დიდი ხნის განმავლობაში წიგნები ადგილს მხოლოდ კარადებში ან დახურულ სათავსოებში იკავებდნენ. სახლის ინტერიერის დაგეგმვისას მათ თითქმის არასდროს ითვალისწინებდნენ, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როცა მეპატრონე (ძირითადად, შეძლებული ოჯახიდან) ცალკე ოთახში გადაწყვეტდა მცირე ზომის ბიბლიოთეკის მოწყობას.
თუმცა, დროსთან ერთად, სახლის ინტერიერის დაგეგმვის ტენდენციებიც შეიცვალა და წიგნებმა, ისევე, როგორც მანამდე მივიწყებულმა სხვა საგნებმა, დღის შუქი იხილეს.
დღეს უკვე ადამიანებმა მათი ესთეტიკური ხიბლიც შეამჩნიეს და ამიტომ ინტერიერში წიგნების გამოყენება მრავალგვარი დატვირთვით დაიწყეს. გთავაზობთ რამდენიმე იდეას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფუნქცია შეიძლება შევძინოთ წიგნებს ინტერიერის მოწყობისას.
1. ინტერიერის სრულყოფა
ალბათ, არაერთი ადამიანი შეუწუხებია იმ მდგომარეობას, როცა მისი ვიზუალის სრულყოფას, თითქოს, რაღაც პატარა, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელი დეტალი აკლია.
ეს დეტალი არც ისეთი მასიური და გადაჭარბებული უნდა იყოს, რომ მთელი ყურადღება თავისკენ მიიპყროს და არც ისეთი უმნიშვნელო, რომ შეუმჩნეველი დარჩეს.
ასევეა ოთახის ინტერიერის შემთხვევაშიც და შესაძლოა, მის სრულყოფაში გადამწყვეტი როლი სწორედ წიგნების გამოყენებამ ითამაშოს.
ადამიანები ხშირად ინტერიერის აქსესუარებად ე.წ. “ფუფუნების საგნებს” იყენებენ, რომელთა გემოვნებისა და მომხიბვლელობის საკითხი, როგორც წესი, საკამათო აღმოჩნდება ხოლმე.
წიგნები კი, მათი დაბალი ფულადი ღირებულების მიუხედავად, ინტერიერს გაცილებით მდიდრულად წარმოაჩენენ და, ამავდროულად, მეპატრონის ინტელექტუალურობაზეც მეტყველებენ.
2. კითხვის სურვილის აღძვრა
სადავო არაა, რომ წიგნების კითხვა ადამიანის გონებრივი განვითარებისათვის სასარგებლო პროცესია. კითხვა გვეხმარება აზროვნებაში, ცოდნის მიღებაში, სამყაროს მრავალფეროვნების აღქმაში, სასაუბრო ლექსიკის გამდიდრებაში, ყურადღების კონცენტრაციაში, განტვირთვაში…
წიგნების ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებისას დიდია ალბათობა, რომ მათ უფრო დიდი ყურადღებით “დავაჯილდოვებთ”, გადავფურცლავთ, დავათვალიერებთ, დავინტერესდებით და წავიკითხავთ.
შედეგიც არ დააყოვნებს და მალე თავადვე ვიგრძნობთ კითხვის დადებით გავლენას ჩვენს ფსიქოლოგიურ თუ გონებრივ მდგომარეობაზე.
3. ოთახის ზონირება წიგნის თაროებით
ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ოთახი აერთიანებს საძინებელს, სამეცადინო სივრცეს, გარდერობს და ა.შ., რაც დისკომფორტს უქმნის ადამიანს.
ცხადია, ბევრად კომფორტულია ამ სივრცეების ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ ოთახებში არსებობა, თუმცა ხშირად სახლის საერთო ფართობი ამის საშუალებას არ იძლევა. ოთახში ახალი კედლის აშენება კი, ერთი მხრივ, ფინანსურ ხარჯებთან, მეორე მხრივ კი, მისი ფართობის შემცირებასთან ასოცირდება.
ამის კარგი გამოსავალია თაროების გაკეთება.
ამიტომ ოთახის ზონირების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი წიგნებით სავსე თაროების გამოყენებაა. მისი მოწყობა დაბალ ფულად რესურსსა და ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, იოლია მისი დიზაინის შეცვლა და დემონტაჟიც.
ზონირების დროს გამოყენებულ თაროებზე სასურველია ისეთი წიგნების განთავსება, რომელთა გარეკანის ფერი შესაბამისობაში იქნება ოთახის ინტერიერში გამოყენებულ სხვა ფერებთან. ასევე, სასურველია წიგნებს შორის გარკვეული ადგილის დატოვება, რათა ფანჯრიდან შემოსულმა მზის სინათლემ ოთახის ყველა წერტილამდე მიაღწიოს.
4. სამაგიდო წიგნი
ადამიანები თავიანთ ოთახებს ხშირად ნახატების საშუალებით ამშვენებენ, რისი მიზანიც ოთახში ესთეტიური გარემოს შექმნა და საკუთარი განწყობის, გემოვნებისა და შინაგანი სამყაროს წარმოჩენაა.
საინტერესოა, რომ სწორედ ამგვარად შესაძლებელია ინტერიერში წიგნის გამოყენებაც, მით უმეტეს, რომ ეს იდეა ორიგინალური და ნაკლებად გავრცელებულია.
ოთახში სამეცადინო ან სამუშაო მაგიდას შესაძლებელია ამშვენებდეს დიდი ზომის, მიმზიდველი გარეკანის მქონე წიგნი, რომელიც თავისი შინაარსითაც ახლოს იქნება მეპატრონის მსოფლმხედველობასთან.
წიგნი აუცილებლად მიიქცევს ოთახში შემოსული სტუმრის ყურადღებას და სასაუბრო თემაც არასდროს დაილევა.
5. ფრაზები და პოსტერები
ნახატებისა და სამაგიდო წიგნის ხაზს აგრძელებენ პოსტერები და წიგნებიდან ამოკრებილი გამონათქვამები, რომლებსაც, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფროდაუფრო ხშირად ვხვდებით ოთახის კედლებზე.
საყვარელი წიგნის მიხედვით შექმნილი პოსტერები და პერსონაჟთა კარიკატურები იუმორისტულ იერსაც კი სძენენ და ახალისებენ ოთახის ინტერიერს.
წიგნებიდან ამოწერილი ცნობილი ფრაზები კი ხშირად აფიქრებენ ადამიანს, ჰმატებენ მოტივაციას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ზოგჯერ გადამწყვეტ როლსაც თამაშობენ.
დროებით!
წიან ბლოგი – საბჭოთა არქიტექტურის 4 შედევრი საქართველოში