სტუდიოს ტიპის ბინა თუ განცალკევებული მისაღები ოთახი და სამზარეულო? კითხვა, რომელიც ხშირად აწუხებთ ჩვენს დამკვეთებს.
მაშ ასე, დავიწყოთ უარყოფითი მხარეებით და კენწეროში გავატკბილოთ:
I – პირველი უარყოფითი მხარე – ეს არის კერძის მომზადების დროს სურნელი მთელს მისაღებში. განსაკუთრებით მძაფრი სუნი დგება თევზის შეწვის დროს და არავინ თქვას, რომ გამწოვი ამ სუნს სრულიად ალაგმავს.

II – მეორე – ეს არის დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია ხშირი სტუმრიანობის დროს. ვაიდა, მოშივდა რომელიმე ოჯახის წევრს და ისე გინდა აჭამო, რომ სხვები პირში არ შეჰყურებდნენ.

III – სტუდიოს ტიპის ბინა ცუდი ვარიანტია დიასახლისებისათვის, რომელთაც ნაკლებად სიამოვნებთ საჭმლის კეთება სხვისი თანდასწრებით.

IV – გაერთიანებულ სამზარეულოსა და მისაღებს არ ვურჩევთ ოჯახებს, რომლებშიც რამდენიმე თაობა იზრდება ერთად. (დიდი ბებია-ბაბუა, დედამთილ-მამამთილი, ცოლ-ქმარი და ბავშვები. გარწმუნებთ, ორი სამზარეულოც კი ცოტა მოგეჩვენებათ ამ შემთხვევაში).

გადავიდეთ დადებით მხარეებზე:

I – არაჩვეულებრივია იმ შემთხვევისთვის, თუ პატარა ბინა გაქვთ და სივრცის გაზრდა გსურთ.

II – მათთვის, ვისაც მხიარულ გარემოში უყვართ კერძის მომზადება და პარალელურად, ტკბილად ბაასი.

III – ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც უყვართ საღამოობით ერთად შეკრება და ფინჯან ჩაისთან ტკბილად ჭუკ-ჭუკი, სტუდიო პირდაპირ მისწრებაა.

IV – სასწაულია, თუ სტუმართმოყვარე ადამიანი ბრძანდებით. სუფრის გაწყობა ასეთი ტიპის ბინაში ძალიან მარტივია და დიასახლისი, რომელიც საჭმელს ამზადებს და თან სტუმრებს ემსახურება, თავს კომფორტულად გრძნობს.