მინიმალიზმი ინტერიერში სიმარტივისა და ბუნებრივი ფორმების ჰარმონიას გულისხმობს. იაპონური კულტურით შთაგონებული მიმდინარეობა შენობის შიდა ფასადის სახეზე ახდენს ორიენტაციას და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი ფორმა, ფერი და ტექსტურა ხდება. ეს არის მიმდინარეობა, რომელიც გამოკვეთილი ხასიათითა და მახასიათებლებით გამოირჩევა.
მოდერნული მინიმალიზმი ინტერიერში გეომეტრიული ფიგურებით და ასიმეტრიით ხასიათდება, რასაც თან ღია, პასტელურ ფერთა პალიტრა და პატარა დეტალები ახლავს.
მინიმალისტური სტილი ოთახის ინტერიერს უფრო თავისუფალ და ნათელ ელფერს სძენს. ეს არის სიმარტივის, პრაქტიკულობისა და სილამაზის ნაზავი, რომელიც დაცლილია ყველაფერ ზედმეტისგან.
„გენიალურობა სიმარტივეშია“ – ეს გაცვეთილი ფრაზა საუკეთესოდ აღწერს მინიმალიუსტური მიმდინარეობის ესთეტიკას.
კლასიკური მინიმალისტური სტილის შექმნის მთავარ საფუძველს ფერი წარმოადგენს – ღია, ნათელი და პასტელური ტონი სისუფთავის, სიახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ქმნის.
ინტერიერის მინიმალიზმში გადაწყვეტისას დიზაინერები „სამი ფერის წესს“ იყენებენ. მოდერნული მინიმალიზმის ბაზისურ ფერთა გამას შავის, თეთრის, კრემისფერისა და
ნაცრისფერის ურთიერთშეთანხმება წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი კი ინტერიერში ბუნებრიობის შემოტანაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფერთა ჰარმონიულობის განმსაზღვრელი მთავარი პირობა ფერთა ნატურალურობა ხდება. მაგალითად, შავის, თეთრისა და ნაცრისფერის შეხამება არ ეწინააღმდეგება ფერთა გამის ბუნებრივ კანონებს.
ოთახის შავ, ნაცრისფერ და თეთრ ფერში გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია ინტერიერში დამატებითი ტონის შეტანა იმისათვის, რომ იგი უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.
ფერთა გამის შემდეგ მინიმალიზმის მთავარ იდეას, რომელსაც
ოთახის მოწყობისას უნდა მისდიოთ, ინტერიერის ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება წარმოადგენს
– თქვენ გარშემო უამრავი საგანია განთავსებული, რომელიც უფუნქციოდ დევს და ოთახის გადატვირთვას
იწვევს. სწორედ ამიტომ, თუ მინიმალისტური ესთეტიკის მიღწევა გსურთ, ოთახის ზედმეტი
ნივთებისგან გათავისუფლებაა აუცილებელი.
ინტერიერზე მუშაობისას მთავარია გახსოვდეთ, რომ ოთახში განლაგებულ თითოეულ ნივთს საკუთარი ადგილი და დანიშნულება უნდა გააჩნდეს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ მინიმალისტური სტილის მთავარ მიზანის სივრცის აღქმასთან თამაში წარმოადგენს. მისი წყალობით პატარა სივრცისათვის სიღრმისა და მოცულობის მინიჭება ხდება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, მინიმალისტური ესთეტიკის მთავარი მახასიათებელი იმ ელემენტების არსებობის გამართლებაა, რომლითაც მისი დაკომპლექტება ხდება.
მინიმალისტური ოთახები ავეჯის ნაკლებობით გამოირჩევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი თითოეული ატრიბუტი კომპაქტური, ტევადი და პრაქტიკულია. მათ სივრცეში ბალანსისა და სიმყუდროვის შეგრძნება შემოაქვს, რაც ოთახისათვის კომფორტულობის მისანიჭებლად არის აუცილებელი.
ავეჯის არჩევისას ჯობს უპირატესობა არა მოდურ, არამედ პრაქტიკულ და კლასიკურ სტილს მიანიჭოთ. ოთახის ისეთ ატრიბუტებს, რომლებიც დროს გაუძლებენ და, ამასთანავე, მინიმალისტური ინტერიერის იდეოლოგიას გაამართლებენ – ნაკლები დროისა და ენერგიის ხარჯვა, რომელიც სიმარტივეში გამოიხატება.
იმისათვის, რომ ოთახის ინტერიერი ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გახდეს, აუცილებელია ქსოვილების სწორად შერჩევა – არათვალისმომჭრელი, თუმცა დამაინტერესებელი სტრუქტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს ოთახისათვის მრავალფეროვნების მინიჭების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად კი შესაძლებელია ინტერიერში დამატებითი ფერის შემოტანა – ოთახის ძირითადი ტონისგან განსხვავებული ფერის მქონე ქსოვილის დამატება ნამდვილად ამარცხებს ერთფეროვნებას. იმისათვის, რომ ოთახს მეტი ინტერესი შესძინოთ გამოიყენეთ, ბეწვი, ნაქსოვი ან ნაქარგი, უცხო ტექსტილი, რომელიც მზერას იპყრობს, თუმცა საკუთარ თავში არ ატარებს თვალისმომჭრელის თვისებას.
რა თქმა უნდა, ოთახის ინტერიერის მთავარ ატრიბუტს აქსესუარები წარმოადგენს. მინიმალისტური სტილისათვის აუცილებელია ამ სახის დეკორაციებისთვის სწორი განლაგებისა და დანიშნულების მინიჭება. შესაძლებელია მათი სეზონურად ცვლა იმისათვის, რომ ოთახი უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდეს. სწორედ ეს დეკორაცია არის ის, რაც ოთახს უფრო მეტ სიღრმესა და სითბოს მატებს.
ოთახის „სიშიშვლე“ და მისი ნივთებისგან დაცარიელება არ გულისხმობს მინიმალიზმში სიცივის არსებობას. ეს არის მიმდინარეობა, რომელიც კომპლექსურ თანამედროვეობას უფრო მეტ სიმარტივესა და სიმშვიდის შეგრძნებას სძენს.