გაეცანით საინტერესო და სახალისო ფაქტებს ნოტრ დამის შესახებ!

  • 2019 წლის 15 აპრილს მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური შედევრი ხანძარმა მოიცვა. ამ დღის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ.
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენას კუნძულ სიტეზე მდებარეობს.
  • მისი მშენებლობა მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. ნოტრ დამის ადგილას თავდაპირველად წარმართული სალოცავი – იუპიტერის ტაძარი, მოგვიანებით კი – პირველი ქრისტიანული ეკლესია – წმინდა სტეფანეს ბაზილიკა – მდებარეობდა.
  • ტაძრის სიგრძე 130 მეტრს, სიგანე – 50 მეტრს, ხოლო სიმაღლე 34 მეტრს (კოშკების სიმაღლე – 68 მეტრს) შეადგენს. ტაძრის გასამაგრებლად გამოყენებულია ე.წ. მფრინავი საყრდენები – თაღები, რომლებიც კედლიდან გარკვეულ მანძილზეა გამოწეული.
  • მათ ხშირად ხარაჩოებს ამსგავსებენ, რომლებიც კათედრალს დაუსრულებელ იერს აძლევენ და შუა საუკუნეების ეპოქაში განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ ტაძრის ინდივიდუალურობას.

ნოტრ დამი

  • სახელწოდება „ნოტრ დამი“ ხშირად აბნევს ადამიანს, რომელიც ნაკლებ ინფორმაციას ფლობს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე. ნოტრ დამი პირდაპირი თარგმანით „ჩვენი პარიზის ქალბატონს“ ნიშნავს (Notre Dame Paris = Our Lady of Paris).

პარიზის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა

  • ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ეიფელის კოშკი პარიზის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტურისტებისათვის გაცილებით მიმზიდველია უნიკალური არქიტექტურისა და მრავალსაუკუნოვანი ნოტრ დამის დათვალიერება.
  • ტაძარს წელიწადში 13 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი (დღეში საშუალოდ 35,000 ადამიანი) სტუმრობს.

ყველასათვის ხელმისაწვდომობა

  • როგორც წესი, ბევრ ქალაქში კულტურული ძეგლების, მუზეუმების, ცნობილი ტაძრების სტუმრობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
  • თუმცა, ეს არ ეხება ნოტრ დამს! მეთორმეტე საუკუნის ტაძრის არქიტექტურისა და ინტერიერის დათვალიერება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
  • ტაძრის შესასვლელი 07:45 საათზე იღება და ამ დროს ტურისტების ნაკლები რაოდენობის გამო მისი სტუმრობა გაცილებით რეკომენდირებულია.

„ოქროს კვეთა“

  • მათემატიკოსებისათვის „ოქროს კვეთა“ ცნობილი ტერმინია.
  • ეს არის ჰარმონიული გაყოფა მთელსა და ისეთ ორ არატოლ ნაწილს შორის, როდესაც მცირე ნაწილი ისევე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი – მცირეს.
  • თანაფარდობისას გამოყენებული ზომები პროპორციულად 1:1.61-ს შეესაბამება და გამოყენებულია ხელოვნების ისეთი სრულყოფილი ნიმუშების შექმნაში, როგორებიცაა: ათენის პართენონი, ტაჯ მაჰალი და მათ შორის, ნოტრ დამიც.

ქრისტეს გვირგვინი

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არაერთი ძვირფასი რელიქვია ამშვენებს, თუმცა უდიდეს საგანძურს ქრისტეს ეკლის გვირგვინი, ჯვრის ფრაგმენტი და ლურსმანი წარმოადგენს.
  • მათ სანახავად ტაძარს ყოველი თვის პირველ პარასკევს, მარხვის პერიოდში და წითელ პარასკევს უნდა ესტუმროთ.

ნოტრ დამი ვიქტორ ჰიუგომ „გადაარჩინა“

  • საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ნოტრ დამი საგრძნობლად დაზიანდა, განადგურდა ქანდაკებები და ტაძარი სასაწყობე ადგილად გადაიქცა. 1831 წელს საფრანგეთში გამოიცა ვიქტორ ჰიუგოს რომანი – „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, რომელმაც მივიწყებულ ეკლესიას უპრეცენდენტო დიდება მოუტანა.

ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა

  • ვიქტორ ჰიუგოს რომანის გამოცემამდე, ტაძარი ყურადღების ქვეშ 1804 წელსაც მოექცა, როცა ნაპოლეონ ბონაპარტმა იმპერატორად კურთხევის ცერემონიის ჩატარება ნოტრ დამში გადაწვიტა.
  • მან კურთხევისათვის ტაძარში პაპი პიუს VII მიიწვია, თუმცა, როდესაც საზეიმო მომენტში პაპმა საიმპერატორო გვირგვინი ასწია, ნაპოლეონმა უეცრად გამოსტაცა ხელიდან და თვითონ დაიდგა თავზე.

ნოტრ დამის ზარები

  • ზარები, რომლებსაც ნოტრ დამის სტუმრობისას დღეს ვიხილავთ, მეთორმეტე საუკუნეს ნამდვილად არ ეკუთვნის.
  • საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, 1791 წელს, საუკუნოვანი ზარები გადაადნეს და მასალა ქვემეხების დასამზადებლად გამოიყენეს.
  • ახალი ზარები მეცხრამეტე საუკუნეში დაამზადეს და თითოეულ ზარს თავისი სახელი დაარქვეს. ეს სახელებია: მარია, ემანუელი, გაბრიელი, დენისი, მარსელი, მაურისი და სხვა.

ტყედ წოდებული ტაძარი

  • ტაძრის სახურავის კონსტრუქცია ხის მასალისგანაა დამზადებული. მეთორმეტე საუკუნეში მშენებლობისას 1300-ზე მეტი ხე გამოუყენებიათ. თითო ბოძი თითო ხისგან იყო დამზადებული. ამიტომ ტაძარს ხშირად „ტყის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ ხოლმე.

ფუტკრების ფიჭა

  • ნოტრ დამის „ტყეში“ ცოცხალ არსებებსაც შეხვდებით.
  • სახურავში ფუტკრები 2013 წლიდან ბინადრობენ. ფუტკრები ნექტარს ტაძრის მიმდებარე ყვავილებიდან იღებენ, მათ მიერ დამზადებული თაფლს კი სასულიერო პირები ღარიბებს ურიგებენ.