ზოგ ადამიანს შეუძლია დაბალბიუჯეტიან მაღაზიებში შეიძინოს ნივთები სახლის დეკორაციისთვის და ოთახი მილიონ დოლარიან ნამუშევარს დაამსგავსოს. მთავარი ფასი კი არაა, არამედ ინტერიერის მოწყობა – დიზაინის ზოგადი პრინციპები
მიმზიდველი სახლის შესაქმნელად არ არის აუცილებელი, რომ ბევრი დავხარჯოთ. არსებობს დიზაინის ზოგადი პრინციპები, რომლებიც დაგეხმარებათ, პირველ რიგში, მყუდრო სახლის, ამასთან ერთად კი საოცარი ვიზუალის მიღებაში. ეს პრინციპებია:
მასშტაბი და პროპორციები, ხაზები, ბალანსი, ჰარმონია და რითმი.
მაგალითების უმეტესობა აღებულია FORTIS-ის გუნდის მიერ შესრულებული ნამუშევრებიდან, რომელთა დეტალურად ნახვაც შეგიძლიათ სურათის ქვემოთ მითითებულ სათაურზე დაჭერით.
მასშტაბი
ფაქტობრივად, გულისხმობს კონკრეტული ნივთის მიმართებას ოთახის ზომასთან. ამის მაგალითია გიგანტური სავარძლის პატარა მისაღებ ოთახში ჩაკვეხება – შედეგი აუცილებლად არასასიამოვნო იქნება, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა რატომ.
პროპორცია
გულისხმობს ერთი ნივთის ზომის მეორე ნივთის ზომასთან მიმართებას. მაგალითად, მოხდენილი მომცრო ჟურნალის მაგიდა იმ გიგანტურ სავარძელთან ერთად არც ისე ლამაზად გამოჩნდება.
ამის სანაცვლოდ, ისევე როგორც ზედა მაგალითის შემთხვევაში, მაგიდის შედარებით პატარა სავარძელთან განთავსება უმჯობესი იქნება.
ხაზები
განსაზღვრავენ სივრცეს. ოთახის ხაზებს კედლები, ჭერი, იატაკი და კარადები ქმნის.
თითოეული მათგანი გავლენას ახდენს თქვენ მიერ სივრცის აღქმაზე. აქ კი რამდენიმე პუნქტია გასათვალისწინებელი:
ვერტიკალური ხაზები
ოთახს უფრო მაღალ შესახედაობას აძლევს, ფართო სივრცეებს კი ავიწროებს.
არსებობს მოსაზრება, რომ ვერტიკალური ხაზები თვალისთვის უფრო არაბუნებრივია, ვიდრე ჰორიზონტალური, რის გამოც ისინი ჩვენი აღქმის მიღმა რჩება.
ჰორიზონტალური ხაზები
პირიქით მოქმედებენ. ისინი ვიწრო სივრცეს აფართოებს და თვალისთვის უკეთ აღსაქმელია, რაც მყუდრო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს.
ჰორიზონტალურ ხაზებზე აქცენტი სტაბილურობისა და მდგრადობის განცდას აძლიერებს.
მართალია, ისინი ოთახს სიმაღლეში აპატარავებს, თუმცა ეს ხელს უწყობს ყურადღების ერთ წერტილზე გამახვილებას, რაც მართლაც საინტერესო შედეგს იძლევა:
დიაგონალური ხაზები
სივრცეს ენერგიულობას, მოძრაობას, ტრანსფორმაციულობას და თავისუფლებას მატებენ. თუმცა, ამავე მახასიათებლის გამო, არასწორი დიზაინის შემთხვევაში შესაძლოა დისბალანსისა და დაბნეულობის შეგრძნებაც გამოიწვიოს.
უსწორმასწორო ხაზები
ოთხკუთხა და მართკუთხა დიზაინის შესარბილებლად გამოიყენება. ისინი ოთახს თითქოს აცოცხლებენ და ფემინურობასაც კი მატებენ.
მნიშვნელობა არ აქვს როგორ ხვეულ ხაზებს მიმართავთ (თავისუფალ, არკის ფორმის, წრიულ და ა.შ.), ისინი, ძირითადად, ხალისიანი და დამამშვიდებელი ეფექტის მატარებელია.
ხაზების გამოყენებას დიდი გავლენა აქვს თქვენს მიერ სივრცის აღქმაზე, ამიტომ კარგად დაფიქრდით და საბოლოო ვიზუალი თქვენი ოთახების ფორმისა და ხასიათის მიხედვით მოიფიქრეთ.
ბალანსი
გულისხმობს ოთახში განლაგებულ ნივთებს შორის წონასწორობის, დაჭერას. ბალანსი მიიღწევა როგორც ფორმებით, ისე ფერით, ტექსტურითა და მოხატულობით.
კარგად დაბალანსებული ოთახი კომფორტულია და თვალისთვის მარტივად და მშვიდად აღსაქმელი. არსებობს სამი ტიპის ბალანსი:
სიმეტრიული ბალანსი
გულისხმობს ოთახში წარმოსახვითი ან არსებული ხაზის აქეთ-იქით ავეჯის სიმეტრიულად განლაგებას, ანუ ერთი მხარე მეორეს ანარეკლივით უნდა იყოს (რა თქმა უნდა, აქსესუარებისა და პატარა ნივთების გათვალისწინების გარეშე).
ასიმეტრიული ბალანსი
წონასწორობას აღწევს ისეთი ნივთების გამოყენებით, რომელთაც თანაბარი ვიზუალური წონა აქვთ, მაგრამ შეიძლება განსხვავდებოდნენ ზომაში, ფორმაში, ფერსა და მოხატულობაში.
ამის მაგალითი იქნება ბუხრის თავზე ერთ მხარეს მაღალი და წვრილი სანთლების განთავსება, მეორე მხარეს კი – განიერი და დაბალი ლარნაკის.
თუ საერთო მასშტაბს გაათანაბრებთ, მთლიანობაში დაბალანსებულ ვიზუალს მიიღებთ.
რადიალური ბალანსი
ერთი ცენტრალური წერტილის გარშემო ნივთების განლაგებით მიიღწევა. ამის მაგალითი იქნება მრგვალი სასადილო მაგიდის გარშემო სკამების განლაგება.
ჰარმონია
ოთახის დიზაინის ამა თუ იმ ელემენტების ერთმანეთთან რაიმე დეტალით დაკავშირების შედეგია. ეს სივრცეს დასრულებულ სახეს ანიჭებს და სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდას იწვევს.
ჰარმონიის მიღწევის ერთ-ერთი გზა ერთი კონკრეტული ფერის ხშირი გამოყენება შეიძლება იყოს, მაგრამ სხვადასხვა ფორმებითა და ზომებით. მთავარია, ნივთებს რაღაც ჰქონდეთ საერთო, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად უმნიშვნელო დეტალი იქნება ეს.
რითმი
ისეთი განმეორებითი და კონტრასტული ვიზუალით მიიღწევა, რომელიც ოთახში ალაგ-ალაგაა გაშლილი. მაგალითად, ისევ და ისევ ერთი და იგივე ფერის გამოყენება, ოღონდ ოთახის სხვადასხვა ნაწილებში.
ქვემოთ მოცემულ სურათში რითმს ყავისფერის სხვადასხვა დეტალებში გამოყენება ქმნის:
ხანდახან მარტივია დიზაინიდან ამოვარდნილი ობიექტის შემჩნევა, ხანდახან კი – არც ისე. თვალის გასაწვრთნელად შეგიძლიათ პროფესიულად დამუშავებული ოთახები, ან უბრალოდ სხვადასხვა ფოტოსურათები ათვალიეროთ და სცადოთ რაც შეიძლება კარგად მიხვდეთ რა ქმნის ამ სურათებში ჰარმონიულობისა და ბალანსის განცდას.
დააკვირდით როგორ უხდებიან ერთმანეთს განსხვავბეული ელემენტები, შემდეგ კი გადმოიტანეთ გამოცდილება თქვენს ინტერიერის დიზაინში.
წინა ბლოგი: „დაპირებული მიწა“