თანამედროვე არქიტექტურა ვერ განვითარდებოდა, რომ არა უამრავი ცნობისმოყვარე და ახალ-ახალ იდეებთან მოჭიდავე ხელოვანი.განვითარება და ცვლილება ყოველთვის ჩარჩოებს მიღმა გახედვით და ახლის ძიებით იწყება. შესაძლოა, თავიდან ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი მოგვეჩვენოს. თუმცა, დამეთანხმებით, მსოფლიომ ისწავლა ინოვაციების გაბადრული სახით მიღება. ექსპერიმენტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები:

ჯეიმს ტომპსონის ცენტრი, ჩიკაგო, ამერიკა

შენობაში ილინოისის შტატის მთავრობის ოფისებია თავმოყრილი. მაგრამ იგი ვიზუალურად საერთოდ არ ეხმიანება თავის ფუნქციას.

ეს ფუტურისტული და ულტრათანამედროვე შუშის მთა, რომელიც შესანიშნავად შეეხამა გარემომცველ შენობებს, შექმნა ჰელმუტ იანმა ჯერ კიდევ 1985 წელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი დღემდე ინარჩუნებს გაბედული, თანამედროვე და ვიზუალურად მკვეთრად გამორჩეული ნაგებობის ტიტულს.

წინკარში შესვლის შემდეგ, ვიზიტორს ჩვიდმეტივე სართულის ნათელი, მრავალფეროვანი ხედი გადაეშლება წინ. შუშის ექსტერიერი შთამბეჭდავად კრავს სივრცეს და ეჭვსაც არ ბადებს იმის შესახებ, თუ როგორი გაჯერებული და დატვირთულია ინტერიერი.

უჩვეულო რესტორანი კალიფორნიაში

დიახ, 2018 წელს დასრულებული, ეს „შებერილი“ შენობა ისევ გვაცბუნებს თავისი ფუნქციით, რომელიც, თითქოსდა საერთოდ აცდენილია მის ექსტერიერს. რეალურად, შენობის მთლიანი არქიტექტურა და ვიზუალი რესტორნის იდეაზეა აგებული.

მასში გაერთიანებულია საკვები, არქიტექტურა და მუსიკაც კი. ტალღოვანი ბადე, რომელიც გარს აკრავს შენობას, არის თხელი რკინის ფირფიტებისა და ფართო მინების ერთიანობა.

 

ნაგებობა ისე არის შექმნილი, რომ ექსტერიერისა და ინტერიერის შეთანხმებით, მაგიდაზე მირთმეულ საკვებს სინათლე სწორად დაეცეს.

უცნაურია, თუმცა ასეთი ვითომ აბსურდული პერფექციონიზმიც არსებობს

The Selfridges Building ბირმინგამი, ინგლისი

მისი მშენებლობა 2003 წელს დასრულდა არქიტექტურული ფირმის, Future Systems მიერ.

კონსტრუქცია ძირითადად რკინისა და ცემენტის ერთობლიობას წარმოადგენს და ამის მიუხედავად, ასეთ დენად და „ფაფუკ“ ფორმას გვაძლევს.

მსგავსი „რბილი“ შესახედი ექსტერიერი, დიზაინერ პაკო რაბანეს მიერ 1960-იან წლებში შექმნილი კაბა გახლავთ. ხოლო თვითონ შენობა კი იმის განხორციელებაა, თუ როგორ უხდება ეს კაბა ქალის სხეულს. რა სჭირს ამ შენობას? – მას უბრალოდ რკინის კაბა აცვია, ისე კი, სავაჭრო ცენტრის ნაწილს წარმოადგენს.

სელფრიჯის შენობა ბლობიტექტურის შესანიშნავი წარმომადგენელია. (ბლობიტექტურა გულისხმობს ექსტერიერისა და ორგანული, ბუნებრივი ფორმების შეხამებასა და შერწყმას).

ესეც ხედი ახლოდან, სადაც ნათლად ჩანს ექსტერიერის „ბალიშები“.

ეს კი თავად ყველაფერში დამნაშავე კაბა

არქიტექტორ ფერნანდო მენისის მიერ პოლონეთში აგებული კულტურული ცენტრი

ეს შენობა, თავისი ულტრათანამედროვე და ექსპერიმენტული შესახედაობის მიუხედავად, აგებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მასალით – აგურით. აგურის ფაქტურა, დიდ როლს თამაშობს მისი ვიზუალის და შთამბეჭდავობის ხაზგასასმელად.

ექსტერიერს ცარიელი ცემენტი წარმოადგენს. მისი ჭრილები კი დამაინტრიგებლად გვაჩვენებს ინტერიერის მოწითალო ვიზუალს, რომ მნახველი შიგნით შეიპატიჟოს.

ესეც ეშმაკური გათვლა არქიტექტურაში. აღსანიშნავია ასევე, შენობის დუალურობა. ექსტერიერი, ცემენტის მსგავსად, მტკიცე და მყარია, ინტერიერი კი საოცრად დამყოლი, მოქნილი და დენადი გვეჩვენება.

ეს კონტრასტი ერთსა და იმავე ობიექტზე კი ნამდვილად გასაოცარი სანახავია.


ლიპო ცენტრი – ჰონგ კონგი

ერთი მაგალითი აღმოსავლეთიდანაც მოვიშველიოთ. თანამედროვე ჩინეთისა და იაპონიის არქიტექტურა უყურადღებოდ დასატოვებელი ნამდვილად არ არის.

ჰონგ კონგის ეს შთამბეჭდავი შენობა, ლიპო ცენტრი, სავაჭრო და ოფის სივრცეების თავმოყრის ადგილია. ერთი შეხედვით, ალბათ, ტყუპებიც გაგვახსენდება.

მისი მშენებლობა 1988-89 წლებში დასრულდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი ავტორი ამერიკელი არქიტექტორი, პოლ რუდოლფია.

შენობების რვაკუთხედის ფორმა და ლურჯი ელფერის შუშის ფასადი, მათ საოცრად ფუტურისტულ შესახედაობას აძლევს. რომელთა მსგავსი ვიზუალები მხოლოდ ანიმეებსა თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში გვხვდება.

არქიტექტორის თქმით, მისი მიზანი იყო შენობის აშკარა ხილვადობის გაზრდა, როგორც შორი მანძილიდან, ასევე ახლოდან.

გარდა ამისა, შუშის შეხამება და ცასთან გაერთიანება. რა სჭირს ამ შენობას? კუბიკ-რუბიკული, მყიფე მაგრამ ძალიან აქტუალური და მძაფრი ექტერიერი, დანარჩენი კი თვითონ განსაჯეთ.

ლიპოს მეტსახელად „კოალას ხესაც“ ეძახიან, რადგან, ადგილობრივების თვალსაზრისით, ის ძალიან ჰგავს ხეზე მცოცავ კოალას.

დაგვეთანხმებით, რომ ეს ხუთი მაგალითი, მხოლოდ და მხოლოდ, ზღვაში წვეთია მსოფლიო არქიტექტურის ოკეანეში, რომელიც ზღაპრული მოულოდნელობებით არის სავსე.

თუმცა, საწყის ეტაპზე გზამკვლევის როლი მაინც კარგად შევითავსეთ. შესაძლოა ძალიან მოიხიბლეთ თანამედროვე ექსპერიმენტული არქიტექტურის სტილით, ან საერთოდაც არ მოგეწონათ. მაგრამ, ფაქტია, ეს ძალიან საინტერესო სფეროა, ფუნდამენტი და ძირითადი ნაწილი იმისა, რაც საფუძველს უდებს თანამედროვე არქიტექტურის განვითარებასა და წინსვლას.

დროებით!

წინა ბლოგი – ინდუსტრიული სტილი

Facebook Instagram