გავდივართ ქუჩაში და ვხედავთ დატანჯულ, ოფლიან, პირდაღებულ სახეებს, მხოლოდ გრილი ჰაერის ჩასუნთქვას რომ ნატრობენ. რა ხდება? რა ხდება და ზაფხული. ზაფხულს ვერ გავექცევით, ამინდს ვერ შევცვლით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი სახლების შიდა კლიმატის შეცვლა შეგვიძლია. ამის გაკეთების ყველაზე გავრცელებული (თუმცა არც თუ ისე იაფი) საშუალება კონდინციონერია. კი, ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ მის გარეშეც სავსებით შესაძლებელია იცხოვროთ გასაძლის ტემპერატურაში. როგორ? მოდი განვიხილოთ, სახლების გაგრილება, კონდიციონერის გამოგონებამდე.
„ცხელ კლიმატში სახლების გაგრილების იდეა, რა თქმა უნდა, ახალი არაა – ანტიკურ ეგვიპტეში ჰაერის კონდიცირებისთვის მასიურ ეზოებს იყენებდნენ. რა შუაშია ეზო? ის ჰაერის ცირკულაციას უწყობს ხელს, ეს კი ჰაერის გაგრილების მთავარი ელემენტია“
ჯონათან ჰოგი, არქიტექტორი
ორპირი, როგორც ერთადერთი გამოსავალი
ჰაერის ცირკულაციის ყველაზე ეფექტური ფორმაა სახლში ორპირის შექმნა. იმისათვის, რომ ჰაერის ძლიერი ნაკადი შემოვიდეს და გავიდეს, იდეალურ შემთხვევაში სახლი ერთ ოთახიანი უნდა იყოს, რათა მის ორივე ბოლოში ერთდროულად გაიღოს ფანჯრები.
არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ასეთი ტიპის სახლები ძირითადად ეკვატორულ და სუბეკვატორულ სარტყლებში გვხვდება, ანუ იქ, სადაც სიცხე სერიოზული პრობლემაა. ამ სტატიაში ჩვენ ამერიკის მაგალითს ავიღებთ.
ხსენებული ტიპის სახლის ერთ ერთი მაგალითია ეგრეთ წოდებული „shotgun“ სახლი, რომელიც ხშირად გვხვდება ლუიზიანას შტატში.
ეს ერთ ოთახიანი ბინაა, რომელშიც ფანჯრები და კარები ერთმანეთის საპირისპირო მხარესაა განლაგებული, რათა იდეალური ვენტილაცია შეიქმნას.
ვერანდა სახლის წინა ნაწილს მზისგან იცავს და სიგრილეს უნარჩუნებს. ხანდახან ამ სახლებს გარშემო მთლიანად ვერანდა აკრავს, რაც შესანიშნავი აზრია ფანჯრებისა და კედლების მზისგან ან თუნდაც წვიმისგან დასაცავად.
„shotgun” სახლის ნათესავია „dogstrot” სახლი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო XIX-XX საუკუნეებში. ღია დერეფანი (dog strot), რომელიც მის ცენტრშია, ამ შენობის ძირითადი ელემენტია – ის ორ ცალკეულ ნაგებობას აერთიანებს.
დერეფანი ჰაერის ცირკულაციას დიდად უწყობს ხელს იმავე პრინციპით, როგორც ეს “shotgun” სახლში ხდება. ვერანდები აქაც იმავე ფუნქციას ასრულებენ.
კიდევ უფრო ინოვაციურია 1891 წელს აგებული სახლი “The Barnacle”, რომლის სახურავზეც თასია მოთავსებული. ის ვენტილატორის ფუნქციას ითავსებს.
ცხელი ჰაერი ზემოთ ადის და თასის გავლით ტოვებს სახლს. გრილი ჰაერი კი მრავალი ფანჯრიდან აღწევს შიგნით.
საინტერესოა ე.წ. საძინებელი ვერანდას ფენომენიც, რომელიც ძალიან პოპულარული იყო XIX-XX საუკუნეებში.
საძინებელი ვერანდა ხშირად იმ სახლებში გვხვდება, რომლებიც წყალთან ახლოსაა. რატომ? რა სჯობს ტბის ან მდინარის ჰაერს. საღამოობით ხალხი გამოდიოდა ამ ვერანდაზე, ტკბებოდა სასიამოვნო ჰაერით და იძინებდა.
გაგრილების გზები ქალაქში
მაგრამ ქალაქში რაღა ვქნათ? სამწუხაროდ ქალაქელები დიდად წარმატებულნი ვერ იყვნენ სახლების გაგრილებაში.
ხშირად ისინი სახურავებს მიაშურებდნენ ხოლმე და იქვე იძინებდნენ. მაღალი ფენის წარმომადგენლები კი მოდურად აიგნორებდნენ სიცხეს.
ერთ-ერთი გზა, რომელსაც კორპუსები მიმართავდნენ, როდესაც საქმე ჰაერის გაგრილებას ეხებოდა, იყო ფარდულები. ვერანდების მსგავსად, ფარდული ოთახს მზისგან იცავს და ინტერიერს სიგრილეს უნარჩუნებს.
XX საუკუნეში რეკლამები ფარდულების მნიშვნელობას ასე აღწერდნენ:
“ფარდული ტემპერატურას ყოველთვის ამცირებს. მზის მძვინვარე სხივები ჭკუიდან გადაგიყვანს, ამიტომ სჯობს, თქვენი ფარდული ზაფხულის მოსვლამდე მოამზადოთ.“
გაგრილების კიდევ ერთი გზა, რომელსაც ქალაქელები მიმართავდნენ, მასიური ფანჯრების გამოყენება იყო. ისინი შეძლებისდაგვარად ბევრ ფანჯარას სვამდნენ და ცდილობდნენ, რომ კარი ამ ფანჯრების მოპირდაპირე მხარეს ყოფილიყო განთავსებული, რათა ჰაერს კარგად ემოძრავა.
კონდიციონერის წინაპრები
შვება იყო, როდესაც 1902 წელს გამოიგონეს მოწყობილობა, სახელად – NEVO (უკუღმა დაწერილი “oven”, იგივე ღუმელი).
ეს იყო გიგანტური მოწყობილობა, რომელშიც ყოველ დღე 100 კგ ყინული უნდა ჩაგეყარათ, რომ მას თავისი ვენტილატორიდან გრილი ჰაერი დაებერა.
100 კგ ყინული იგივე 100 კგ წყალია და ადვილად წარმოსადგენია, როგორი რთული იქნებოდა მისი გადაადგილება. ის ეფექტური იყო, თუმცა არაკომფორტული და ძვირად შესანახი.
1929 წელს ფრიგიდერმა შექმნა ახალი მოწყობილობა, რომელსაც ოთახის გამაგრილებელს ეძახდნენ.
თუმცა, ვერც ამ მოწყობილობამ გასტანა დიდ ხანს. პირველ რიგში, ის ძალიან მძიმე იყო, დაახლოებით 130 კგ, რასაც ემატებოდა ისიც, რომ მოწყობილობა საჭიროებდა 180 კგ-იან კომპრესორს და ეს ყველაფერი არაა – დღევანდელი კურსით ის 11,000$ ღირდა. არ არის გასაკვირი, რომ ეს პროდუქტი მალევე გაქრა.
საბედნიეროდ, ტექნოლოგია განვითარდა და 1930-იან წლებში კონდიციონერები შექმნეს.
არც ისინი ღირდა იაფი, თუმცა ფრიგიდერის მონსტრთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. ეს კონდიციონერები ბევრად უფრო ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი გამოდგა, ამიტომ მისი მომხმარებლების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
ამ ზაფხულს, კონდიციონერით გაგრილებულ სახლში ან მანქანაში ყოფნისას დაფიქრდით იმაზე, რომ სულ რაღაც 90 წლის წინ ადამიანები მხოლოდ არქიტექტურული ხერხებით თუ ახერხებდნენ თავიანთი ბინების ოდნავ გაგრილებას.
და თუ შემთხვევით კონდიციონერი გაგიფუჭდებათ, ფანჯრების შეღება და ორპირის შექმნა სცადეთ, რა იცით, იქნებ იდეალური ცირკულაცია შეიქმნას თქვენს ბინაში და კონდიციონერი საერთოდ აღარ დაგჭირდეთ…
ვის ვატყუებთ, ჯობია ხელოსანი გამოიძახოთ.
დროებით!
წინა ბლოგი – ხმის იზოლაციის მნიშვნელობაზე