დედოფალი ვიქტორია (1837-1901წ.) თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში ატარებდა გვირგვინს, ძნელია ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პერიოდის ერთი არქიტექტურული სტილით დახასიათება. ვიქტორიანელი დიზაინერები უამრავი კულტურიდან და პერიოდიდან უხვად იღებდნენ ელემენტებს და თავიანთ შემოქმედებებში დებდნენ, თუმცა მაინც არ კარგავდნენ კლასიკურ სიმეტრიას. ზუსტად ეს არის ვიქტორიანულ არქიტექტურაში წარმოსახვის უნარის ხიბლი – პარადოქსული დამოკიდებულება ტრადიციულ შებოჭილ სტილსა და ინოვაციურ სტილს შორის.
“Preservation is simply having the good sense to hold on to things that are well designed, that link us with our past in a meaningful way, and that have plenty of good use left in them.” – Richard Moe.
ვიქტორიანულ ეპოქაში ინდივიდუალური და სამოქალაქო ნაგებობები დომინირებდა. ჩვენ არა მხოლოდ ცხოვრებისათვის და კომერციული მიზნებისთვის აგებულ უამრავ შენობას ვხვდებით, არამედ ადრეული შენობების რემოდელირებასაც.
შთაგონება ვიქტორიანული სტილის უკან
ვიქტორიანელი არქიტექტორები კლასიკური დიზაინის წესებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ისინი აღარ იყვნენ ჯორჯიანული პალადიანიზმის პრინციპებით შეზღუდულნი. შედეგად, კლასიციზმის საპასუხოდ, იტალიანტეს სტილი შეიქმნა, თუმცა გამოკვეთილად მისი მახასიათებლები მხოლოდ საუკუნის ბოლოსკენ ჩამოყალიბდა.
ამავდროულად, სხვა ვიქტორიანელი არქიტექტორები, მაგალითად პუგინი, შთაგონებას, რეტროსპექტულად და ნაციონალისტურად, გოთიკურ ტრადიციაში ეძებდა.
ვიქტორიას დედოფლობა ბრიტანეთის იმპერიის ოქროს ხანას დაემთხვა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მის თანადროულ დიზაინში ეგზოტიციზმისადმი ლტოლვა გაძლიერებული იყო. ინტერიერის დიზაინში პოპულარული იყო ორიენტალური, ეგვიპტური და ინდური, ელემენტები.
მაღალი სტატუსის მქონე ნაგებობების (ანუ ის ნაგებობები, რომლებზეც არქიტექტორთა რეპუტაცია შენდებოდა) ბუნებაც შეიცვალა.
არქიტექტორებმა, რომლებიც აქამდე გრანდიოზული სახლებითა და კერძო მამულების მეშვეობით მოიპოვებდნენ რეპუტაციას, ახლა საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ ნაგებობებს, იმავე შემართებითა და დეტალებისადმი ყურადღებით, მიმართეს.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი კერძო სახლებს აღარ აგებდნენ.
არქიტექტურის, როგორც პროფესიის, დაბადება
არქიტექტურის პროფესიას საფუძველი, 1837 წელს, ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის დაარსებით ჩაეყარა.
მისმა პირველმა პრეზიდენტმა, ეარლ დე გრეიმ, ვრესტ პარკის ფრანგული ბაროკოს (Wrest Park) დიზაინი შექმნა.
კონსტრუქტორისა და მიწისმზომელის პროფესიების შექმნამ კი არქიტექტორებს დიდი ტვირთი ჩამოაცალა მხრებიდან, მათ აღარ უწევდათ ახალ დიზაინსა და ტექნიკებზე ექსპერიმენტების ჩატარება.
XIX საუკუნის სახლების დიზაინერთა უმეტესობა ანონიმური არქიტექტორები გახლდნენ, რომელნიც დიზაინის ისეთ სტუდიებში მუშაობდნენ როგორიც იყო, თომას კუბიტის სტუდიო.
ამიტომ, მართალია ხშირად მათი ინდივიდუალური სახელები იკარგებოდა, თუმცა ისინი ერთად ახალ, ხელოვნურ, თუმცა ცოცხალ, კოლექტიურ ცნობიერს ქმნიდნენ და მისი სახელით მუშაობდნენ.
კუბიტის აგებულია ბელგრავიისა და პიმლიკოს უბნების უდიდესი ნაწილი და ასევე ოსბორნ ჰაუსიც.
ვიქტორიანული, ინდუსტრიული არქიტექტურა
1840 წლისთვის ინდუსტრიული რევოლუცია უკვე მთელი სიჩქარით მიიწევდა წინ. ეკონომიკაზე, სოციუმსა და კულტურაზე მის მიერ მოხდენილი ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ არც არქიტექტურა დარჩა ხელშეუხებელი.
მშენებლობის ბუმი დაიწყო.
რკინიგზა (რომელიც იმ დროისთვის ახალი გამოგონებული გახლდათ) არქიტექტურის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობდა.
როგორ? მისი მეშვეობით რესურსების ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა წარმოუდგენლად გაადვილდა, რამაც უპირველესად მშენებლობის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა.
ასევე არქიტექტორს უფრო ფართო არჩევანი ჰქონდა მატერიალების არჩევისას და თანაც მათი მიღება უფრო მოკლე დროში შეეძლო.
მატარებელს არა მხოლოდ სამშენებლო მასალები, არამედ ხალხიც გადაჰყავდა, ბუნებრივია, ამიტომ იდეებმა უფრო სწრაფად დაიწყეს გავრცელება – არქიტექტორები ახალი ტექნიკების შესახებ საგრძნობლად უფრო მცირე დროში იგებდნენ ყველაფერს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
მხოლოდ სამშენებლო მასალების გადატანის გაადვილება არაფერს არ მოგვცემდა, თუ საკმარისი რაოდენობის გადასაზიდი მასალები არ იარსებებდა.
საბედნიეროდ, ინდუსტრიული რევოლუციის მეშვეობით, პროდუქტის მასიური წარმოება დღითიდღე ვითარდებოდა, ამიტომ იმპერია, არც მასალების ნაკლებობას განიცდიდა.
ვიქტორიანული აღორძინება
ცხოვრების დონის ამაღლებამ და ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა მეცნიერული ცოდნა საოცარი სიჩქარით წაწიეს წინ.
მეცნიერება ვითარდებოდა და უკვე რელიგიურ ნორმებსაც უპირისპირდებოდა.
1859 წელს ჩარლზ დარვინის მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა – „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ – დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ამაზე საპასუხოდ ინგლისის ეკლესიამ დიდი ვიქტორიანული აღორძინება წამოიწყო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ახალი ეკლესიების აშენების გრანდიოზული პროგრამა.
ქვეყანაში ტაძრების მასიური მშენებლობა დაიწყო და არა მხოლოდ, ძველ ტაძრებსაც ვიქტორიანულ-გოთიკური სტილის მიხედვით ანახლებდნენ.
ამ პროცესმა ნათელი გახადა, რომ ვიქტორიანულ-გოთიკური სტილი დომინანტური არქიტექტურული სტილი გახლდათ ამ პერიოდში.
გოთიკურიდან ნაციონალურ ტრენდამდე
იმისდა მიუხედავად, რომ თავდაპირველად ვიქტორიანული სტილები თითქმის ექსკლუზიურად გოთიკურის გავლენის ქვეშ იყვნენ.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ თავისი საქმე მაინც გააკეთა და ტრენდის ნაციონალიზაცია მოახდინა. რესურსები გაიაფდა, შედეგად კი ვიქტორიანული სახლები საგრძნობლად მეტად ორნამენტული გახდა და თანაც ბევრად იაფი.
1880-იან წლებში კი დედოფალი ანას (1665-1714წ.) მივიწყებული სტილი ბრუნდება, თანაც დიდი წარმატებით. ეს დეტალური და ნათელი ფერებით შეღებილი სახლები ზუსტად ისაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა წარმოიდგენს, როდესაც ვიქტორიანულ სახლს ახსენებენ.
ჯორჯიანულიდან ვიქტორიანულამდე
როგორც უკვე ვთქვით, ცხოვრების დონემ საგრძნობლად აიწია. შესაბამისად მდიდრულმა სახლებმაც იმატა.
ამის ულამაზესი მაგალითებია ოსბორნ ჰაუსი, თომას კუბიტის, კლივლენდი, ჩარლზ ბერის, და გოდარდსი, ედვინ ლუტიენის მიერ.
XIX საუკუნემ საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ ნაგებობებთან ერთად, საცხოვრებელი სახლების სწრაფი ზრდაც ნახა. რაც ბუნებრივია, იმიტომ, რომ ურბანიზაციის დონე ისეთი მაღალი იყო, როგორც არასდროს, ეს იმპერიის ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სოციალური და მეცნიერული წინსვლის ერთ-ერთი შედეგია.
ვიქტორიანული მოედნების ტერასებისა და გრანდიოზული სახლების ურბანული ექსპანსიის პროდუქტია, ძმები კუბიტების მიერ შექმნილი მრავალი მოედანი, მათ შორის: ბელგრავ სკვეარი, ტავისტოკ სკვეარი, გორდონ სკვეარი და ეატონ სკვეარი.
ვიქტორიანელების მიერ დაგეგმილი სოციალური დანიშნულების ნაგებობების ფართომასშტაბიანი მშენებლობა მოიცავდა ყველაფერს, დაწყებული საავადმყოფოებით, დამთავრებული სახელოსნოებითა და სამთავრობო შენობებით.
საზოგადოებრივი შენობების შექმნამ ბენეფაქტორებისა და არქიტექტორების სტატუსი დიდად გაზარდა.
ძირითადი ელემენტები
⦁ ორ ან სამ-სართულიანი, თუმცა განიერი, შენობები.
⦁ ხის ან ქვის ექსტერიერი.
⦁ კოშკები.
⦁ პირველი სართულის ვერანდები.
⦁ მანსარდის სტილის სახურავები.
⦁ კაშკაშა ფერები (განსაკუთებით 1880-იანი წლებიდან).
⦁ ორნამენტებით შემკული კედლები.
დროებით!
წინა ბლოგი – ფრენკ ლოიდ რაიტი – “ქედმაღალი” არქიტექტორი