ტერმინის მიხედვით, აშკარაა სტილის თემატიკაც. ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნიუ-იორკსა და ნიუ-ენგლანდში დაიწყეს მიტოვებული ძველი ნაგებობების გამოყენება. პირველები, ამ მხრივ, არტისტები იყვნენ, რომლებიც მსგავს ურბანული ვიზუალის ინტერიერს საკუთარი სტუდიოს ტიპის სახელოსნოებისთვის იყენებდნენ.

შესაბამისად, იმ დროისთვის ინდუსტრიული სტილი ცალკე ინტერიერისთვის არ არსებობდა და გამომდინარეობდა მხოლოდ შენობის ფუნქციიდან. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ინტერიერის დიზაინერებმა შეძლეს სტილის მეტად დახვეწა, შესძინეს მას ელეგანტური შესახედაობა.

ინდუსტრიული სტილი ინტერიერში აქტუალური 2000-იან წლებში გახდა და მას შემდეგ არ კარგავს თავის ხიბლს დიზაინის სამყაროში.

მაინც, როგორ გამოიყურება ინდუსტრიული დიზაინი?

იგი გულისხმობს შენობასა და ოთახებში, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი, თითქოს შეუსაბამო მასალების გამოყენებას.

ეს, ამავდროულად, მოიცავს კედლების „გაშიშვლებას“ და იმ არიქტექტურული ნაკლების გამომჟღავნებას, რომელსაც სხვა მიმართულება კოხტად დამალავდა.

ფორმის მხრივ, ინდუსტრიული სტილი უპირატესობას ანიჭებს ხაზობრივ, კვადრატულ, კუთხოვან ფორმებს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად გვხვდება ორგანული, ფლუიდური, დენადი ფორმები.

ისინი ინდუსტრიულ სტილში უფრო მოკლედ და კონკრეტულად არის გადმოთარგმნილი.

არ გაგიკვირდეთ, თუ მსგავსი სტილის აპარტამენტებში ცარიელი ბეტონის კედლებს, ღიად დატოვებულ კონსტრუქციულ დეტალებს, ან გადამუშავებულ მასალებს დაინახავთ.  

ინდუსტრიული სტილის დეკორში, ძირითადად, ათავსებენ გამოყენებულ, მეორად ავეჯსაც.

ამიტომ არის ის ასეთი უნიკალური და მაცხოვრებელსაც საშუალებას აძლევს იქონიოს არჩევანის ფართო სპექტრი, ჩართოს კრეატივი და დეკორის ნაწილების შექმნასა თუ გადაკეთებაში თვითონვე ჩაერთოს.

ინდუსტრიული სტილისთვის ერთ-ერთი სახასიათო ღია, გაშლილი სივრცე, დიდი ფანჯრები და ბუნებრივად განათებული ოთახებია. თუმცა, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.

თუ შენობის არქიტექტურა ამ კუთხით არ გეხმარებათ, მარტივად შეძლებთ ინტერიერის ლამპებითა და დაბალი ჭაღებით განათებას.

რა გავითვალისწინოთ ჩვენს ინტერიერში ინდუსტრიული სტილის გამოყენებისას?

მასალები

უმჯობესი იქნება, თუ უპირატესობას მიანიჭებთ მინიმალისტურ, „გაულამაზებელ“და ბუნებრივად დაძველებულ მასალებს: რკინას, ხეს, ალუმინს, ფოლადს, სპილენძს, აგურს, ქვას.

მოკლედ, ყველაფერი ინდუსტრიული და მეტალურგიული გამოგადგებათ.

განსაკუთრებით, ანტიკურ ბუტიკებსა და მაღაზიებში აღმოჩენილი შესაბამისი მასალის დეკორი დაამშვენებს თქვენს ინტერიერს. და ეს სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ინდუსტრიულ სტილს უყვარს ძველი, გამოყენებული ნივთებისთვის ახალი სიცოცხლისა და ფუნქციის შთაბერვა.

ფერები

ინდუსტრიული სტილი თამამი, უხეში და გაბედულია. არ გვხვდება ჭრელი ფერები.

აირჩიეთ მდუმარე და მუქი პალიტრა: შავი, ნაცრისფერი, სპილენძისფერი, მუქი ყავისფერი და რაღა თქმა უნდა, თეთრი ტონალობები. ეს რაც შეეხება ძირითად ტენდენციას. მაგრამ, მაინც და მაინც, ნუ დავიწუნებთ მკვეთრ და კაშკაშა ფერთა ელვარებას.

შეგვიძლია მათ უფლება მივცეთ ცოტა გაინავარდონ ჩვენს ინტერიერში სუვენირების, ან კედლის დეკორის სახით.

სუვენირებისა და დეკორის გამოყენება

შესაძლოა გული დაგწყვიტოთ, მაგრამ, მკაცრი ინდუსტრიული სტილი არ წყალობს ბევრ, პატარა და უსარგებლო სუვენირებს. ამიტომ შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ დეკორის ეფექტები და ვიზუალის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად დაეყრდნოთ ინტერიერის მთავარ ჩონჩხს.

თუმცა, დეკორად მაინც გამოდგება აბსტრაქტული ნამუშევრები კედლებზე, მეტალის სტრუქტურები, ისევ და ისევ ძველი და გამოყენებული მასალებით შემქნილი სუვენირები.

არ დაგავიწყდეთ, ინტერიერმა უნდა დატოვოს შთაბეჭდილება, რომ დროში იმოგზაურეთ და მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ქარხანაში ამოყავით თავი.

ფუნდამენტური მასალებიდან რომელი „გაუძღვება“ დანარჩენებს, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

რაც მთავარია, გახსოვდეთ, ინდუსტრიულ სტილს არ უყვარს არც არეულობა, არც ბევრი დეტალი. ინტერიერის სტრუქტურა შეძლებისდაგვარად სუფთა და მოწესრიგებული უნდა გქონდეთ.

უკეთეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სასტუმრო სტამბას შენობას ეწვიოთ, რათა რეალურად ნახოთ ინდუსტრიული სტილის ძირითადი შტრიხები თანამედროვე თბილისში.

 

როგორი ტიპის ადამიანს შეესაბამება ინდუსტრიული სტილი?

ინდუსტრიული სტილი ინტერიერში ბევრს მეტყველებს პატრონის ფსიქოლოგიურ ტიპზე. თუ თქვენ გიზიდავთ ჩამოთვლილი მასალები და მათი ვიზუალური შეთანხმება სივრცესთან, მაშინ თქვენ მეტად დინჯი, თავშეკავებული, მოწესრიგებული,  პიროვნება ხართ.

ნივთის ფუნქციონალურობა თქვენთვის პრიორიტეტია. არ გიყვართ არეულობა და გაბედული, თამამი პიროვნება ბრძანდებით. ასევე, გიზიდავთ ორგანიზებულობა და რაციონალური პიროვნება ხართ. თქვენი გემოვნება არ განეკუთვნება, დროში რომელიმე კონკრეტულს, რადგან გხიბლავთ როგორც ძველი, ასევე თანამედროვე დიზაინი.

გაინტერესებთ ახალ-ახალი ტენდენციებისა და ფუნქციური დიზაინის ინტერაქციის შედეგები. შესაძლოა, ხანდახან ნოსტალგიურიც ხართ. თუმცა, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, კომფორტი თქვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

წინა ბლოგი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სამკაულები 

Facebook Instagram