სახლის ინტერიერი ადამიანზე ბევრს მეტყველებს, ინტერიერის თითოეული დეტალი კი სახლის მეპატრონის ხასიათს კარგად ასახავს. სახლი შეიძლება დავტვირთოთ ნაყიდი, ქარხნული ავეჯით, მაგრამ საკუთარი ხელით შექმნილის ყოველდღე მოხმარებას არაფერი შეედრება. კარგად თუ გადაანაწილებთ თვენს შრომას, გემოვნებიანი თვალით გადახედავთ ოთახებს და საჭირო მასალას მოიმარჯვებთ, მაშინ ყველაფერს ისე მოაწყობთ, როგორც საჭიროა. მოდით ერთად მოვაწყოთ სახლის ინტერიერი ხელნაკეთი ავეჯით.

რა არის კარგი სახლის ხელნაკეთი ავეჯით მოწყობაში?- ამაზე პირველი პასუხი იქნება ფულის დაზოგვა.

ხელნაკეთი ავეჯი 10 ათას ლარამდე თანხას დაგაზოგინებთ, მაგრამ გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ავეჯის საკუთარი ხელით შექმნა, დაგეგმვა და ჩაფიქრებული იდეის განხორციელება უმთავრესი პრიორიტეტია.

ქვევით ჩამოთვლილია ყველა ის ავეჯი, რომელსაც ძალიან ხშირად მოვიხმართ და რაც მთავარია, მათი დამზადება საკუთარი ხელითაც საკმაოდ ადვილია.

ავეჯი მისაღები ოთახისთვის:

ცემენტის სკამი/სადგამი

შესახედად საკმაოდ საინტერესოა.

თუ სახლის კლასიკურ სტილში მოწყობას ფიქრობთ, ეს არ გამოგადგებათ, მაგრამ მათთვის, ვინც თანამედროვე სახლის მოწყობას აპირებს, მსგავსი სკამი/სადგამი იდეალურია.

დაგჭირდებათ ცემენტი, 40 სმ სიგრძის ხის სამი საყრდენი (ფეხები), სათლი და წყალი.

ცემენტი წყალში გააზავეთ, შემდეგ ცემენტიან სათლში მოათავსეთ ხის მასალა ისე, რომ მათ სამკუთხედი შექმნან. დატოვოთ ღამე და როცა გაშრება ამოიღეთ.

ზედაპირის მოსასწორებლად გამოიყენეთ ზუმფარის ქაღალდი. ფეხები სურვილისამებრ შეგიძლიათ სხვა ფრად შეღებოთ.

ხელნაკეთი სკამი მისაღებში შეგიძლიათ დადგათ, მაგალითად ძალიან მოუხდებოდა ფორტეპიანოს ან უბრალოდ კუთხეს დაამშვენებდა.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სადგამი და მასზე ლამაზი ყვავილები მოათავსოთ. ასე მისაღებს უფრო თანამედროვე და გემოვნებიან ელფერს შესძენთ.

ცემენტის საყვავილე

ცემენტი ბევრ შემთხვევაში გამოგადგებათ. მთავარია იყოთ კრეატიულები. ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ კარგი ინტერიერისთვის ძვირიანი ავეჯის ქონა აუცილებელი არაა. ყვავილები სახლს სიხარულით და სიმსუბუქით ავსებს. მათ კი შესაფერისი საყვავილე სჭირდებათ.

აქაც ორიგინალურობა უნდა გამოიჩინოთ. რაც დაგჭირდებათ ეს არის ცემენტი, წყალი, ბოთლი და რეზინის ფორმები (ისიც გამოდგება, რომლითაც უგემრიელეს მაფინებს აცხობთ სამზარეულოში).

პირველ რიგში, ცემენტი და წყალი შეაზავეთ, შემდეგ ფორმებში მოათავსეთ და ზემოდან ბოთლი ჩააჭირეთ ისე, რომ ამოღებისას სივრცე დატოვოს. გაშრობის შემდეგ მასში ყვავილი უნდა მოათავსოთ.

დატოვეთ ასე ერთი ღამე და გაშრობის შემდეგ ამოიღეთ რეზინის ფორმებიდან. გემოვნებისამებრ შეგიძლიათ ცემენტი ფერებით გააზავოთ იქამდე, სანამ გაშრება.

მაგალითად ოქროსფერი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. ხელნაკეთი საყვავილე შეგიძლიათ მოათავსოთ მისაღების ჟურნალის მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე ან ნებისმიერ ადგილას, სადაც გაგიხარდებათ, მთავარია ოთახის ინტერიერს მოუხდინოთ.

სადგამი

სადგამის ბევრი სახეობა არსებობს.  ეს სადგამი, რომლის გაკეთებაშიც ჩვენ დაგეხმარებით, ბევრგან არ შეგხვდებათ. დაგჭირდებათ სამი ფიცარი, ვინტები და ლაკი.

ფიცრებს ლაკი წაუსვით, ერთმანეთთან კუთხის შემკვრელით მიამაგრეთ და სადგამიც მზადაა. მხოლოდ ამაში განსაკუთრებული ისაა, რომ ეს სადგამი უნდა მოარგოთ ტახტს, რომელიც კედელს ეხება.

კედელსა და ტახტს შორის თუ მოათავსებთ სადგამს, საშუალება გექნებათ ამ საგდამზე წიგნები, საყვავილეები, საათი, სასანთლე და კიდევ ბევრი დეკორატიული ნივთი მოათავსოთ.

ეზოს ავეჯი

თუ დიდი ეზო გაქვთ, მისთვის ავეჯის, თან კარგი და ხარისხიანის, შეძენა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. ამიტომ კარგი იქნება, თუ მათ თქვენით დაამზადებთ.

ეზოს დეკორატიული სასანთლე

არაფერი არ გადაყაროთ, არც ჩიფსის ქაღალდი. რა იცით, როდის გამოგადგებათ.

“Pringles” ის ყუთი იდეალური ვარიანტია. ან ესეც თუ არ გაქვთ, არაა პრობლემა. კარდონის ყუთები ყველგან იშოვება.

პირველ რიგში, გჭირდებათ ისევ და ისევ ცემენტი და წყალი. ცემენტი გააზავეთ და ჩაასხით მუყაოს ოვალურ ფორმაში. ზემოდან ბოთლის ძირი ჩააჭირეთ ისე, რომ შემდგომში სანთელიც ჩაეტიოს.

ასე დატოვეთ ორი ღამე და გაშრობის შემდეგ მუყაო მოაცილეთ. მიღებული სასანთლე შეგიძლიათ ქვებით გაალამაზოთ. ზომები და რაოდენობა თქვენივე სურვილზეა დამოკიდებული. მთავარია ეს ყველაფერი გემოვნებიანად გააკეთოთ.

ხის სავარძლები

ეზოს სავარძლებისთვის ყველაზე მეტად ხის მასალა გამოდგება. პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სავარძელი წვიმას და მცხუნვარე მზეს უნდა უძლებდეს, თან ლამაზადაც უნდა გამოიყურებოდეს.

დაგჭირდებათ ხის სადგამები, თეთრი საღებავი და ბალიშები.

ხის სადგამები თეთრად შეღებეთ, ზოგი ერთმანეთზე მიამაგრეთ და ზედ ბალიშები დააწყვეთ.

ძალიან მარტივია, მაგრამ მთავარია ეს ყველაფერი ისევ და ისევ გემოვნებით გააკეთოთ.

არ დაგავიწყდეთ, თქვენით შეიძლება გააკეთოთ ყველა ის ნივთი, რაც დაგჭირდებათ, მთავარია ეცადოთ იყოთ კრეატიულები და არასდროს დაანებოთ თავი ძიებას.

არაა საჭირო მუდამ ახალი ავეჯი გედგათ სახლში.

მთავარია ის გარემოს მოარგოთ, ინტერში ხელნაკეთი ნივთების შეტანით მას მხოლოდ გაახალისებთ და კიდევ უფრო საინტერესოს გახდით.

წინა ბლოგი – წიგნების გამოყენება ინტერიერის დიზაინში

Facebook Instagram