინმა კი შეიძლება მის გართულებას შეუწყოს ხელი.

ამას გარდა, მრავალი ნივთი შეიცავს ქიმიკატებს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა თქვენი ალერგიის თანამებრძოლად მოგევლინოთ. კარგი დიზაინი არა მხოლოდ თქვენი თვალებისთვის, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სასიამოვნო უნდა იყოს.

ასე რომ, თუ ალერგია გაწუხებთ, დროა დაფიქრდეთ თქვენი ინტერიერი რა როლს თამაშობს ამაში.

იატაკი

ხალიჩა შესაძლოა თქვენი ტერფებისთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ თქვენს ბრძოლას ალერგიის წინააღმდეგ, ნამდვილად არ წაადგება.

ის მტვერისა და ობის საყვარელი ადგილია, ისევე, როგორც მწერებისა და მღრღნელების. ასე, რომ მოიშორეთ ხალიჩა.

სანაცვლოდ პრიალა და ლამაზ პარკეტს მიმართეთ. ვის არ უყვარს ბუნებრივი ხე ან ლინოლიუმი?

თუ თვლით, რომ ხალიჩის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, პატარა ზომის შეიძინეთ და ხშირად გარეცხეთ, ან წინასწარ გაარკვიეთ, რომ ხალიჩა რომელსაც ყიდულობთ ანტიალერგიულია.

კედლები

ხანდახან კედლების გადაღებვა აუცილებელია, არა მხოლოდ ოთახისთვის სიკაშკაშის დასაბრუნებლად, არამედ ობისგან თავის დასაცავად. ნოტიო კლიმატებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, საღებავიც სპეციალური, ობის გამძლე, უნდა აარჩიოთ.

ფარდები ცალკე პრობლემას ქმნიან. ის ფაქტობრივად ჭერზე ჩამოკიდებული ხალიჩაა.

უპირატესობა მიანიჭეთ გარეცხვადი ბამბის ან სინთეტური მატერიალის ფარდებს. თუმცა, საუკეთესო გამოსავალი მინის შუქფარების გამოყენება იქნება, რომელზეც ახლო მომავალში ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.

საძინებელი

საძინებელი ის ოთახია, სადაც ჩვენ ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, სადაც ვისვენებთ, ვიძინებთ და ა.შ. ალერგია განტვირთვის მტერია, საძინებელი კი ალერგენების სამოთხე.

ამასთან საბრძოლველად ალერგენების გამძლე ბალიშისპირი, ლეიბი და ზეწარი გჭირდებათ. ბუმბულის საბნები და ბალიშები არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ალერგენებისთვისაც კომფორტულია.

ლეიბი შეიძლება უამრავ ქიმიკატს შეიცავდეს, რაც ხელს ნამდვილად არ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. იფიქრეთ ორგანული ლეიბის შეძენაზე, ის მეტწილად ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი.

ავეჯი

ახალ ბინაში გადასვლისას ხშირად უარს ამბობენ ავეჯის განახლებაზე. ეს კი ალერგიული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

ძველი ავეჯი მაინც მტვრის ბუდეა, რაც არ უნდა რეცხოთ და ხეხოთ. ახალი ავეჯი იაფი სიამოვნება არაა, მაგრამ ალერგიული ადამიანი, თვალების ქავილითა და სურდოთი დატანჯული, ბევრ რამეზეა წამსვლელი, რომ ეს წყევლა შეიმსუბუქოს.

თუ ალერგია გაწუხებთ, ხშირად დაალაგეთ სახლი, რადგან რაც არ უნდა დაიცვათ სახლი ალერგენებისგან, მტვერი ალერგიის პირველი მტერია.

გადატვირთულობა

მოერიდეთ ოთახის გადატვირთვას. რაც უფრო მეტი ნივთია, მით უფრო მეტი ადგილია მტვრის შესანახად. ასე რომ, მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებად.

მიყევით ამ რჩევებს და დააკვირდით რამდენად შემცირდება დაცემინების რიცხვი.

წინა ბლოგი: დიზაინის ზოგადი პრინციპები

Facebook  Instagram