საკუთარი სახლის აშენება – იქნება ეს კერძო თუ კორპუსის ბინა, ან თუნდაც უკვე აშენებულის გარემონტება და შენს გემოზე მორგება – საკმაოდ სტრესული პროცესია. ამ დროს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებ, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება თუ არა, რამდენიმე წელი მაინც უნდა გაატარო. სახლი – ეს შენი კომფორტის ზონაა, შენი მუდმივი საცხოვრებელი, რომლის მშენებლობისასაც გაუთვალისწინებელი შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ პროცესს გულისყურით მოვეკიდოთ და წინდაუხედაობა არ გამოვიჩინოთ.

პირველ რიგში საჭიროა სწორად ავარჩიოთ არქიტექტორული კომპანია და მთავარი მშენებელი. ამისათვის ეს რჩევები დაგეხმარებათ:

1.კარგად მოიძიეთ ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, ნაცნობებთან გასაუბრება და ინტერნეტში მოძიება კარგი კომპანიის პოვნის პირველი ნაბიჯია, მაგრამ ნუ დასჯერდებით მხოლოდ კარგ რეკომენდაციას, აუცილებლად ნახეთ კომპანიის თუ კერძო მშენებელის პორტფოლიო და თავად შეაფასეთ მათი ნამუშევარი. არის თუ არა ეს იმ სტილში, რომელსაც თქვენ ანიჭებთ უპირატესობას? პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია თქვენი და არჩეული არქიტექტორის გემოვნება ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს, რაც წარმოუდგენლად სასიამოვნო პროცესად აქცევს სახლის კონსტრუირებას.

2. დასვით შეკითხვები

შეიძლება თქვენ გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ ამ პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია ამ ყველაფრის არქიტექტორთან შეთანხმებაც. წინასწარ მოამზადეთ რამდენიმე კითხვა, რაც ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაწყდეს. მაგალითად:

  • რამდენ ხანში მოამზადებთ გეგმის უხეშ ვერსიას?
  • ვინ იქნება პროექტის ხელმძღვანელი და რა სიხშირით შევხვდებით ერთმანეთს?
  • ყურადღებას აქცევთ ენერგოეფექტურობას?
  • იყენებთ თუ არა ხარისხიან და გამძლე სამშენებლო მატერიალს?

3. მოიძიეთ და აჩვენეთ

ინტერნეტში ალბათ უკვე ნანახი გაქვთ სხვადასხვა სახლის დიზაინები და ამორჩეულიც გექნებათ ისეთები, რომლებიც თქვენს გემოვნებასა და სასურველ სტილს შეესაბამება. ამ სურათების არქიტექტორისთვის ჩვენება მას ძალიან გამოადგება უკეთ წარმოიდგინოს რას ანიჭებთ უპირატესობას. ნუ მოგერიდებათ ისეთი დეტალების ჩვენებაც, რაც ძვირი მიგაჩნიათ – შეიძლება არსებობდეს გამოსავალი, ან ამ დეტალის ოდნავ სახეცვლილი გამოყენებაც იყოს შესაძლებელი.

არქიტექტურული კომპანიის არჩევა და უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე გადასვლა არ გულისხმობს იმას, რომ თქვენი ჩართულობა საჭირო აღარაა. რაც უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ამ პროცესში, მით უფრო დამაკმაყოფილებელი იქნება შედეგიც. არქიტექტორებმა უკეთ იციან, როგორ შეასრულონ პროექტი, მაგრამ თქვენზე კარგად მათ ვერ ეცოდინებათ, რა საჭიროებები გაგაჩნიათ და რას ნიშნავს კომფორტი კონკრეტულად თქვენთვის.

HVAC სისტემის განლაგება

HVAC სისტემა გათბობას, ვენტილაციასა და კონდიცირებას მოიცავს, რაც სახლში კომფორტის შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. დაფიქრდით სად ატარებთ ყველაზე დიდ დროს – ზოგისთვის ეს შეიძლება საძინებელი ოთახი იყოს, ზოგი კი მისაღებ ოთახს ან თუნდაც სამზარეულოს ანიჭებდეს უპირატესობას, რა შემთხვევაშიც როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, კონდიციონერის თქვენს ოთახში დაკიდება შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს საჭირო. იგივეს ვერ ვიტყვით გათბობაზე, რაც ყველა საძინებელს აუცილებლად გამოადგება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დიდი ოთახების გათბობა-გაგრილება მეტი სიმძლავრის სისტემას გულისხმობს, რაც დაგეგმარების ეტაპზე შეიძლება მარტივად გამოგრჩეთ.

სივრცის განაწილება

იმის მიხედვით, თუ როგორ დაიყოფა აღნიშნული ბინა, ის შეიძლება ძალიან პატარა ან პირიქით – იდეალური მოცულობის გამოვიდეს. აქ მნიშვნელოვანია არქიტექტორთან ერთად გაიაროთ ოთახების სავარაუდო განლაგება და მათი დახმარებით ისეთი ოპტიმალური ვარიანტი მოიფიქროთ, რაც სივრცის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს. კარგად აწონ-დაწონეთ, რამდენად საჭიროა სათავსოები და გჭირდებათ თუ არა ისინი ყველა საძინებელ ოთახში – იქნებ უმჯობესი იქნება ეს ფართობი საძინებელს შეუერთდეს, ან თუნდაც უფრო დიდი მისაღები გაკეთდეს?

აქვე მნიშვნელოვანია ოთახების ყველაზე ოპტიმალური განლაგების არჩევაც. რამდენიმე ზოგადი რჩევა:

  • საძინებელი ოთახები ხმაურიან ქუჩაზე არ უნდა გადიოდეს.
  • საძინებელი ოთახი ახლოს უნდა იყოს სააბაზანოსთან და მათ შორის არ უნდა იყოს სტუმრების მისაღები ოთახი.
  • სამზარეულო ახლოს უნდა იყოს შემოსასვლეთან, რათა ნაყიდი პროდუქტების დასაბინავებლად სახლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სიარული არ მოგიწიოთ.

ცხოვრების სტილი

აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების სტილი – სად უფრო მეტ დროს ატარებთ სახლში ყოფნისას? გყავთ თუ არა ხშირად სტუმრები? აღმოაჩენთ, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჩვევების უგულებელყოფამ შეიძლება მომავალში ბევრი დისკომფორტი შეგიქმნათ. თუ დიდი მისაღები მოგწონთ, მაგრამ მას პრაქტიკულად არასდროს იყენებთ, იქნებ ჯობდეს მისი დაპატარავება და ამ სივრცის სამზარეულოსთვის მიმატება, სადაც ხშირად ატარებთ დროს ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად?

განათება

გახსოვდეთ – კარგი განათება ყველა სახლისთვის აუცილებელია. ვინაიდან ინტერიერის დიზაინამდე ჯერ კიდევ შორია და თანაც ავეჯის განლაგება ხშირად შეიძლება შეიცვალოს, დენცკვიტების ბევრგან ჩამონტაჟება საკმაოდ წინდახედული ნაბიჯი იქნება. ეს საშუალებას მოგცემთ დასრულებულ სახლში საჭიროებისამებრ დაამატოთ განათებები. ამას გარდა, ლეპტოპისა თუ მობილურის დატენვა ოთახის არცერთი კუთხიდან არ იქნება პრობლემა. ხელოვნურ განათებასთან ერთად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ისარგებლოთ ბუნებრივი ნათებით – მზის შუქით. ეს ფანჯრების სწორ განლაგებას გულისხმობს და აქაც ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როგორიცაა სახლის ადგილმდებარეობა, ოთახების განლაგება, მათი ფუნქციები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგი: „რა უნდა გავითვალისწინოთ ფანჯრების განლაგებისას.“

თუ მშენებლობის პროცესს სწორად მიუდგებით, ეს თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და თანაც სასიამოვნო პროცესი იქნება. ნუ შეიზღუდავთ თავს ტრადიციული ელემენტებით, ჩართეთ თქვენი ფანტაზია და შეიტანეთ საკუთარ საცხოვრებელში ინდივიდუალიზმი. გახსოვდეთ – ეს თქვენი სახლია და ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც თქვენ გსურთ და არა ისეთი, როგორიც სხვების მიერ დაწესებული ნორმის ფარგლებში ჯდება.