ახალი კლასიკური არქიტექტურა მოდერნის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელოვნების ყველა სფეროში მოდერნიზმი დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს, ახალი კლასიკური არქიტექტურა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
ახალი კლასიკური არქიტექტურა თანამედროვე მოძრაობაა, რომელიც კლასიკური და ტრადიციული არქიტექტურის პრაქტიკას განაგრძობს.
მიმდინარეობის მთავარი იდეა გულისხმობს მშენებლობის ხელოვნებიდან არქიტექტურულ ხელოვნებამდე ამაღლებას.
„კლასიკური არქიტექტურისა და ხელოვნების ახალი ინგლისი ინსტიტუტი“
ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დევიდ ანდრეოცმა, რომაელი აქრიტექტორის, ვიტრუვიუსის სიტყვები მოიშველია, რომელიც კლასიციზმის სამ მთავარ მოთხოვნად მიიჩნევდა firmitas, utilitas და venustas – სიძლიერე (მდგრადობა), გამოყენებადობა და სიამოვნების მონიჭება.
მისი თქმით, მოდერნისტებმა „დიზაინს ადამიანი ჩამოაშორეს და ამით უგულებელყვეს იდეა, რომ სილამაზე მნიშვნელოვანია.“ კლასიცისტები კი სილამაზეს არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ეს ობიექტური მახასიათებელია და არა სუბიექტური, როგორც ვირტუვიუსიც ამბობდა. დევიდმა ისიც დაამატა, რომ ვინაიდან სილამაზე სასურველია, მას პოზიტიური გავლენა აქვს შენობის ღირებულებაზე.
ყველაფერ ამაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ სილამაზე და ტრადიცია ადამიანებს ისტორიის დინებასთან აკავშირებს, აკავშირებს წარსულ და მომავალ თაობებთან.
სწორედ ამას ემსახურებოდა კლასიციზმი და მისი აღზევებაც. საინტერესოა ანნ სუსმანის კვლევაც.
მისი ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა სტილის შენობები აჩვენეს და თვალის მოძრაობის აღმქმელი მოწყობილობების გამოყენებით გაზომეს ტვინის ნეიროფიზიოლოგიური აქტივობები.
შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები ერთგვაროვან ზედაპირს აქტიურს ამჯობინებენ. სწორედ ამიტომაა, რომ ხალხს ძირითადად არა მოდერნისტული, არამედ ტრადიციული არქიტექტურა მოსწონს.
სინამდვილეში, მათ სულაც არ იზიდავთ მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი, სისადავე და ერთფეროვნება. თანამედროვე სამყაროს ეს დომინანტური მიმდინარეობა ორნამენტების იდეას წინ აღუდგა, რათა არქიტექტურის წარსულ პრაქტიკებს გაქცეოდა და პირველი მსოფლიო ომის ტერორი დაევიწყებინა.
მოდერნიზმი ემყარება მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, კონკრეტულად კი შუშის, რკინისა და ბეტონის ხშირ გამოყენებას და მიიჩნევს, რომ ფორმა მხოლოდ ფუნქციას უნდა ეხმიანებოდეს.
ახალი კლასიკური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია სმითის ცენტრი (The Smith Center)
იგი ლას ვეგასში, სიმფონიის პარკში მდებარეობს. შენობა სამ თეატრს მოიცავს, სადაც რეზიდენტი კომპანიების გამოსვლები, ლექციები და საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანების მუსიკალური, თეატრალური, თუ საცეკვაო დადგმები იმართება.
დეტალებზე განსაკუთრებული აქცენტის გამო კლასიციზმის მოყვარულთათვის ამ შენობის კონტრუქციის პროცესი საოცარი გამოცდილება იყო.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა განათების უძრავმა ინვენტარმა. ეს დეკორაციული დეტალი დევიდ მ.შვარცის არქიტექტორებმა შეიმუშავეს სპეციალურად სმითის ცენტრისთვის.
შერმერჰორნის სიმფონიის ცენტრი ნაშვილში
კიდევ ერთი მაგალითია შერმერჰორნის სიმფონიის ცენტრი ნაშვილში, რომლის შთაგონების წყაროც მე-19 საუკუნის ევროპის ყველაზე გამორჩეული საკონცერტო დარბაზები იყო.
ახალი კლასიციზმი ინტერიერში
ახალი კლასიკური არქიტექტურა უკვე ინტერიერის დიზაინშიც გვხვდება. ის იმეორებს კლასიკური დიზაინის ნიშნებს და, ძირითადად, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებში ვლინდება.
მინიმალისტურ ინტერიერს საინტერესო ელემენტები ემატება და შედეგად თანამედროვეობას მორგებულ კლასიკურ ვიზუალს ვიღებთ.
ამ ინტერიერში ოსტატურადაა გამოყენებული რომაული სვეტები, რომლებიც სადა და მოდერნისტულ ოთახს მეტ ეფექტურობას სძენს.
აქ, კი ჭერი კლასიკურ სტილშია მოხატული.
კედლის პანელები თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ჩარჩოს მაგივრობას უწევს. სხვადასხვა ეპოქის დეტალების მსგავსი შერწყმა გამორჩეულ ინტერიერს იძლევა, სადაც დროისა და, მასთან ერთად, კაცობრიობის ისტორიის მუდმივი ცვალებადობა მატერიალურ ფორმას იძენს და უფრო ხელშესახები ხდება.
კედლის პანელებთან ერთად კლასიკურ სტილში გაფორმებული ჭერი, მოლდინგები და პარკეტის იატაკი უფრო თვალშისაცემ ინტერიერს ქმნის
მსგავსი ორნამენტების მინიმალისტური გამოყენება თანამედროვეობისთვის დამახასიათებელ სისადავეს უნდა დავუკავშიროთ.
ახალი კლასიკური ინტერიერი სულაც არ ცდილობს ჩუქურთმებითა და ზედმეტი მორთულობებით სახლის გავსებას. ის უფრო მეტად ოთახის გამოცოცხლებას და სახასიათო ნიშნების შემოტანას ისახავს მიზნად.
ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია ინგლისელი დიზაინერის, როუზ უნიკაეს, ლონდონის სახლი. მისაღებ ოთახში გამოყენებული კედლის პანელები, კლასიკური ორნამენტები და დეკორატიული მოლდინგი საკმაოდ მიმზიდველ და მყუდრო გარემოს ქმნის.
„ინტერიერი მნიშვნელოვანია: ის მოქმედებს ჩვენს ფიქრებსა და განცდებზე. ის მოქმედებს იმაზე, თუ რას ვამბობთ და იმაზეც, თუ როგორ ვამბობთ ამას.
მოქმედებს იმაზე, თუ რას ვაკეთებთ და იმაზეც, თუ როგორ ვაკეთებთ ამას.“ – წერს ერთ-ერთ ბლოგში როუზი.
სროებით!
წინა ბლოგი – გამჭვირვალე ეპოქსიდის სივცრული იატაკი – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?