დღევანდელ სამყაროში სიბრტყე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალურია ყველაფრის სამგანზომილებიან სივრცეში ჩართვა. განსაკუთრებით საინტერესო ჩვენთვის ის ფაქტია, რომ ამ ტენდენციას საზღვარი არ აქვს და ყველა სფეროს შესანიშნავად ერგება. ინტერიერის დიზაინი და სამგანზომილებიანი ნამუშევრები დიდი ხანია დამეგობრდნენ.
ჩვენი სტატიის მთავარი თემაც, სწორედ, ინტერიერში სივრცული ნამუშევრები, კონკრეტულად კი 3D იატაკი (იგივე ეპოქსიდის იატაკი) იქნება.
გსმენიათ მის შესახებ? იცით, რომ სამგანზომილებიანი იატაკი არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ პრაქტიკულადაც გამოირჩევა?
მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გთავაზობთ ინფორმაციას 3D იატაკის შესახებ. ბოლოს კი, მოკლედ მიმოვიხილოთ მისი დამონტაჟებისა და ღირებულებების დეტალები.
მაშ ასე, პირველ რიგში, რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ეპოქსიდთან დაკავშირებით?
ეს არ არის უბრალოდ მოხატული დიდი სტიკერი ან პატარა ფილების ერთობლიობა
არამედ ერთმანეთზე მჭირდოდ დამაგრებული რამდენიმე ფენა, რომელიც ზუსტად იძლევა სიღრმის ილუზიას. ვიზუალური ეფექტი არის ამ იატაკის ძირითადი დამატყვევებელი „კოზირი“. გარდა სილამაზისა, მას შეუძლია ოთახის ინტერიერი ბევრად ფართო და გაშლილი წარმოაჩინოს, რითიც მოხსნის პატარა სივრცის პრობლემას.
ეპოქსიდზე პრაქტიკული გონება პირდაპირ დასვამს კითხვას სივრცული იატაკის გამძლეობისა და ამტანობის შესახებ. იგი არც ამ მხრივ გვაწბილებს. არ ზიანდება მჟავების, გამწმენდების, გამათეთრებლების ზემოქმედების შედეგად, არ ედება ლაქები. შესაბამის პირობებში იატაკი 15 წელი მაინც ინარჩუნებს იდეალურ მდგომარეობას.
გამოირჩევა მარტივი სტრუქტურით
არ აქვს ე.წ „ჯოინთები“, ბზარები, ნაპრალები. ერთიანი ზედაპირის მქონე ფილებში არ ჩადის მტვერი, ჭუჭყი, წყალი ან სხვა საზიანო ნივთიერება. ეს, დამეთანხმებით, მას მეტად გამძლეს ხდის.
ის არის უსაფრთხო და ჰიგიენურად სუფთა
არ აგროვებს ჭუჭყსა და მტვერს, ეპოქსის იატაკი არ ქმნის გარემოს ბაქტერიებისა და არასასურველი მიკროორგანიზმების დასაბუდებლად.
მის დასამზადებლად გამოყენებული მატერიალები არ შეიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს. (რაც დამოწმებულია კომპანიის სერთიფიკატებით).
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ეპოქსიდის იატაკი მაღალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს გამძლეობას და მარტივად არ დნება ცეცხლში.
მისი პოლიმერები არ იწვება, რის გამოც ეპოქსი იატაკს ძალიან ხშირად იყენებენ სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც ხანძრისადმი უსაფრთხოება მწვერვალებზეა აყვანილი.
უარყოფითი მხარეები
ყველაფრის მიუხედავად, რადგან ჩვენ სასწაულების არ გვჯერა და ყველაფერს ჯანსაღად აღვიქვამთ, იმასაც ვითავისებთ, რომ სრულყოფილი არაფერია.
შესაბამისად, უმჯობესია გამცნოთ ეპოქსი იატაკის უარყოფითი მხარეები:
მისი დამონტაჟება საკმაოდ რთულია. აუცილებელია პროფესიონალი ხელოსანი და შესაბამისი აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ეპოქსი სწორად და ხარისხიანად დამონტაჟდეს. გარდა ამისა, მისი სრულფასოვნად გაშრობა დამატებით სამიდან ხუთ დღეს მოითხოვს.
ეპოქსისთვის აუცილებელი მატერიალები საკმაოდ ძვირია. თუ გავითვალისწინებთ ბაზარზე მის პოპულარობასა და მარკეტზე მაღალ მოთხოვნას, რთული არაა ვივარაუდოთ, რომ მთლიანობაში ეპოქსი იატაკის შეძენა არც ისე პატარა ხარჯებთან არის დაკავშირებული.
კარგი იქნება თავიდანვე ზუსტად გათვალოთ, თუ რომელ ოთახში დაამონტაჟებთ ეპოქსის იატაკს, რადგან იგი საკმაოდ ცივია. ისეთივე ცივი, როგორც ბეტონი ან კაფელი.
იმედია, სიმართლის გამხელის შემდეგ, თქვენმა ინტერესმა ეპოქსი იატაკის მიმართ, ძალა არ დაკარგა.
პრაქტიკული დაბრკოლებები ყველგან გვხვდება, თუმცა, მთავარია, ჩვენ საკმარისად გვინდოდეს სასურველი შედეგის მიღება.
როგორ დავამონტაჟოთ სამგანზომილებიანი იატაკი?
პირველ რიგში, რაც უკვე აღვნიშნეთ, ეპოქსის დამონტაჟება არ შეიძლება მივანდოთ დილეტანტს. მსგავს შემთხვევაში, ჩვენი საყვარელი იატაკი რამდენიმე დღეში შპალერივით აიხევა.
თუმცა, თუ თქვენ გაქვთ გარკვეული გამოცდილება მსგავს საკითხებში, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ეპოქსის დამოუკიდებლად დამონტაჟებაში:
1.კარგად შეამოწმეთ ფირფიტების სიმშრალე. ნესტიანობის შემთხვევაში, მისი დამონტაჟება ბევრად გართულდება. ამავდროულად, შესაძლოა წარმოიქმნას ე.წ ჰაერის ბუშტები ფირფიტებს შიგნით.
2.სანამ ფენების დადებას შეუდგებით, აუცილებელია იატაკის ზედაპირი კარგად გააპრიალოთ და გაასუფთავოთ. იგი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად გლუვი და სწორი. ამოავსეთ ნაპრალები და გაანადგურეთ ზედმეტი ამობერილი ნაწილები.
3.მტვერსასრუტით ხელში ოსტატურად დაუარეთ მიმდებარე გარემოს, რომ იატაკის დაგებისას ზედმეტი მტვერი არ ჩაგყვეთ.
4.შეამოწმეთ ჰაერის ტენიანობა. იგი არ უნდა აღემატებოდეს 4%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეპოქსი მალევე აძვრება და მთელი შრომა წყალში იქნება ჩაყრილი.
5.წაუსვით ეპოქსი პრაიმერი, ანუ პირველი ფენა, რომელზეც სხვა ფირფიტები დაემაგრება.
6.დაადეთ შემდეგი ფენა პრაიმერს, რომელზეც უშუალოდ გამოსახულება იქნება აღბეჭდილი. აქ აუცილებელია საოცარი სიზუსტე და სიფრთხილე, რომ იგი კარგად მიებჯინოს საფუძველს, არ გაიკეთოს ნაკეცები და არ ჩაიტოვოს ჰაერი.
7.შემდეგი ეტაპი 2 ფენა პოლიურეთანის დამაგრებაა. ეს ფენები მოგვცემს სივრცის ილუზიას და ასევე წარმოადგენს ეპოქსის დამცავ ფენას. რა თქმა უნდა, ყველა ფენის დამაგრებისას უნდა გავითვალისწინოთ ზემოთ ნათქვამი გაფრთხილება მტვერსა და ჭუჭყზე, თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ არ ჩაყვეს თმა.
8.და ბოლოს, თუ აუცილებელი იქნება, დაადეთ ზედა დამატებითი დამცავი ფენა.
ახლა, როდესაც მეტი ცოდნა გაგვაჩნია ეპოქსის შესახებ, ვიცით მისი დადებითი ეფექტები და უარყოფითი მხარეები, შეგვიძლია ბევრი რამის გათვალისწინება, სანამ უშუალოდ გადავწყვეტდეთ ეპოქსის დაინსტალირებას საკუთარ სახლში.
მაგრამ, დეტალებში რომ გავერკვიოთ….
მაინც რა დაჯდება ეს შესანიშნავი სანახაობა ინტერიერში?
მთლიანობაში სამგანზომილებიანი იატაკის დამონტაჟებას, მაქსიმუმ 7 დღე მიაქვს.
მისი სრული ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის არსებული იატაკის თავისებურებებზე, სივრცის ზომასა და ფორმის სტრუქტურაზე. ასევე, რაც უფრო რთული გამოსახულებაა საჭირო, მით უფრო მეტ ხარჯს ითხოვს ეპოქსიც.
საშუალოდ, ეპოქსის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე არის $10-დან $20-მდე.
რომ შევაჯამოთ, სამგანზომილებიანი იატაკი საკმაოდ შთამბეჭდავი და სასიამოვნო ნაწილია ჩვენი ინტერიერისთვის.
ბევრი პრაქტიკული წინაღობის მიუხედავად, თუ ყურადღებით მოვეკიდებით საქმეს, მისით ოთახის დიზაინის გალამაზება არც ისე რთული საქმეა.
მაშ ასე, დროა დააწყოთ სამომავლო დიადი გეგმები თქვენი სამფლობელოს სრულყოფისთვის.
დროებით!
წინა ბლოგი – ექსპერიმენტული არქიტექტურა – „რა სჭირთ ამ შენობებს?“