გამორჩეული და უნიკალური სახლების ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ შენობების უმეტესობა გარკვეულ და მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კანონებს ემორჩილება, ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე, რომლებიც ყოველგვარი ლოგიკურობის ფარგლებს სცდება და აქ სწორედ ასეთ სახლებს დავათვალიერებთ.
გამჭვირვალე სახლი, იაპონია
დავიწყოთ ყველაზე უცნაურით.
ალბათ სახლი, პირველ რიგში, ყველასათვის ის ადგილია, სადაც თავისუფლებას ბოლომდე შეიგრძნობ. აქ შეგიძლია იარო ხალათით, მოუწესრიგებელი თმით და აკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება.
მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა სახლის დიზაინი ამაში ხელს გიშლის? ამ კითხვით ალბათ იაპონიის ამ სახლის მაცხოვრებლებს უნდა მივმართოთ.
სკეიტბორდ სახლი, ამერიკა
ამ სახლში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ სკეიტბორდით (ან თუნდაც როლიკებით) გადაადგილება უფრო გაგიმარტივდება, ვიდრე უბრალოდ ფეხით.
პიერ ანდრემ ბევრი ბავშვის ოცნება რეალობად აქცია, როცა ამ დიზაინზე შეაჩერა არჩევანი.
როგორც ჩანს, აუცილებელი აღარაა სკეიტ პარკში წასვლა იმისათვის, რომ მაგარი მოძრაობები აითვისო – რატომ არ შეიძლება ამის პირდაპირ სახლში გაკეთება?
ყველაზე ვიწრო სახლი, პოლონეთი
„კერეთის სახლი“ ორ სტანდარტულ შენობას შორისაა მოთავსებული და სიგანეში სულ რაღაც 152 სანტიმეტრია! ბევრი ამბობს, რომ უყვერს პატარა და მყუდრო სივრცეები, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია!
საინტერესოა რატომ უნდა მოგინდეს ასეთ სივიწროვეში ცხოვრება… ამას თავი დავანებოთ და, გარედან მართლაც მიმზიდველად გამოიყურება ეს პატარა კაფსულა.
ფლინსტონების სახლი, ამერიკა
ალბათ გახსოვთ მულტფილმი ქვის ხანაში მცხოვრებ ფლინსტონების ოჯახზე. ამ სახლის დიზაინზე ინსპირაცია სწორედ აქედანაა მიღებული.
სახლი ამრიკელ ტელეწამყვან დიქ კლარკს ეკუთვნის, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მზადაა გაყიდოს ეს უნიკალური შენობა სულ რაღაც 3.5 მილიონ დოლარად. მსურველები დაგვიკავშირდით!
მსოფლიოს ყველაზე პატარა სახლი, გერმანია
თუ ყველაზე ვიწრო სახლმა ვერ მოახერხა სიმყუდროვის შექმნა, მაშინ ეს „შენობა“ იქნება თქვენთვის მისწრება.
სახლი სულ რაღაც ერთი კვადრატული მეტრია და გერმანიის გარშემო მოგზაურობს მფლობელთან ერთად.
ალბათ ბავშვობაში ბევრს გვქონია ამაზე დიდი ბარბების სახლი… რას იზამ, კაცია და გუნებაო, როგორც ამბობენ…
გიგანტური ნიჟარის სახლი, მექსიკა
არ გაინტერესებთ როგორია ლოკოკინას ცხოვრება? ნეტა, როგორ გამოიყურება მისი სახლი შიგნიდან…
თუ ამ კითხვას ოდესმე შეუწუხებიხართ, მაშინ გირჩევთ მექსიკაში წახვიდეთ სამოგზაუროდ და საიდუმლოს ფარდა ახადოთ.
გაუდისა და ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ შთაგონებულმა ოჯახმა გადაწყვიტა ბინა გიგანტურ ნიჟარაში მოეწყო.
შედეგი მართლაც საოცარია, ფერადი მოზაიკებით მორთული კედელი როგორც გარედან, ისე შიგნიდან, უმშვენიერეს ვიზუალს ქმნის.
ამოტრიალებული სახლი, გერმანია
აქ ჩამოთვლილი უცნაურობებისგან განსხვავებით, ამ სახლს მაცხოვრებელი არ ჰყავს (ალბათ იმიტომ, რომ თავდაყირა ცხოვრებას ბოლომდე მაინც ვერავინ გაუძლო) და ის უბრალოდ ტურისტების მისაზიდად ააშენეს.
ავეჯიც კი თავდაყირა დგას და ეს მნახველებს სამყაროს სხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას აძლევს… ნუ, ყოველი შემთხვევისთვის, სახალისო სურათები მაინც გამოდის:
ტუალეტის სახლი, სამხრეთ კორეა
ვიცოდით, კორეელები უცნაური ხალხი რომ იყო, მაგრამ…
სუვონ სიმ ჯაე-დუკის მერმა გადაწყვიტა, რომ სახლს ტუალეტის ფორმა ძალიან მოუხდებოდა, თანაც უნდოდა მსოფლიოს ტუალეტების ორგანიზაციის შექმნა აღენიშნა და ბარემ ამ დღეს დაამთხვია.
შენობის აივანი მართლაც მშვენიერ ხედს სთავაზობს მდგმურებს და სხვადასხვა ქვეყნის დროშებითაცაა გაფორმებული. სახლი იყიდება და ფასი მილიონ დოლარს აღემატება.
მოჩვენებების სახლი, საფრანგეთი
არ არის მარტივი ამ სახლის სიტყვებით აღწერა, მისი უცნაური ფორმა უბრალოდ უნდა ნახო.
ორმა არქიტექტორმა გადაწყვიტა ძველი ციხე საცხოვრებლად გადაეკეთებინა და შედეგი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მაინც მიმზიდველი და საინტერესოა.
კვერცხის ფორმის სახლი, ჩინეთი, ბეიჯინგი
ჩინელი არქიტექტორი, დაი ჰაიფეი, ძალიან წუხდა ჩინეთის დედაქალაქში საცხოვრებლების მზარდი ფასების გამო და ამიტომ მარტივი გამოსავალი იპოვა – კვერცხის ფორმის სახლი აიშენა პირდაპირ ტროტუარზე. სახლი მის მინიმალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და თანაც მისი გაკეთება სულ რაღაც 964 $ დაჯდა.
დროებით!
წინა ბლოგი – პენტჰაუსის ელემენტები თქვენთვის