წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული როკ ლეგენდის დევიდ ბოუის ზღაპრულ ვილას, რომელიც 1989 წელს შვედმა არქიტექტორმა არნ ჰასელკვისტმა ააგო. სახლი კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე, მუსტიკზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში აშენდა, დღემდე ინარჩუნებს ინტერესსა და აღფრთოვანებას. დღეს უკვე მსურველებს შეუძლიათ ვილის ქირაობაც, ამის შესახებ დეტალებს კი სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ. დევიდ ბოუის ვილა არნ ჰასელკვისტის დეტალებით.
დიზაინი
მომღერალს განსაკუთრებით უყვარდა ინდონეზია, სწორედ ამიტომ ვილა ინდონეზიურ, კერძოდ იავურ სტილში გახლავთ გადაწყვეტილი.
ამ სტილის მთავარი ნიშა ბუნებასთან ერთიანობა და ღია სივრცის ესთეტიკა გახლავთ.მშვიდი და წყნარი ატმოსფეროს შესაქმნელად კი, ხშირია მცენარეების, ყვავილების, წყლის ელემენტებისა და ბუნებრივი სამშენებლო მასალების გამოყენება.
დაგეგმარება
არსებობს ძირითადი ნაწილი, იგივე “მთავარი სახლი” და მისგან ცალკე მდებარეობს პავილიონები.
ერთი პავილიონი შეიძლება სამზარეულოს როლს ასრულებდეს, როცა მეორე უზარმაზარი საძინებელია, მესამე – საოჯახო შეკრების ადგილი, და ა.შ.სწორედ ამ სტრუქტურას ვხვდებით მომღერლის ვილაზეც.
მის ცენტრში მდებარეობს წყლის ლილიებით სავსე გუბურები, რომელთა გარშემო განთავსებულია ძირითადი სახლი და პავილიონები.
ბოუის განსაკუთრებით მოსწონდა აღნიშნული დაგეგმარება, რადგან მიაჩნდა, რომ მისი მთავარი ხიბლი პატარა, განსხვავებულ ნაწილებად დაყოფილი სივრცე იყო.
მისი თქმით, შეიძლება ვილაზე გაგეტარებინა მთელი კვირა და ყოველ დღე რაღაც ახალი აღმოგეჩინა.
დეტალური აღწერა
ვილა ჯამში 14 ადამიანზეა გათვლილი.
მთავარ ნაწილში განთავსებულია ხუთი განსხვავებული სტილის საძინებელი.
სახლისგან ცალკე კი მდებარეობს კოტეჯი და ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც ბოუიმ სულ რამდენჯერმე გამოიყენა შემოქმედებისთვის.
რაც შეეხება დანარჩენ სივრცეს, ვხვდებით ბამბუკის ლაუნჯს, სასტუმრო ოთახს, სასადილო პავილიონს, ფილმების ბიბლიოთეკას, ტერასასა და სათამაშო ოთახს. და რაც მთავარია, ვილას გარს აკრავს ორ ჰექტარზე გადაჭიმული ტროპიკული ბაღები.
ყველა საძინებელს აქვს ვერანდა და აუზზე გასასვლელი
იავური პრინციპით მოწყობილი სასადილო პავილიონი
სასტუმრო ოთახში ჭერზე დახატულია 3D ტექნიკით შესრულებული ტროპიკული ფოთლები.
ძველებური ჭაღი, ანტიკური ვენეციური სარკეები, მეცხრამეტე საუკუნის ტევადი სავარძლები და კოლონიური სტილის დაწნული სკამები ოთახს განსაკუთრებულ აურას მატებს .
ერთ-ერთ ოთახში შეხვდებით ჰოკეის სათამაშო მაგიდას, იქვეა მინი სცენა და მუსიკალური ინსტრუმენტები.
სივრცე, სახელად “ბამბუკის ლაუნჯი” იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. აქ დაგხვდებათ ბარი, საცეკვაო ტერიტორია და თვალისმომჭრელი ხედები.
ტრადიციულ ევროპულ სტილში მოწყობილი სასტუმრო ოთახი, რომელიც საუცხოო სინთეზს ქმნის ტროპიკულ გარემოსთან.
დასავლეთისკენ მიმართული ტერასა სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, დატკბნენ მზის ჩასვლისა და ქვიშიანი სანაპიროს ხედებით.
მომღერლის თქმით, ვილა იმდენად მშვიდი და ჰარმონიული იყო, რომ არაფრის დაწერის მოტივაცია აღარ უჩნდებოდა
რა ჯდება ვილის ქირაობა?
დღესდღეობით ვილა ბრიტანელ ბიზნესმენსა და ბოუის თაყვანისმცემელ სიმონ დოლანს ეკუთვნის და მისი ქირაობა მსურველებს კვირაში 40 000 დოლარად შეუძლიათ.
თუმცა წელიწადის დროის მიხედვით, ფასი 100 000 დოლარამდეც იზრდება ხოლმე.
სტუმრობის შემთხვევაში, თქვენს კომფორტზე პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს, დატკბებით საოცარი გარემოთი და რაც მთავარია საშუალება გექნებათ, ახლოდან შეიგრძნოთ ბოუის ექსტრავაგანტული აურა.
იმედი მაქვს მოგეწონათ დევიდ ბოუის ვილა არნ ჰასელკვისტის დეტალებით და საინტერესო იყო დღევანდელი სტატია.
წინა ბლოგი – იცოდით, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე ფუტკრები ბინადრობდნენ ?