ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი ძალიან პოპულარული ხდება. ამ სტილის ძირითადი მახასიათებლებია მშენებლობის იმ ნაწილების ამაყად გამოჩენა, რომლის დაფარვასაც სხვები ცდილობენ. ეს უხეში, დაუმთავრებელი ვიზუალის მიცემაა სახლის ამა თუ იმ დეტალისთვის. შედეგად ვიღებთ ძველის მომხიბვლელი ასპექტების ნარევს მოდერნისტულ “სუფთა” დიზაინთან. ინდუსტრიული დიზაინი აგურის კედლებსა და გახსნილ სივრცესთან ასოცირდება დიდი და მოძველებული ფანჯრებით, მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ არის. ეს სტილი ბევრად მეტის შესაძლებლობას იძლევა და მათთვის, ვინც ანტიკურ ნივთებს ეტრფის, კლასიკური სტილის იდეალური ალტერნატივაა.  გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას იმ შემთხვევისთვის, თუ ამ დიზაინზე შეაჩერებთ არჩევანს.

დაიწყე ნეიტრალური ფერთა პალიტრით

ინდუსტრიულ დიზაინში იშვიათად თუ შეხვდებით მკვეთრ ფერებს. ძირითადად გამოიყენება დამჯდარი და პასტელური ფერები სისუფთავის შეგრძნების გასამძაფრებლად. თანაც, მკვეთრ ფერებში ხის, აგურისა და მეტალის დეტალები ეფექტურობას კარგავს. ამასთან, საბოლოო ვიზუალი ზედმეტად გადატვირთული და, შესაბამისად, არც თუ ისე მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს. უპირატესობა მიანიჭეთ მშვიდ და თბილ ფერებს, მაგალითად, თეთრისა და ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობებს.

ღია სივრცე

ეცადეთ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნო ღია სივრცის შეგრძნება. მოაშორეთ კარები, სადაც ისინი საჭირო არაა და ავეჯიც მაქსიმალურად კედლებთან ახლოს განათავსეთ. აქ მთავარი აქცენტი ფუნქციურობას ენიჭება და არა ოთახების რაც შეიძლება მეტი ნივთით გადატვირთვას.

დაუმთავრებელი ჭერი და აგურის კედლები

ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ისეთი დეტალების გამოჩენაა, რაც სხვა შემთხვევაში თითქმის ყოველთვის დაფარულია. ამ სტილში გადაწყვეტილი სახლის ჭერი თითქოს ბოლომდე დამთავრებული არც არის: ყველა მილი და ტიხარი თავმომწონედ გადმოგყურებთ ზემოდან. ეს შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ მოდი, სოციალური ქსელების გიგანტის, ფეისბუქის, ახალ შენობაში შევიხედოთ:

როგორც ჩანს, ინდუსტრიულ სტილს მართლაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული ჩვენს დროში. დიზაინერების თქმით, დაუმთავრებელი ჭერი თანამშრომლებს მუდმივად ახსნებს, რომ საქმე ბოლომდე დასრულებული არასდროსაა და ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის წამოწყება ან უკვე არსებულის გაუმჯობესება და დახვეწა.

პირველად ასეთი დიზაინის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ძველი ფაბრიკების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება დაიწყეს. ჭერის ღიად დატოვება იქ მაცხოვრებლებს შენობის პირველად ფუნქციას ახსენებდა და ამასთან, ხარჯების დაზოგვასაც უწყობდა ხელს. დღეს კი აუცილებელი არაა ძველ ფაბრიკაში გადაწყვიტოთ ცხოვრება იმისათვის, რომ ასეთი ვიზუალი მიიღოთ – დიზაინერების უმეტესობამ შეიძლება თავადაც კი შემოგთავაზოთ მსგავსი გადაწყვეტა!

ინდუსტრიული სტილის კიდევ ერთი მახასიათებელია შიშველი კედლები, ანუ გამოაჩინეთ აგური იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გაქვთ. ეს სახლს მართლაც მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს სძენს:

ხისა და მეტალის ავეჯი

გასაკვირი არცაა, რომ ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი უპირატესობას ხისა და მეტალის ნივთებს ანიჭებს. იმედია, ბებია-ბაბუების დანატოვარი ავეჯი ჯერ არ გადაგიყრიათ – კარგად გაპრიალების შემდეგ ისინი აუცილებლად გამოგადგებათ ამ სტილში გადაწყვეტილი სახლის გასალამაზებლად. აქ ყველაფრის თავი და თავი ძველისა და ახლის ერთმანეთთან შეთავსებაა. არ არის აუცილებელი ძვირიანი ავეჯის შეძენა, რომელიც თითქოს მოძველებულ ვიზუალს ატარებს. იგივე წარმატებით იპოვით თუნდაც მშრალ ხიდზე ძალიან საინტერესო ნივთებს, რომელთაც მართლაც გააჩნიათ თავიანთი ისტორია და ხელის ოდნავი შევლებით თქვენი სახლის დიზაინი განუყოფელი ნაწილებიც გახდებიან.

დაამატეთ აქსესუარები

აქ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს: გადახედეთ ძველ ფილმებს, ან თუნდაც გაიარეთ ისევ და ისევ მშრალ ხიდზე და ამოარჩიეთ თქვენთვის მიმზიდველი ნივთები. ეს შეიძლება იყოს ძველი საბეჭდი მანქანა, ბინოკლი, პოლაროიდი ან ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთული ნივთები. ხისა და მეტალის ინვენტარს ასეთი აქსესუარები კიდევ უფრო მოუხდება, მაგრამ ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ ოთახები, რათა ეს ყველაფერი ღია სივრცის აღქმის ფასად არ დაგიჯდეთ.

ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რატომ ანიჭებენ ინდუსტრიულ სტილს უპირატესობას: იმ პერიოდში, სადაც კლასიციზმი უკვე მოძველებულია და ყველა მოდერნისტულ სისადავესა და სისუფთავეს ანიჭებს უპირატესობას, ძველი ელემენტების შემოტანა მართლაც სახალისო და მიმზიდველი წამოწყებაა. ინდუსტრიული სტილი საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ მინიმალიზმის რაღაც მხრივ მოსაბეზრებელ ვიზუალს ისე, რომ მისი დადებითი მახასიათებლებიც შევინარჩუნოთ. ასეთი ინტერიერი თბილისის ახალ კაფე-სასტუმროშიც გვხვდება:

სტამბას დიზაინი მართლაც იპყრობს მნახველების ყურადღებას და უგემრიელესი საჭმლისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა მხოლოდ იმიტომ მაინც ღირს აქ მოსვლა, რომ შესანიშნავი ვიზუალით დავტკბეთ.